თებერვლის დასაწყისში, "ორბიმ" ბახმაროს მომავალი კომპლექსის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და ჯერ აუშენებელ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო.
კომპანიამ თქვა, რომ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის ასაშენებლად. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ სახელმწიფომ კომპანიას 4,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. "ორბი" აცხადებს, ბახმაროში სულ 10 ჰექტარ მიწას ფლობს.
მომავალი შენობის პირველი ფოტოების გასაჯაროებას საზოგადოების ერთ ნაწილში პროტესტი მოჰყვა. მათი აზრით, ბეტონის ამ მასშტაბის კომპლექსის გაჩენა კურორტის ტერიტორიაზე, ბახმაროს იდეას მოკლავს, კურორტს კი დაუკარგავს იმ მიმზიდველობას, რისთვისაც ჩადიან იქ ქართველი და უცხოელი ტურისტები.
მეორე ნაწილმა ამ პროექტში მომავლის აყვავებული ბახმარო დაინახა და იმედი გაუჩნდა, რომ მისი აშენების შემდეგ, ბახმაროელების ყველა აქამდე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება - გზა, კანალიზაცია, წყალი, დასაქმება. რომ ყველა ბახმაროელი ამ სიკეთეებით ისარგებლებს - თან მხოლოდ ერთ სეზონზე, ზაფხულში კი არა, წელიწადის ოთხივე დროს.
რადიო თავისუფლებამ ამ პროცესზე დაკვირვება სწორედ იმ დღიდან დაიწყო, როცა კომპანია „ორბიმ“ ბახმაროს კომპლექსში ბინების გაყიდვა გამოაცხადა. ბახმაროშიც ჩავედით, ის ადგილი რომ გვენახა, სადაც ამ კურორტის ცნობილი, ფერადსახურავიანი კოტეჯების გვერდით, 350-ნომრიანი, წელიწადში 300 000 სტუმარზე გათვლილი სასტუმროს ტიპის კომპლექსი უნდა აშენდეს.
ადგილობრივების აზრიც გვაინტერესებდა: რა იციან ამ პროექტზე? ვინმე მათი აზრით დაინტერესდა თუ არა? წინასწარ თუ გააცნეს მათ გეგმები?
ბახმარო თოვლში - რა ხდება ახლა 2000 მეტრის სიმაღლეზე
ზამთარში ბახმაროში მარტივად ვერ ახვალ.
გზა თოვლითაა დაფარული - მაღალი გამავლობის მანქანით მხოლოდ სოფელ ჩხაკაურამდე მისვლას შეძლებ, იქიდან კი გზა მხოლოდ სპეცტექნიკით უნდა გააგრძელო, რომ 2050 მეტრის სიმაღლის კურორტამდე მიაღწიო.
ამ გზის გავლას ახლა დაახლოებით საათ-ნახევარი სჭირდება.
ნელ-ნელა სიმაღლე მატულობს. იზრდება თოვლის საფარიც. ბოლოს ბახმაროს პირველი სახურავები და კურორტის თოვლში ბოლომდე ჩაფლული აბრაც გამოჩნდა.
მერე კი ის ადგილიც დავინახეთ, სადაც „ორბი“ თავისი „მრავალფუნქციური კომპლექსის“ აშენებას გეგმავს - ეს ადგილი თითქმის მთელ ბახმაროს გადაჰყურებს.
აქაურობას გარშემო პატარა კოტეჯები აკრავს, უკან კი დათოვლილი ნაძვნარის ტყეა.
ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ იქნება ეს ადგილი, თუ იქ „ორბის“კომპლექსი აშენდება - ბახმაროში ყველაფერი პატარა ზომისაა. თავად ბახმაროც პატარაა. მხოლოდ გარსშემორტყმული მთებია დიდი.
კურორტი, რომელსაც ეს სტატუსი 1923 წლიდან აქვს, წელიწადის ამ დროს თითქმის ცარიელია. სახლები დაკეტილია. თოვლის საფარი ახლა სამ მეტრს აღწევს, ზოგან მეტსაც. სადაც გაკვალული არ არის, წელამდე ეფლობი. ერთ-ერთი სახლის თოვლიან სახურავზე მოვექეცით - აქედან მთელი კურორტი ხელისგულზე ჩანს.
დროდადრო ექსტრემალური სრიალის მოყვარულები გვხვდებიან, თხილამურებით. ბახმაროს წელიწადის ამ დროს რამდენიმე ათეული ასეთი ტურისტი სტუმრობს.
- საიდან ხართ? - მოთხილამურეებს ვეკითხებით.
- შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, - გვპასუხობენ.
- მოგწონთ აქ?
- ძალიან. აქ ყველაფერი ხელშეუხებელია.
დროდადრო ბახმაროს სიჩუმეს თოვლმავლის ხმა არღვევს. ან კანტიკუნტად ჩავლილი გამვლელის ფეხის ხმა და სადღაც შორს - ძაღლის ყეფა.
ბახმაროში გურიის განათლებისა და კულტურის განვითარების ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, თორნიკე ანთიძესთან ერთად ავედით, რომელსაც ყველა ზაფხული ბახმაროში აქვს გატარებული. მისი სახლიდან, რომელიც კურორტის ყველაზე ძველ ნაწილში დგას (ეს ხედი ყველაზე ხშირად ხვდება ხოლმე ბახმაროს პოპულარულ ფოტოებში), მთელი ბახმარო მოჩანს.
„ეს აქაური სახლების მთავარი ღირსებაა - ყველას უნდა ჰქონდეს თავისი გაშლილი ხედი“.
მისი სახლის ფანჯრებიდან ის ტერიტორიაც ჩანს, სადაც „ორბი ბახმარო“ უნდა აშენდეს.
თორნიკესთვის ბახმარო არ არის მხოლოდ კურორტი, ბახმარო სახლია, რომელსაც არასოდეს ჰქონია ღობე. მისი ოჯახის, მეგობრების, ნათესავების ჯადოსნური თავშეყრის ადგილი.
მეუბნება, რომ ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარების მოწინააღმდეგე არ არის. არც იმას უარყოფს, რომ იქაურობას დღეს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს, მაგრამ ვერავინ დააჯერებს, რომ ამას სწორედ „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის აშენება მოაგვარებს.
„ჩვენ უკვე მაქსიმალურად დავუშავეთ ბახმაროს. ეყოფა. მეტს ის ვერ აიტანს და განადგურდება, - ამბობს თორნიკე ანთიძე, - აი, ნახეთ, არცერთი ძველი სახლი აქ ისე არ დგას, რომ ერთმანეთს ხედი დაუფაროს. ყველა სახლს მზე ადგება. აივანზე რომ გახვალ და ფანჯრიდან გაიხედავ, გაშლილი სივრცე უნდა დაინახო, ეს არის ბახმაროს სავიზიტო ბარათი - ახლა კი დიდი საფრთხეა, რომ ეს შეიცვალოს“.
Your browser doesn’t support HTML5
თორნიკე იხსენებს, რომ ბახმაროელებმა რამდენჯერმე სცადეს საკუთარი ძალებით მოეგვარებინათ იქ გზის, წყლის, კანალიზაციის პრობლემები და ამისთვის ფულიც შეეგროვებინათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვიდათ.
კურორტზე ორი კვირით დასასვენებლად ჩასული ადამიანები როგორღაც ახერხებენ „სეზონის გადაგორებას“, მათი წასვლის შემდეგ კი ბახმარო თავის პრობლემებთან რჩება:
„ხანდახან მგონია, რომ ბახმაროში ვითარება განგებ დამძიმდა, რომ იქ ყოფნა ისეთი აუტანელი გამხდარიყო, რომ თუ ვინმე რამეს შემოგვთავაზებდა ამ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, როგორც ახლა „ორბი“ აკეთებს, ეს ჩვენთვის მალამოსათვის ყოფილიყო... შარშან ბახმაროში გზას აგებდნენ და ისეთი ბუღი იდგა, ძლივს ვსუნთქავდით, გზის დაგებამ ეს გამოიწვია და ამხელა ბეტონის სასტუმროს მშენებლობა რას იზამს? - გვეუბნება თორნიკე ანთიძე, რომელიც შიშობს, რომ თუ ეს კომპლექსი ბახმაროში მართლაც აშენდა, იმავეს გამეორებას ხვალ სხვა ინვესტორიც მოინდომებს და ბახმაროსაც „ბაკურიანიზაცია და გუდაურიზაცია“ დაემუქრება.
„იცით, ყველაზე მეტად რა მაშინებს? მასშტაბი. საიდან მოვიდა ეს მასშტაბი ბახმაროში? თან ჩვენ უკვე გვაქვს „ორბის“ მიერ აშენებული კორპუსების მაგალითები ბათუმში. არ ვიცი, შეიძლება ისინი ვინმეს მოსწონს კიდეც, მაგრამ ფაქტია, რა დაემართა ამ ქალაქს: მას აღარ აქვს არც ხედი, არც ძველებური ჰაერი და აღარც თავისი ხასიათი, რის გამოც იქ ჩასვლა ყველას გვიხაროდა. არ მინდა, რომ ბახმაროშიც იგივე განმეორდეს“.
ბახმაროში ჩასვლამდე ინტერვიუზე შევუთანხმდით კურორტ ბახმაროს ყოფილ დირექტორს, დავით საჯაიას. ის კარგად იცნობს კურორტის სპეციფიკას და თან, კომპლექსის აშენების მომხრეა. ფეისბუკზე მან ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, თუ რატომ არის ეს პროექტი ხსნა ბახმაროსთვის.
თუმცა ბახმაროში დავით საჯაია შეხვედრაზე არ მოვიდა - ჯერ ტელეფონი ჰქონდა გამორთული, შემდეგ კი, როცა დაკავშირება შევძელით, გვითხრა, რომ „ბურანი გაუფუჭდა“ და უკან ჩოხატაურში ბრუნდებოდა.
ვთხოვეთ, ჩოხატაურში შევხვდეთ, თუმცა ამაზეც უარი გვითხრა.
მანამდე, კიდევ ერთმა რესპონდენტმა თქვა ინტერვიუზე მოულოდნელი უარი, ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა, მერე კი, გვითხრა: „არ მაქვს პრობლემების თავიო“ და ტელეფონი გამორთო.
ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე ღიად აზრის გამოხატვის მსურველების მოძებნა ჩოხატაურში ადვილი არ აღმოჩნდა. ჩვენ ბახმაროს პროექტის მომხრეების აზრიც გვაინტერესებდა და მოწინააღმდეგეებისაც. ვეძებდით ისეთ ადამიანებსაც, ვისაც „ორბი“ შეხვდა და პროექტის გასაჯაროებამდე დაელაპარაკა, გააცნო, რას აპირებდა და მათი აზრიც მოისმინა.
მართალია, „ორბის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მათ არაერთი სოფელი მოიარეს, ხალხსაც შეხვდნენ და აზრიც ჰკითხეს, ჩვენ ასეთი ადამიანების პოვნა გაგვიჭირდა.
„არცერთ ბახმაროელს, ვისაც მე ვიცნობ და თითქმის ყველას ვიცნობ, ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ასეთი შეხვედრა რომ ჩატარებულიყო, ჩვენთვისაც უნდა დაეძახათ და ეს ამბავი არ გამომეპარებოდა“, - გეუბნება თორნიკე ანთიძე.
მისი აზრით, დეველოპერულმა კომპანიამ - „ორბი“, სასტუმროს პირველი ფოტოების გამოქვეყნება ზამთარს სპეციალურად დაამთხვია - სანამ თოვლი დადნება და ბახმაროს გზა გაიხსნება, მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, საპროტესტო მუხტი კი მინელდება.
კომპლექსის აშენების მოწინააღმდეგეები გაჩერებას არ აპირებენ. მათ შორის, არც თაზო ჩხიკვაძე, არც ნონა ჩხიკვიშვილი. მათ ჩვენ ჩოხატაურში შევხვდით.
თაზო ჩხიკვაძეს ბახმაროში ყველა იცნობს - ის, ბახმარო და მისი ცხენი განუყოფლები არიან. 23 წლისაა და ბახმაროს გარეშე თავი არ ახსოვს. ამბობს, ვინც იქ მოდის, ასე მგონია, ყველა ჩემი სტუმარიაო.
„არც ბახმაროს განვითარებას ვუყურებ ცუდად. უბრალოდ, მინდა, რომ ეს ადგილი ჩემს შვილებს და შვილიშვილებსაც ისეთი უყვარდეთ, როგორი უნიკალურიც არის და არა სტანდარტული, განადგურებული და დამახინჯებული... ბახმაროს ხშირად შვეიცარიას ადარებენ ხოლმე, მე კი ჩვენთან ჩამოსულ შვეიცარიელებს როცა ვხვდები, ამბობენ, რომ აქ იმას ეძებენ, რაც შვეიცარიამ უკვე დაკარგა“.
ბახმაროშია გაზრდილი ჩოხატაურელი ნონა ჩხიკვიშვილი. ის ფიქრობს, რომ ბახმაროს, როგორც კურორტის არსი და ხასიათი დეველოპერებს ნაკლებად აინტერესებთ.
Your browser doesn’t support HTML5
ყველაზე მეტად კი ის აბრაზებს, რომ, მისი აზრით, „ორბი“ ბახმაროს პროექტს ქველმოქმედებად ფუთავს, საერთო სიკეთედ, და ხალხი მადლობელი უნდა იყოს.
„ამბობენ, აი, გზა რომ გაიხსნება, ზამთარშიც შეძლებთ ასვლას. აი, წყალი სულ იქნება. მაგ დროს სულ მეფიქრება - ჩვენ, ვისაც იქ სახლი გვაქვს, ახლა რატომ არ შეიძლება გვქონდეს ამის შესაძლებლობა? მაინცდამაინც „ორბიმ“ უნდა ააშენოს დიდი სასტუმრო, რომ გზა გაჩნდეს? ან მას რატომ უნდა ევალებოდეს დასაქმების პრობლემის მოგვარება გურიაში? მე მგონია, რომ ხალხს ამ პროექტიდან მხოლოდ ნარჩენები შერჩება ხელში“.
ჩოხატაურში შევხვდით ადგილობრივ გრიშა მახარაძესაც, რომელიც ბახმაროში წლების განმავლობაში მუშაობდა მეტეოროლოგად. ახლაც, გამოზაფხულდება თუ არა, სულ იქ არის.
თავის კოტეჯს აქირავებს და ბახმარო მასაც განსაკუთრებულად უყვარს. თუმცა გრიშა მახარაძეს, ნონასა და თაზოსგან განსხვავებით, იმედი აქვს, რომ თუ გზა გაიხსნება, წყლის და კანალიზაციის პრობლემა გადაიჭრება, „ერთი სასტუმრო ბახმაროს არაფერს დაუშავებს“.
„მგონი, კაი უნდა იყოს ეგ ხალხისთვის და ბახმაროსთვის. ცუდი იქნება-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუმცა, კი მეფიქრება, სამასი ათასი ტურისტი როგორ დაეტევა? ეგ აღარ ვიცი“.
ორბის“ გეგმები - კომპანიის ვერსია
„ორბი რეზიდენსი“ ბახმაროს პროექტს „კურორტის განვითარების ლოკომოტივს“ ეძახის, სადაც სამუშაო ადგილებს შექმნის: „ათასამდე ადგილობრივს გადაამზადებს და დაასაქმებს“.
კომპანია ხშირად იმეორებს, რომ ის „სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს“ და „ერთი სანტიმეტრითაც კი არ სცდება მას“.
ბახმაროს განვითარების გენგეგმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ტერიტორიაა გათვალისწინებული ე.წ. „მიზიდულობის ცენტრის“ შესაქმნელად, სადაც იქნება სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი, აუზი, სპაცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორანი, კაფე.
ამ ტერიტორიას ფლობს სწორედ „ორბი“.
კომპანიის ვერსიით, მრავალფუნქციური კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება - მიწის ზემოთ სასტუმრო კომპლექსი ოთხსართულიანი უნდა იყოს.
10 ჰექტარიდან კომპანია შენობებს მხოლოდ მის მერვედზე ააშენებს.
კომპლექსში გაიყიდება „პრემიუმ კლასის“ 350 ნომერი.
მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს.
კურორტი ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს უნდა მოემსახუროს.
მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წელი უნდა გაგრძელდეს და 2025 წლის ბოლომდე დასრულდეს.
27 თებერვალს, „ორბის“ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ კურორტის ვიზუალური ნაწილის მოსაწყობად „მხოლოდ სამთო კურორტებისთვის დადგენილ მასალებს - ხეს და ბუნებრივ ქვას გამოიყენებენ“.
ბახმაროს პროექტზე ბრიტანულმა კომპანია WilkinsonEyre-მა იმუშავა (ის არის „სინგაპურის ბაღების“, ასევე სასტუმრო „ქრაუნ სიდნეის“ პროექტების ავტორი. მათი შესრულებულია პროექტები საფრანგეთისა თუ შვეიცარიის სამთო კურორტებზე. კურშაველში La Tania Courchevel-ის პროექტი, რომელიც 3800 ოთახს მოიცავს. მერიბელის აპარტამენტები, meribel trois vallees, რომელთა სიმაღლე 1500-დან 2952მ-მდეა და 2000 აპარტამენტს აერთიანებს. მათი დაპროექტებულია შვეიცარიაში 224 ნომერზე გათვლილი, Saint-Moritz Kempinski-ს სასტუმრო კომპლექსი, რომლის სიმაღლეც 1822 მეტრია).
პროექტის არქიტექტორია სემ რაითი.
ამ ეტაპზე პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც ჯამურად მოიცავს 4 ჰექტარს.
მე-2 ფაზა ჯერ გასავლელია - „ორბის“ დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ ამ ნაწილში საჯარო განხილვები ჯერ კიდევ წინაა და პროექტით დაინტერესებულ მხარეებს მისი სარგებელი უნდა აუხსნან.
„ორბის“ გენერალურმა დირექტორმა, 27 თებერვალს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ბახმაროში თოვლზვავის საფრთხის შეფასების ანგარიში და სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების კვლევაც მიიტანა.
კვლევა „ორბიმ“ 2023 წლის სექტემბერში შპს „ჯეოენჟინერინგს“ დაუკვეთა - მან კი დაასკვნა, რომ „ამ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის გეოდინამიკური მოვლენები ან მშენებლობისა და ნაგებობის შემდგომი ექსპლოატაციისთვის არახელსაყრელი პროცესები არ ფიქსირდება“.
ზვავის საფრთხეების შეფასება მიანდეს „გეოგრაფიკს“, რომელმაც ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარის გაკეთების შემდეგ დაადგინა, რომ „პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება“.
„ორბი“ ირწმუნება, რომ მშენებლობა არ მიმდინარეობს ზვავსაშიშ ზონაში. ხოლო ტერიტორია, რომელიც ისტორიულად მიიჩნევა ზვავსაშიშ ზონად, კომპანია „ორბის“ ნაკვეთს ესაზღვრება, „თუმცა იქ მრავალი წელია არსებობს შენობა-ნაგებობები და იქ არანაირი სტიქიური პროცესები არ დაფიქსირებულა“.
„ორბი“ ახლა მხოლოდ თოვლის დადნობას ელის, რომ გზა გაიწმინდოს და მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.
ირაკლი კვერღელიძემ გვიპასუხა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, აპრილში დაიწყებენ - ზაფხულში დროებით გაჩერდებიან და სეზონის დახურვის შემდეგ კვლავ გააგრძელებენ მშენებლობას.
ჩვენ მას ისიც ვკითხეთ, საიდან მოხვდება მთაზე სამშენებლო მასალა - მაგალითად, ბეტონის საწარმოს ბახმაროშივე ააშენებენ თუ ჩოხატაურიდან აიტანენ?
„მასალას ბახმაროში ჩოხატაურიდან აიტანენ, რაც მშენებლობას კიდევ უფრო აძვირებს“, - გვიპასუხა მან.
„ორბის“ გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ მას მხოლოდ ბახმაროს სიყვარული და განვითარების სურვილი ამოძრავებს, ფიქრობს, რომ „ბახმაროა ჩოხატაურის ერთადერთი გადამრჩენი“, ხოლო მისი, როგორც დეველოპერის მიზანი, „ბახმაროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კურორტად ქცევაა“.
„100 წელზე მეტია კურორტი ბახმარო არსებობს და ის დღემდე რჩება მოუწესრიგებელ და დასვენებისთვის მოუხერხებელ ადგილად. არადა, ამ კურორტს წელიწადში 300 000 ტურისტის მიღების რესურსი აქვს. მაშინ როცა ევროპაში სამთო კურორტებზე თოვლის სიმცირეა, რატომ არ უნდა შევქმნათ აქ მიზიდულობის ცენტრი, რომ ტურისტებმა წელიწადის ოთხივე სეზონზე იარონ? ეს მოტივაციას გაუჩენს მათაც, ვისაც იქ საზაფხულო კოტეჯები აქვთ, რომ ხელი შეავლონ საკუთარ სახლებს და ოთხივე სეზონზე ისარგებლონ ამ კურორტით“, - ხშირად იმეორებს ირაკლი კვერღელიძე.
როდესაც მას ვკითხეთ, რატომ არ შეიძლებოდა პროექტი ბახმარო ყოფილიყო ბახმაროს ესთეტიკასთან მიახლოებული კოტეჯური ტიპის კომპლექსი და არა ბეტონის მასშტაბური შენობა, პასუხად თქვა:
„იმისთვის, რომ ბახმაროს ლანდშაფტს მინიმალურად შევეხოთ, იქ ცენტრალიზებული სერვისების მქონე ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა გაკეთდეს, ცხადია, გენგეგმის მიერ დადგენილი პარამეტრებით“.
„უზარმაზარი ბეტონის ფარდა“
ბახმაროს პროექტს დეტალების გასაჯაროების დღიდან სწავლობს ორგანიზაცია "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" გუნდი.
მათი შეფასებით, ბახმაროში "ორბის" მასშტაბური კომპლექსის პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეწინააღმდეგება და ის სრულად ამოვარდნილია გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან.
არცერთი პარამეტრით არ ითვალისწინებს ადგილის განწყობას, ხოლო შენობის არქიტექტურა ოდნავაც კი არ არის თანხვედრაში ბახმაროში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ არქიტექტურასთან.
შენობა არც ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს ითვალისწინებს.
ის წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთანაც.
ეს „უზარმაზარი ბეტონის ფარდა“ ჰაერის მასებს ცირკულაციაში ხელს შეუშლის. და საერთოდ, ბახმაროს ბოლომდე გაანადგურებს.
"ურბანული განვითარების ინსტიტუტი" ასევე წერს, რომ ამ პროექტის ავტორი კომპანია, რომელსაც „ორბი“ წარადგენს, როგორც „ტოპ ხუთეულში“ მყოფ არქიტექტურულ კომპანიას, არცერთი წყაროთი და სარეიტინგო პლატფორმით არ არის არც ტოპ ათეულში, არც ტოპ ასეულში, არც ტოპ ათასეულში.
ამის დასტურად კი ორგანიზაციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინგამომცემლობის ბმული მოჰყავს, სადაც ჩამოთვლილია მსოფლიოს 100 უდიდესი არქიტექტურული კომპანია. "ვილკინსონი" მათ შორის არ ჩანს.
"ურბანული განვითრების ინსტიტუტის" სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კომპლექსი აშენდება, ბახმაროს ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, ქსელის მოწყობა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.
სამშენებლო კომპანიის ვალდებულებებში არ შედის ბახმაროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების, ელექტროობის, გაყვანილობების სისტემების მოწყობა, ამ სერვისებით აღჭურვილი და მომარაგებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტი, რომელსაც თვითონ აშენებს და ისიც ძირითად შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯზე.
ამას არც „ორბი“ უარყოფს.
"ურბანული განვითარების ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ კომპლექსი, რომელზეც „ორბი“ ამბობს, რომ სიმაღლეში 12 მეტრია, გაცილებით მაღალია:
„პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შენობის საპროექტო სიმაღლე 19 მეტრია, მიწის ქვემოთ ჩაღრმავება 10,4 მეტრი“.
„ორბის“ განცხადებით, შენობა ოთხსართულიანია - პროექტის მიხედვით კი ჩანს, შენობა 6-სართულიანია.
„სამშენებლო კომპანიის დირექტორი აცხადებს რომ პროექტი ერთი სანტიმეტრითაც არ გადაშორებია დაშვებულ პარამეტრებს, სიმართლე კი ისაა რომ პროექტის პარამეტრები რეალურად 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ის ეკრანიდან ეუბნება ადამიანებს“, - წერს "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" გუნდი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებასთან ვიდეოინტერვიუში ამბობს, რომ ბახმაროს პროექტს სხვა ბევრი ნაკლი აქვს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მისი მასშტაბი და მისი შეუსაბამობაა გარემოსთან:
„საფეხბურთო სტადიონზე დიდი, თითქმის ოლიმპიური სტადიონის ზომის შენობა ჩნდება გარემოში, სადაც არის სრულიად ადამიანური განაშენიანება“.
Your browser doesn’t support HTML5
ანა ბიბილაშვილი შენიშნავს, რომ დიდი ხანია ევროპამაც კი შეცვალა თავისი 50 წლისწინანდელი გამოცდილება. არც შვეიცარიის და არც სხვა ქვეყნების მთის კურორტებზე მაღლივ შენობებს აღარ აშენებენ. პირიქით, ახლა ყველა იმ გარემოს შენარჩუნებას ცდილობს, რაც ტურიზმისთვის უფრო მეტად საინტერესოა:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემურია თავად ბრიტანელი არქიტექტორის პოზიციაც - ბრიტანული კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, როცა საქმე ავთენტურობის დაცვას ეხება და ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელებას ის თავის ქვეყანაში ვერ შეძლებდა. ხოლო საქართველოში, ვერ იპოვით გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ამ პროექტს დადებითად შეაფასებდა“.
ანა ბიბილაშვილი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ პროცესები უნდა დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე. შემდეგ კი გამოცხადდეს ღია კონკურსი ამ ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად.
ჰორიზონტალური კორპუსი ბახმაროში
ბახმაროს კომპლექსის შესახებ არქიტექტორების აზრიც გვაინტერესებდა.
მათ შორის ერთ-ერთმა, დავით ბოსტანაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე „ორბის“ მომავალი შენობა, მისი ხელმისაწვდომი პროექტის მიხედვით მიმოიხილა კიდეც და აჩვენა, რა ჩანს გავრცელებულ სურათებზე და რა შენდება სინამდვილეში ბახმაროში.
არქიტექტორს ვთხოვეთ, საკუთარი დაკვირვება ჩვენთვისაც გაეზიარებინა. მან პირდაპირ თქვა, რომ პირველი, რაც „ორბი ბახმაროს“ მომავალი კომპლექსის ფოტოებზე ჩანს, ეს არის შენობა, რომელიც გათვლილია ამ ტერიტორიიდან მაქსიმალური მოგების ამოღებაზე.
რომ ეს შენობა, რეალურად, არის ჰორიზონტალურად განვითარებული კორპუსი.
ხოლო მისი სტრუქტურა არის ოთახების უსასრულო რაოდენობა, რომელიც დავით ბოსტანაშვილის სიტყვებით, „ზუსტად იმეორებს სპეკულაციური დეველოპმენტის იმ პრინციპებს“, რასაც ჩვეულებრივ კორპუსებში ვხვდებით, დიდ ქალაქებში. ახლა კი ეს მექანიზმი ბუნებაშია გადატანილი.
„რა არის ამ კომპლექსის შინაარსი? უსასრულო დერეფანი, რომლის გასწვრივ კაიუტებივით არის ჩამწკრივებული ოთახები. მე არ მგონია, რომ ეს ცხოვრების ლამაზი წესი იყოს - ორმეტრიან ჩაკეტილ დერეფანში სიარული, სადაც ვერც კი აღიქვამ, რომ ბახმაროში ხარ. ვაღებთ პატარა ოთახს და შევდივართ პატარა კაბინაში, აი, ამას გვთავაზობს ეს შენობა. ფართობს და ფართობამდე მისასვლელ დერეფანს.
ეს არის ყველაზე უფრო ბანალური, პრაგმატული და სასტიკი სისტემა. ასე შეიძლება რომელიღაც გენერალმაც დააპროექტოს ბარაკები, რადგან იქ ერთი ამოცანა აქვს - როგორმე ადამიანის სხეული ეფექტიანად განალაგოს... ეს ფილოსოფია, სხვათა შორის, დევს ამ კომპანიის სხვა პროექტებშიც“.
რაც შეეხება საშენ მასალას. რისგან აშენდება ბახმაროს კომპლექსი? „ორბის“ ძალიან არ მოსწონს სიტყვა ბეტონი და ბოლო პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაუსვეს ხაზი იმას, რომ კომპლექსის მშენებლობაში ხეს და ბუნებრივ ქვას გამოყენებენ.
მაგრამ ეს გარედან, ფასადზე. დავით ბოსტანაშვილი გვეუბნება, რომ დღეს, განსხვავებით წარსულისგან, ყველაფერი და მით უმეტეს ამ მასშტაბის შენობები რკინაბეტონის კონსტრუქციით შენდება.
„ამ ბეტონის კონსტრუქციას კი ცალკე თავისი საძირკველი სჭირდება. თავად ის ზომა, რაც ამ შენობის საძირკველს ექნება, არის გიგანტური, რასაც ადამიანები გამოქვეყნებული რენდერის ფოტოებში უბრალოდ ვერ ხედავენ. ვერ აღიქვამენ იმ მასშტაბს, რაც იქ უნდა მოეწყოს, რომ ასეთმა შენობამ საერთოდ იარსებოს“.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლებასთან ამ ვიდეოინტერვიუში დავით ბოსტანაშვილი გვიზიარებს თავის მოსაზრებას „ორბი ბახმაროს“ კომპლექსზე და ამბობს, რომ ის ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნის, რომელსაც ხვალ აუცილებლად გაიმეორებენ სხვა დეველოპერები.
ჩვენ მასაც ვკითხეთ, მაშინ რა არის გამოსავალი. მით უმეტეს, თუ ბახმაროს განვითარებას ემხრობა ყველა - როგორც „ორბის“ კომპლექსის მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეებიც.
დავით ბოსტანაშვილმა გვითხრა, რომ შეიძლება ჯობდეს, საქართველოს საზოგადოებამ აღიაროს, რომ ის ჯერ არ არის კულტურულად მზად ბახმაროს განვითარებისთვის და ეს იდეა გადადოს იმ დროისთვის, როცა საზოგადოება მხოლოდ გადარჩენაზე არ იქნება ორიენტირებული.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ იქნებ ახლა გავჩერდეთ და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას უფრო სწორი დამოკიდებულება გაუჩნდეს მდგრადი განვითარებისადმი და მართლა მშვენიერ რამედ აქციონ ბახმარო? მესმის, რომ ადამიანებს დღეს აწუხებთ ამ კურორტის ცუდი მდგომარეობა, მაგრამ ეს გამოსწორებადი ცუდია და იმას, რაც ახლა ბახმაროში იგეგმება, ვეღარაფერი გამოასწორებს“.
ბახმაროს გადასარჩენად პეტიციაც შეიქმნა - 5000 ადამიანმა მიიჩნია „ორბის“ კომპლექსი მიუღებლად და მოითხოვა ახალი, გარემოსა და ლანდშაფტთან შესაბამისი პროექტის შექმნა. ჯერჯერობით, კომპანია პროექტის შეცვლას არ აპირებს.