ბავარიის მთავრობა ანტიექსტრემისტული ვიდეოს გამო ისლამოფობიაში დაადანაშაულეს

სკრინი ისლამისტური ექსტრემიზმის საშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი ვიდეოდან

სამხრეთ გერმანიის ბავარიის მხარის ხელისუფლებამ წაშალა ისლამისტური ექსტრემიზმის საშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი ვიდეო მას შემდეგ, რაც მას „რასისტული ნაგავი“ უწოდეს და ნაცისტური ეპოქის პროპაგანდას შეადარეს.

ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 სექტემბერს X-ზე გამოქვეყნებულ ანიმაციურ ვიდეოში, შემაშინებელი მუსიკის ფონზე, მუსლიმი სასულიერო პირი სიცილით ყლაპავს ახალგაზრდა ქალს, რომელიც შემდეგ ჰიჯაბში გამოწყობილ ცოლად იქცევა და ტირილით უსუფთავებს სამზარეულოს რამდენიმე ქმარს.

ვიდეოს გაცხადებული მიზანი იყო სალაფიზმის, ულტრაკონსერვატიული სუნიტური მოძრაობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება. მას მყისიერი რეაქცია მოჰყვა რამდენიმე გერმანელი დეპუტატისგან, რომლებმაც სამინისტრო დაადანაშაულეს უხეში პროპაგანდის გავრცელებასა და ანტიმუსლიმური განწყობების გაღვივებაში.

„სრულიად რასისტული ვიდეოკლიპი ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან! სამარცხვინო - განსაკუთრებით ამ დროს! გარიყვისა და [დაძაბულობის] გაღვივების ნაცვლად, ანტიმუსლიმურ რასიზმს უნდა ვებრძოდეთ“, - დაწერა ნიკოლ გოლკემ, გერმანიის პარლამენტის წევრმა მემარცხენე პარტიიდან X-ზე.

სკრინი ისლამისტური ექსტრემიზმის საშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი ვიდეოდან

მკვლევრები ამბობენ, რომ გერმანიის საზოგადოებაში იმატა ისლამოფობიამ და ქვეყანაში გაიზარდა ანტიმუსლიმური ინციდენტები. 1 სექტემბერს გერმანიის ორ მხარეში არჩევნებში წარმატებას მიაღწია ანტიიმიგრაციულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

„სიძულვილს უშუალოდ სამინისტრო ახალისებს, არადა, ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე გაკვირვებული იყავით AfD-ის კარგი შედეგებით!“ - დაწერა X-ზე ფერატ კოჩაკმა, მემარცხენე პარტიის დეპუტატმა ბერლინის პარლამენტში.

კოჩაკმა იკითხა, ხომ არ იყენებდა ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტრო „კარიკატურებს მუსლიმების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად, რომელიც ნაცისტურ პროპაგანდას მოგვაგონებს ებრაელების წინააღმდეგ“.

კიდევ ერთმა მემარცხენე პოლიტიკოსმა და ყოფილმა პარლამენტარმა, ადვოკატმა ნიმა მოვასატმა ვიდეოს "დაუჯერებელი რასისტული ნაგავი" უწოდა და თქვა, რომ განიხილავს სასამართლოში ჩივილს ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის, იოახიმ ჰერმანის წინააღმდეგ.

სამინისტრომ მოგვიანებით პოსტი წაშალა და რადიო თავისუფლებას 3 სექტემბერს განუცხადა, „ძალიან ვწუხვართ, თუ ვიდეომ გაღიზიანება და გაუგებრობა გამოიწვიაო“.

ასევე ნახეთ გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალები ემუქრებიან

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ვიდეოს კრიტიკას და ამ დროისთვის შევაჩერეთ კამპანია“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. მისი თქმით, ვიდეო იყო სოციალური მედიის ახალი კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა „ხალხის ინფორმირება სალაფიტებისა და სხვა ისლამისტური საფრთხეების შესახებ და მათი მეთოდების დემონსტრირება“.

„სალაფიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია პრევენციისა და დერადიკალიზაციის სამუშაოების ჩატარება. ვიდეოს სცენებს გადავამუშავებთ, თუმცა, სალაფიზმის საფრთხე არ უნდა იყოს ტრივიალიზებული“, - განაცხადა სპიკერმა.

ანიმაციაში მოთხრობილია ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელსაც სალაფიტები ჩაითრევენ მას შემდეგ, რაც ის ინტერნეტში იკითხავს, ნებადართულია თუ არა მუსლიმი ქალებისთვის მაკიაჟის გამოყენებაო.

ევროკომისიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ამ ვიდეოზე კონკრეტული კომენტარი არ აქვს“. „მუსლიმი ქალები ძალიან აქტიურ როლს ასრულებენ ევროკავშირის საზოგადოებაში - ეს პოზიტიური რამაა“, - თქვა კომისიის სპიკერმა.

გერმანიაში დაახლოებით 5,5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით სამი მილიონი გერმანიის მოქალაქეა.

ბავარიის სოციალ-დემოკრატების (SPD) საშინაო პოლიტიკის სპიკერმა, კრისტიანე ფეიხტმაიერმა dpa-ს განუცხადა, რომ სალაფიზმთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ „არ შეიძლება გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდეს ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს ან შესაძლოა საქმეს აზიანებდეს კიდეც. ვიდეომ ჩემზეც და სხვებზეც სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა“.

ასევე ნახეთ საქსონიასა და თიურინგიაში გამართულ რეგიონალურ არჩევნებში პოპულისტები იმარჯვებენ