ბედიანის პაციენტებს სხვა კლინიკებში გადაანაწილებენ

გამოფენა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერი 2014

სახალხო დამცველის აპარატმა ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ბედიანში გაუსაძლისი პირობებია. იგეგმება პაციენტების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილება.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ბედიანში 2018 წლის მიწურულს იმყოფებოდნენ. „ძალიან მძიმე გარემო“, - ასეთია სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, შეფასება. - „ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია, მაგრამ არის ძალადობა პაციენტებს შორის. გართულებულია სომატური (სხეულთან დაკავშირებული) დაავადებების მკურნალობა, რადგან ბედიანი დასახლებული პუნქტიდან შორსაა. იყო გარდაცვალების შემთხვევებიც“.

ბედიანის ფოტოები სახალხო დამცველის ანგარიშიდან

30 ადამიანია ერთ ოთახში გამომწყვდეული


მონიტორინგის ერთ-ერთი წევრი, გია კაკაჩია, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას „პარტნიორობა სოციალური პასუხისმგებლობისთვის“, ამბობს, რომ ბედიანის პაციენტების 90 პროცენტი, 10 წელზე მეტი ხანია, ფსიქიატრიულში ცხოვრობს:​ „წასასვლელი არსად არა აქვთ. ახლობლებმა ბინები გაუქირავეს და სახელმწიფო ვერაფერს შვრება, სოციალური მუშაკები არ ერევიან. ერთადერთი ნათელი წერტილი აქვთ „პრაგულკა“. ერთ პატარა ოთახში 30 ადამიანია გამომწყვდეული, პირადი ნივთებიდან გააჩნიათ მხოლოდ ჭიქა და ბოთლი წყლისთვის“.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბედიანში იყო პაციენტებისადმი უდიერი დამოკიდებულების შემთხვევები. ფსიქიატრი მანანა შარაშიძე ამის ერთ-ერთ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს.

„ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციის შტატი ძალიან გაბერილია. ამის გამოიმ ექიმებამდე, რომლებსაც უშუალოდ პაციენტებთან აქვთ შეხება, თანხა ნაკლებად მიდის. სანიტრებს კიდევ უფრო ნაკლებს უხდიან. სანიტრების ანაზღაურება ხშირად ისეთი მწირია, რომ სანიტრებად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც სხვა დაწესებულებებიდან გამოყარეს, არავინ ასაქმებს და რაღაც პრობლემები აქვთ. ამიტომ ხდებიან დაუნდობლები“, - ამბობს მანანა შარაშიძე.

ექსპერტები იხრებიან ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციალიზაციისკენ, რასაც მეტი სათემო ორგანიზაცია, ოჯახური გარემო და სარეაბილიტაციო რესურს-ცენტრები სჭირდება. არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ამჯერად სტაციონარულ კლინიკებში პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არის მოთავსებული, რომ სხვაგან ცხოვრების შესაძლებლობა არა აქვს. ამის გამო კლინიკები ვერ იღებენ ახალ პაციენტებს, რომელთაც მართლაც სჭირდებათ მკურნალობა.

აქტივისტი ოლგა კალინა, რომელსაც პარანოიდური შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და სტიგმის დასაძლევად იბრძვის, ამბობს, რომ სტიგმის გადასალახად ყველაზე კარგიახალხმა დიაგნოზის მქონე პირები ჩვეულებრივ გარემოში იხილოს: „და არა ინსტიტუციებში და ჭუჭყიან ტანსაცმელში. ამისთვის საჭიროა რამე სოციალური პლატფორმა, ჩვენთან კი მხოლოდ სამი სარეაბილიტაციო ცენტრია“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბედიანის პაციენტები წლის ბოლომდე სხვადასხვა ინსტიტუციებში გადანაწილდებიან, მათ შორის ქუტირსა და ბათუმში. მისივე თქმით, სამინისტრო რეგიონებში ახალი გრძელვადიანი მოვლის საცხოვრისების აშენებას გეგმავს, აპირებს, ასევე, პირობების გაუმჯობესებას თბილისში.