ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

ოთხ საათს გაგრძელდა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებული დედა-შვილი და ავსტრალიის მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება პორნოგრაფიული შინაარსის მასალის დამზადებასა და ტრეფიკინგს ედავება. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

13 იანვარს, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ და ბრალდებამ მტკიცებულებების ნაწილი წარადგინეს. ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა, მოსამართლემ დაკავებულთა მიმართ გამოყენებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს, ვინაიდან მხარეებმა სხდომაზე ვრცელი მასალა წარადგინეს, წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაგრძელდება.

საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი აცხადებს, რომ დაკავებულებს წარდგენილი აქვთ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდება და პროკურატურას ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ აქვს. მისი თქმით, საქმეში დევს კონკრეტული ფოტო-ვიდეო მასალები, საბანკო ინფორმაცია და სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა, რომელიც ადასტურებს დაკავებულთა ბრალეულობას.

გასული წლის 5 დეკემბერს დაკავებული 44 წლის ქალის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი ამბობს, დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც, ბრალდებულიცა და ადვოკატიც იმედს იტოვებენ, რომ დადასტურდება ქალის უდანაშაულობა: „ვფიქრობ, რომ არსებითი განხილვის დროს დადგინდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობა. რაც შეეხება შინაარსობრივ დეტალებს, თუ კონკრეტულად რას ედავება მას ბრალდება, ამ ეტაპზე, ვერ ვილაპარაკებ არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ არ უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე“.

დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს ამავე საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეც. მისი ადვოკატი, სალომე კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა წარადგინეს მოცულობითი შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით: „ჩვენს მიერ წარდგენილი მასალა იმდენად მოცულობითია, რომ სწორედ ამის გამო გადაწყდა წინასასამართლო სხდომის 24 იანვარს გაგრძელება“.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში, როდესაც ავსტრალიის მოქალაქე პორნოგრაფიის საქმეზე სხვა, 10 ბრალდებულთან ერთად დააკავეს, პროკურორი მარიამ გოგორელიანი აცხადებდა, რომ ავსტრალიის მოქალაქე ანალოგიური დანაშაულისათვის საკუთარ ქვეყანაშიც იყო ნასამართლევი, თუმცა, ოფიციალური განაჩენი და სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია გამოძიებას, იმ ეტაპზე, არ გააჩნდა.

13 იანვარს, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ლაპარაკია ავსტრალიიდან გადმოგზავნილ მასალებში. მისივე თქმით, ამას საქმის პირველ ეტაპზე ადასტურებდა თავად დაკავებულიც.

რაც შეეხება ავსტრალიის მოქალაქის ადვოკატს, სალომე კუბლაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მხარეები სასამართლოს მიერ გაფრთხილებულები არიან ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისაგან.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე 22 პირია დაკავებული. მათი უმეტესობა არასრულწლოვნების მშობლები არიან. დაკავებულია მოზარდების პედაგოგიც და ასევე ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები.

მოზარდთა მშობლები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ იმ ფოტოების შინაარსის შესახებ, რომლებსაც მათ შვილებს საქმეზე დაკავებული აშშ-ის მოქალაქე უღებდა.

ასევე ნახეთ კაცი შავჩარჩოიანი სათვალით - ბავშვთა პორნოგრაფიის ავტორი?

11 პირი გამოძიებამ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში დააკავა. მომდევნო 11 პირი, მათ შორის, 10 მშობელი და ერთი პედაგოგი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. ბრალდება 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ჰყვება, რომ მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიების თანახმადვე, მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო- და ვიდეომასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა.

ასევე ნახეთ „ეს იყოს ჩვენი საიდუმლო“ - როგორ აიძულებდა ბრალდებული ბავშვებს გაშიშვლებას?

რაც შეეხება ავსტრალიის მოქალაქეს, მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი. პროკურორის თქმით, პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები ერთმანეთს იცნობენ, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არის დადგენილი, ჩართულნი იყვნენ თუ არა ისინი საერთო სქემაში და მუშაობდნენ თუ არა ერთმანეთთან შეთანხმებით. მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.

პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშია დამზადებული