საქართველოში ბავშვებისთვის სახელების შერჩევა, როგორც ჩანს, ყოველთვის რთული საკითი იყო. იქმნებოდა უცნაური სახელები ისე, რომ ანგარიშს არ უწევდნენ არც სახელის სილამაზეს, არც გარემოს და არც ისტორიას. 1921 წლის შემდეგ ამას დაემატა ე.წ. რევოლუციური სახელების მოზღვავება. მშობლები შვილებს ისეთ გაუგონარ სახელებს არქმევდნენ, რომ აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს სტატიაც კი დაწერა სათაურით: „ნუ დაარქმევთ ბავშვებს საჩოთირო სახელებს“.
1917 წლიდან, რუსეთში ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლიდან, არნახულ მასშტაბს მიაღწია მოდამ ნეოლოგიზმებსა და აბრევიატურებზე: რესეფესეერი, ვეცეესპეესი, ლეჩსანუპრი და ა.შ. - ეს სიტყვები 1921 წლიდან საქართველოში მცხოვრები ადამიანების ლექსიკის ნაწილადაც იქცა, თუმცა ჩრდილოეთიდან დაძრული ახალი სიტყვების ნაკადი ამით არ ამოწურულა. სულ მალე მათ დაემატა რევოლუციის შედეგად შობილი ანთროპონიმები - ადამიანის საკუთარი სახელები: ვილენი, ვიდლენი, დალისი, დემირი, ლენიორი, მარქსენი, ლესტანბერი, დონარა და ა.შ.
რევოლუციური ანთროპონიმების დიდი ნაწილი გაუგებარი იყო და მათ გაშიფვრას საგანგებო გამოცდილება სჭირდებოდა. შესაბამისად, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ კერძო სახელებად გამოდგებოდა ნებისმიერი უცხო სიტყვა. შესაბამისად, გაჩნდა სახელები: რევიზია, კვიტანცია, ტროლეიბუს, ევრაზი, ფარან, გენია, ელშუქი და ა.შ., რომლებიც „ჰარმონიულად“ შეერია რაიონებში გავრცელებულ არანაკლებ უცნაურ სახელებს: კუკუს, წიწილას, ჭუჭას, აწიკმარას, არველოდის და სხვ.
ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორი, ნიკო კეცხოველი, გულგრილი არ იყო ამგვარი უცნაური სახელების მატარებელი სტუდენტებისადმი, რომლებსაც, თურმე, თავის კაბინეტში იბარებდა და კატეგორიულად ურჩევდა სახელის (მაგალითად, კუკუჭის აკაკით, ტუნტის ტარიელით და ა. შ.) შეცვლას.
„საჩოთირო სახელების“ საკითხი, როგორც უკვე ითქვა, დიდად აღელვებდა ცნობილ ენათმეცნიერს, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანსაც. 1960 წელს დაბეჭდილ სტატიაში ის წერდა:
„მშობლის სიყვარული შვილისადმი იმდენად ძლიერია, რომ სახელის ნამდვილი აზრობრივი მნიშვნელობა მისთვის თითქმის დაფარულია: ბავშვს დედა სიყვარულით ეძახის გაბერილს, ლეკვს და მრავალ ასეთს და ანგარიშს არ უწევს იმას, თუ რას იფიქრებს ამ სახელის გაგონებისას გარეშე ვინმე, ვისაც გაგიჟებით არ უყვარს სხვისი შვილი. თავდაპირველად მშობლისათვის სულ ერთია, რა დაერქმევა მის ბავშვს - რევიზია თუ ავთანდილი, კვიტანცია თუ გიორგი, ნინო თუ ბუზა - თითოეულ მათგანში ჩაქსოვილია მშობლის ბრმა სიყვარული. მხოლოდ გვიან, როცა სახელი უსიამოვნებას შეახვედრებს მის შვილს, მშობელი მიხვდება, რა ცუდი სამსახური გაუწია მას“ („ნუ დაარქმევთ ბავშვებს საჩოთირო სახელებს“).
გიორგი ახვლედიანი შესაძლებლად მიიჩნევდა სახელის დარქმევის ერთგვარ რეგლამენტაციას „სათანადო ორგანოების“ მიერ.
„საერთოდ კი წესიერი სახელების დარქმევისადმი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ როგორც მშობლებმა, ასევე „მმაჩის“ მუშაკებმა და სკოლამ“, - ენათმეცნიერის ამ დასკვნიდან კარგად ჩანს, რომ ის ასევე შესაძლებლად მიიჩნევდა სახელის შეცვლას მოზრდილ (სკოლის) ასაკში.
სხვათა შორის, სწორედ გიორგი ახვლედიანის „გადანათლულია“ აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, რომელსაც არნოლდამდე ბენედიქტე რქმევია. ცნობილი ლექსიკოგრაფი მიხეილ ჭაბაშვილი თავის მოგონებებში ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრობდა სხვა ბენედიქტე ჩიქობავაც, პედაგოგიკის სპეციალისტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საგაზეთო პოლემიკაში, რის გამოც ხშირად და აუგად იხსენებდნენ ხოლმეო, რაც, თავის მხრივ, დისკომფორტს უქმნიდა სახელოვან სეხნიას, ენათმეცნიერ ბენედიქტე ჩიქობავას.
როგორც მიხეილ ჭაბაშვილი ჰყვება, პროფესორ ჩიქობავას ბოლოს გადაუწყვეტია სახელის გამოცვლა, რათა სამუდამოდ გამიჯნოდა იმ თავის მოსახელეს და მოგვარეს.
მიხეილ ჭაბაშვილი ჰყვება აკადემიკოს ჩიქობავას მონათხრობს: „მიმაქვს განცხადება მმაჩში, - მიამბობდა იგი, - შემხვდა პროფესორი გიორგი ახვლედიანი, ჩემი მასწავლებელი. რომ გაიგო, სად მივდიოდი, მითხრა, აბა, მაჩვენე რას წერო. გავუწოდე განცხადება. წაიკითხა და მეუბნება, არა, ეს ვარგა, შენ უნდა არნოლდი დაირქვაო (იყო მაშინ საინტერესო ენათმეცნიერი, გვარად არნოლდი. იმას მაგონებო, ეთქვა პროფესორს). ასე გადაწყდა ჩემი სახელის საქმეო. მე მორიდებით ვკითხე, განცხადებაში რა გეწერათ-მეთქი. ეტყობა, იცოდა, რომ მისი პასუხი ჩემზე შთაბეჭდილებას მოახდენდა და ჩუმად ჩაილაპარაკა (თან ეღიმებოდა), ფელიქსიო“.
გიორგი ახვლედიანი დარწმუნებული იყო, რომ სახელი გავლენას ახდენდს ადამიანის ქცევაზე.
„ცნობილია, რომ ამა თუ იმ გმირის სახელის მატარებელი ცდილობს გაამართლოს თავისი სახელი“, - წერდა მეცნიერი, რომელიც ასევე შესაძლებლად მიიჩნევდა უცხოური სახელების დარქმევასაც. მისი თქმით, უცხოური სახელები არ დაიწუნება მხოლოდ უცხოურობით, მაგრამ ისინი უნდა გაფორმდნენ ქართული სამოსელით:
„მაგალითად ჩვენში ამბობენ უშანგი და არა უშანგ. ნამდვილად კი უნდა იყოს ისევე, როგორც ბაგრატ, თამარ, დავით და არა ისე, როგორც აკაკი, ირაკლი, გიორგი. ჩვენ ასევე შესაძლებლად მიგვაჩნია ახალი სახელების შექმნაც, მაგრამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ისე, როგორც ამას ვხედავთ მხატვრულ ლიტერატურაში.“