დებატების შემდეგ ბაიდენი დემოკრატების დონორებს არწმუნებს, რომ ტრამპის დამარცხება ისევ შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს დებატებში დაუპირისპირდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების შემდეგ - რამაც პარტიის ნაწილი დააფიქრა ბაიდენის კანდიდატურის ადეკვატურობაზე - დემოკრატიული პარტიის დონორების არწმუნებს, რომ კვლავ შეუძლია არჩევნებში ტრამპის დამარცხება.

81 წლის პრეზიდენტი ბაიდენი შაბათს დემოკრატების საარჩევნო კამპანიისათვის ფულადი სახსრების მოსაძიებლად გამართულ არაერთ ღონისძიებას დაესწრო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

„იდეალური გამოსვლა არ მქონია, მაგრამ არც ტრამპს ჰქონია“, - BBC-ის ცნობით, თქვა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

„გპირდებით, რომ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, - თქვა მან.

ბაიდენის თქმით, მას ესმის ის წუხილი, რაც დებატებს მოჰყვა, მაგრამ პირობა დადო, რომ უფრო მედგრად იბრძოლებს.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორი, დემოკრატი ფილ მერფი ბაიდენთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ბაიდენს უთხრა: „ჩვენ ყველანი 100%-ით თქვენს გვერდით ვართ“.

ჯო ბაიდენისა და მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის პირველი საარჩევნო დებატები 2024 წლის საარჩევნო ციკლისათვის 27 ივნისს გაიმართა.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის ტყუილები და არაზუსტი ნათქვამები მოქმედი პრეზიდენტის ზოგჯერ დაბნეულმა პასუხებმა გადაფარა.

ასევე ნახეთ ბაიდენი vs ტრამპი: რა არ უნდა გამოგრჩეთ დებატებიდან

კანდიდატები - 81 წლის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი - 90 წუთის განმავლობაში ეკამათებოდნენ ერთმანეთს აუდიტორიის გარეშე.

დებატები რთული აღმოჩნდა ჯო ბაიდენისთვის, რომლის ასაკიც ამერიკელი დემოკრატი ამომრჩევლების არცთუ მცირე ნაწილისათვის შეშფოთების საფუძველია.

ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ აღიარა, რომ დებატებს ისე არ ჩაუვლია, როგორც იმედოვნებდნენ, თუმცა განაცხადა, რომ ახალ კანდიდატს არც კი განიხილავენ.

არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერსაა დანიშნული.