ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „ლიტერატურა და მუსიკა“ გთავაზობთ საუბარს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის პირველი მესამედის გიგანტებზე ლიტერატურასა და მუსიკაში, იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე. მართალია, 2003 წელს ZDF-ის მიერ ჩატარებულ გადაცემა-გამოკვლევაში Unsere Besten ყველა დროის საუკეთესო გერმანელებში გოეთემ მეექვსე და ბეთჰოვენმა მხოლოდ მეთორმეტე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ამ საკითხზე გერმანელებისგან აშკარად განსხვავებული მოსაზრება აქვს, განსაკუთრებით, ბეთჰოვენის საკითხში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ორ უდიდეს გერმანელ გენიას ერთი ქალი, ბეტინა ფონ არნიმი (ელისაბედ ბრენტანო) აერთიანებდა. სწორედ მისი შუამავლობით მოხდა გენიოსების შეხვედრა ბოჰემიის საკურორტო ქალაქ ტეპლიცში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი ტეპლიცე). ეს არ იყო თანასწორი წყვილი: გოეთე ასაკითაც უფროსი იყო, მეტიც იცხოვრა (ბეთჰოვენის სიკვდილის შემდეგ კიდევ 5 წელიწადი), უფრო მდიდარიც იყო და უფრო სახელგანთქმულიც. ბეთჰოვენი მას აღმერთებდა ბავშვობიდანვე. შეხვედრის შემდეგ არც ერთი მხარე არ აღმოჩნდა ერთმანეთით განსაკუთრებით კმაყოფილი: ბეთჰოვენს გოეთე მეტისმეტად კომპრომისული და მიწიერი მოეჩვენა, ხოლო გოეთეს ბეთჰოვენი მეტისმეტად თავისუფალი და კადნიერი. მიუხედავად ყველაფრისა, ბეთჰოვენისთვის გოეთე მაინც კერპად რჩებოდა. ამ მომენტისთვის მას უკვე დაწერილი ჰქონდა გოეთესთან დაკავშირებული თავისი შედევრები, შესანიშნავი „ზაზუნათი“ დაწყებული გენიალური „ეგმონტით“ დამთავრებული. ბეთჰოვენის განსაკუთრებული ოცნება „ფაუსტი“ იყო, მაგრამ ეს დიდი ჩანაფიქრი მან ვერ განახორციელა. რაც შეეხება გოეთეს, რომელმაც შესანიშნავად იცოდა მისი ამ შედევრისადმი ბეთჰოვენის დამოკიდებულება, ეკერმანთან საუბარში „ფაუსტის“ პოტენციურ კომპოზიტორად მხოლოდ მოცარტი დაასახელა.
ბეთჰოვენი და გოეთე
Your browser doesn’t support HTML5
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „ლიტერატურა და მუსიკა“ გთავაზობთ საუბარს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის პირველი მესამედის გიგანტებზე ლიტერატურასა და მუსიკაში, იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე.