ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, რომელიც 10 აგვისტოს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თავს უდანაშაულოდ თვლის და აპირებს გააკეთოს ყველაფერი სიმართლის დასამტკიცებლად.
ცნობილ მეცნიერს ისევე, როგორც მასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე პირს, ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პოლიციელებზე თავდასხმა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა. პარლამენტის შტურმის მცდელობაზე სისხლის სამართლის კოდექსში არაფერი წერია.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შსს „ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“. 225-ე მუხლი გულისხმობს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას“. 315-ე მუხლი კი - „შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“. ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია 19 პირი, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილი და ბრალდებულია პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია.
ბეჟან ლორთქიფანიძე იხსენებს 20 ივნისის დღეს და რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ხილვის გამო პროტესტის გრძნობას:
„ეს ჟესტი ნიშნავდა ფაქტობრივ ოკუპაციას. ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობას, ადამიანი, რომელიც განიხილავს საქართველოს როგორც რუსეთის იმპერიის კოლონიას, აღმოჩნდა ჩვენს პარლამენტში და იქიდან მოგვმართავდა.
ძირითადი ჩემი მოტივაცია, რომ გამოსვულიყავი და გამომეხატა პროტესტი, იყო გავრილოვის ჩამოსვლა, მისი პარლამენტში შესვლა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის ადგილას დაჯდომა“.
როგორც „დილის საუბრებში“ ყვება, აქციაზე გარკვეული ხანი დაჰყო, ჩათვალა, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და დატოვა რუსთაველის გამზირი:
„იქვე ახლოს ვიმყოფებოდი, როცა ტელევიზორში ვნახე, რომ დაიწყო სროლა. აი, აქ უკვე თავს ვეღარ მივეცი უფლება დავრჩენილიყავი უსაფრთხოდ. იქ ხალხს დახმარება სჭირდებოდა. გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი. რამდენჯერმე მოვიწამლე კიდეც და მერე, როცა სროლა ატყდა, ავიღე ფარი, რომ დამეცვა თავი და შევეცადე პროტესტის გამომხატველი ხალხი დამეცვა. ასე აღმოვჩნდი იმ ადგილას, რომელიც კამერებს აქვს დაფიქსირებული. დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით ასე ფარით. ამ დროს ისროდნენ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს. მიუხედავად ამისა, ვიდექით წყნარად.
შემდეგ ბევრი გულანთებული ახალგაზრდა ფარების იქით გადიოდა და აწყნარებდა ხალხს. მოწოდება იყო სიმშვიდისკენ. უნდა გითხრათ, რომ პოლიციის მხრიდან არ იყო არც ერთი მოწოდება.
იმ დროს, როცა ეს ბიჭები გადიან, ხელებს წევენ და ზურგით დგებიან პოლიციელების კორდონისკენ, ამ დროს უცნობი ხალხი ათრევს მათ კორდონის იქით. არაფორმიანი ხალხი.
ჯერ ერთი კაცი შეითრიეს, მერე მეორე, მესამეზე უკვე შევეცადეთ გამოგვეყვანა ადამიანი. სწორედ ამ დროს მივაჯახე ფარი ფარს. მერე ისეთი ოდენობის გაზი გაუშვეს, გაჩერება შეუძლებელი იყო. ვცდილობდი ფარი არ დამვარდნოდა, რადგან ტყვიების წვიმა წამოვიდა. მანამდე შუბლში მომხვდა ერთი ტყვია, ალბათ პატარა რეზინის “კარტეჩი“ იყო. დიდი ტყვია რომ მომხვედროდა, ალბათ აქ ვერ ვილაპარაკებდი, რადგან ძალიან ახლოს იდგა ადამიანი, რომელიც ისროდა ტყვიებს.
მოწამლულებმა დავიხიეთ უკან. ვცდილობდი ფარი არ გამვარდნოდა, რომ მეტი ზიანი არ მიმეღო. შემდეგ ვიღაც უცხოები დამეხმარნენ, რჩევებს მაძლევდნენ როგორ მოვქცეულიყავი, რომ გაზით მოწამლვას გაევლო“.
ბეჟან ლორთქიფანიძე ამ ამბიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 25 ივლისს დააკავეს:
„სახლში დამაკავეს. გამომძიებელიც და ყველა ძალიან ზრდილობიანად იქცეოდნენ. უხერხული იყო, როცა კამერები მომიშვირეს და დამიწყეს გადაღება. ჩაიკითხეს ჩემი უფლებამოვალეობები, პირადი ჩხრეკის ოქმიც გამაცნეს. შემდეგ ვთხოვე გაეფრთხილებინათ ჩემი ახლობლები.
ძალიან კარგი იყო, რომ ამას არ დაესწრნენ ჩემი ოჯახის წევრები. გადამიყვანეს და გამოვიყენე დუმილის უფლება, სანამ ადვოკატი მეყოლებოდა. ძალიან კორექტულად იქცეოდნენ და არაფერი მეთქმის ამ კუთხით, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვი სასამართლოზე რაც მოხდა“.
რის დადგენას ცდილობდა სასამართლო?
„ჩემი შთაბეჭდილებით, სასამართლო არაფრის დადგენას არ ცდილობდა. სრულიად გაიზიარა ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი“.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი ბრალდებულის ადვოკატების არგუმენტები, რომ რომელიმე ბრალდებულისთვის მაინც წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობაში დაეჭვებულიყო.
მოსამართლისთვის სარწმუნო აღმოჩნდა ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისთვის საშიში იყო, შეეძლო ზემოქმედების მოხდენა დაზარალებულებზე და თვითმხილველებზე, რომლებიც არ დასახელებულან. და კიდევ, პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა საშიშროება, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე ქვეყნის დატოვებასა და მიმალვას შეეცდებოდა, რადგან მანამდე ხშირად მოგზაურობდა:
„სულ სხვადასხვა ადამიანი ვიჯექით ბრალდებულის სკამზე, ერთმანეთს არ ვიცნობდით, თუმცა, ყველაფერი ერთნაირი იყო ბრალდების ნაწილში. საკმაოდ მძიმე მუხლი წაგვიყენეს - 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“.
ბეჟან ლორთქიფანიძე აპირებს ბრძოლას უდანაშაულობის დასამტკიცებლად. სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს არის ჩანიშნული.
Your browser doesn’t support HTML5