მიუხედავად ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობსო, საპირისპიროზე მეტყველებს სადამკვირვებლო პროექტ „ბელარუსკი გაიუნის“ მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ კვლავ გრძელდება დაქირავებული ჯარისკაცების გადასროლა ბელარუსის ტერიტორიაზე.
პროექტ „ბელარუსკი გაიუნის“ ცნობით, 18 ივლისს „ვაგნერის“ პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ორი დიდი კოლონა შევიდა ბელარუსში და ნომერ მე-5 ტრასით ბობრუისკის გავლით მოგილიოვის ოლქში მდებარე დაბა ცელისკენ გაემართა.
სწორედ ამ დაბაში, მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ივლისის დასაწყისში სასწრაფოდ გაშალეს კარვების ქალაქი სწორედ „ვაგნერის“ მებრძოლებისათვის, რომლებსაც არშემდგარი პუტჩის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მეზობელ ბელარუსში წასვლის საშუალება მისცა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ადრინდელი ცნობით, რუსეთიდან ჩასული „ვაგნერელები“ ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების წვრთნის პროცესში ინსტრუქტორებად მონაწილეობენ.
„ვაგნერელთა“ კოლონამ შეუფერხებლად გაიარა რუსეთ-ბელარუსის საზღვარი
„ვაგნერელთა“ პირველი კოლონა, რომელიც 18 ივლისს დაფიქსირდა ბელარუსში, სხვადასხვა მოდიფიკაციის 80-მდე ავტომობილისგან: 18 მიკროავტობუსის, „უაზ“-ის მარკის 20 „პიკაპის“ და 20 მიკროავტობუსის, რამდენიმე დაბურულმინებიანი „ურალისა“ და „კამაზისგან“ შედგებოდა.
ტექნიკა ბელარუსის ტერიტორიაზე ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ნომრებით М5 ტრასით მოძრაობდა.
თვითმხილველთა თქმით, ეს იყო 5 კილომეტრის სიგრძის კოლონა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისათვის“ განკუთვნილი ბანაკისკენ მიემართებოდა.
მოგვიანებით, 18 ივლისს, ბელარუსში ევგენი პრიგოჟინის კომპანიის მიერ დაქირავებულთა მორიგი კოლონა ჩავიდა.
იმავე სადამკვირვებლო პროექტ „ბელარუსკი გაიუნის“ დაკვირვებით, მეორე კოლონა წინამორბედზე უფრო მეტ - 90-დან 100-მდე ერთეულ ტექნიკას ითვლიდა. კოლონამ შეუფერხებლად გაიარა რუსეთ-ბელარუსის სასაზღვრო პუნქტი დუბავიჩკო და Р43 და М5 ტრასებით ოსიპოვიჩისკენ აიღო გეზი.
18 ივლისს მინსკის დროით 16:54 საათზე М5 ტრასით გაემგზავრა დაბა ცელისკენ, სადაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკი მდებარეობს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ადგილზე დათვალეს 300 კარავი, რომელშიც 20-დან 50 კაცამდე თავსდება. თავისი ზომით ცელში განთავსებული ბანაკი აღემატება ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ სხვა საველე ქალაქებს, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მობილიზებულ რუს მოქალაქეებს წვრთნიან.
ბელარუსის არმიას ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“
ბელარუსის სამხედრო უწყების ცნობით, ცელში მყოფი „ვაგნერის“ მებრძოლები თავის საბრძოლო გამოცდილებას უზიარებენ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებს, რომლებიც ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე პოლიგონზე ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, საინჟინრო ორგანიზებასა და საველე მედიცინას სწავლობენ.
ქალაქი ოსიპოვიჩი უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გამოცემა „ვერსტკის“ ცნობით, 23-24 ივნისის არშემდგარი სამხედრო ამბოხის შემდეგ „ვაგნერის“ მებრძოლების ნაწილი, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის შეთანხმებით ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა.
ივნისის ბოლოს პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა თავად ლუკაშენკამ დაადასტურა.
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფა-ცხოვრების საფასური თავად დაქირავებულებს უნდა გადაეხადათ. ბელარუსის ხელისუფლება კი მზად იყო, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ დასაბინავებლად გამოეყო მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სადაც კარვები გაიშლებოდა.
პროექტ „ბელარუსი გაიუნის“ თანახმად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ კოლონების ბელარუსში გადასროლა 11 ივლისს დაიწყო, მანამდე ბელარუსში ჩასულ „ვაგნერელთა“ რაოდენობა 200 კაცს არ აღემატებოდა.
11 ივლისიდან დაახლოებით 400-420 მანქანით ბელარუსში „ვაგნერის“ არანაკლებ ექვსი ქვედანაყოფი ჩავიდა.
18 ივლისს ჩასული ორი დიდი კოლონის ჩათვლით, „ბელარუსკი გაიუნის“, გამოთვლით, ბელარუსში საერთო ჯამში დაახლოებით 2000-2500 „ვაგნერელი“ უნდა იმყოფებოდეს.
მინსკს არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის „ვაგნერელია“ ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე და ვინ იხდის კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლთა ყოფა-ცხოვრების საფასურს.
მაგრამ ბელარუსის ხელისუფლება საკმაოდ მაღალი აზრისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა თქვა, ბელარუსის არმიას ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდაო“.
ასევე ნახეთ რა მიზნით ქმნის ლუკაშენკა „სახალხო ლაშქარს“?„ის რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი“
18 ივლისს ბელარუსში „ვაგნერის“ ახალი ორი დიდი კოლონის შესვლამ შეაშფოთა ბელარუსის მეზობელი პოლონეთი.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშაკის თანახმად, 18 ივლისს ვარშავამ ბელარუსის საზღვრის მახლობლად კოლნოსა და ბიალა-პოდლიასკეში, მე-12 და მე-17 სამხედრო ბრიგადები გადაისროლა. ამერიკულ მედიასთან საუბარში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ეს ნაბიჯი სწორედ „ვაგნერის“ ბელარუსში გადასროლას დაუკავშირა.
ასევე ნახეთ "ვაგნერი" გეგმავს ბელარუსში შექმნას "მსოფლიოს მეორე არმია"ბელარუსში „ვაგნერის“ მორიგი კოლონების გამოჩენას დააემთხვა თავად კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელის საჯარო გამოჩენაც.
„ვაგნერთან“ დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს „ვაგნერის“ ხელმძღვანელების, ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლას მეომრების წინაშე.
ჩანაწერში პრიგოჟინი და უტკინი აცხადებენ, რომ „ვაგნერელები“ დროებით ამ ქვეყანაში დარჩებიან, შემდეგ კი აფრიკაში და, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე დაბრუნდებიან.
ამ პერიოდში ისინი ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან აპირებენ შექმნან „მსოფლიოს მეორე არმია“ და აცხადებენ, რომ რაიმე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარეს იბრძოლებენ.
პრიგოჟინმა ისევ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედებები.
„ის, რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც საჭირო არ არის“, - თქვა მან.
ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ბელარუსშია გაკეთებული, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი.