კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა, ტენიანია კედლების ფრაგმენტები. ტაძრის აღმოსავლეთით დაგუბებული წყალი ტაძრის საძირკველს აღწევს.
სააგენტოში ამბობენ, რომ ტაძარში სარკმლებიდან წყალი 2017 წელსაც შევიდა, თუმცა მაშინ ფანჯრებს შორის დარჩენილი ღია ადგილები ამოლესეს და პრობლემა დროებით მოაგვარეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლის შესახებ სააგენტოს სასულიერო პირებმა შეატყობინეს, სპეციალისტებმა კი ტაძარი 11 იანვარს დაათვალიერეს.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის, თქმით, შესაძლოა წყალი სახურავიდან ტაძარში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო ჩადის, თუმცა ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარვეზების აღმოფხვრის 5-წლიანი ვადა გასულია და რადგან პრობლემებმა ახლა იჩინა თავი, სახელმწიფოა ვალდებული ხარვეზი გამოასწოროს.
არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მუშაობდა, ასევე თვლის, რომ ხარისხიანი რესტავრაციის შემთხვევაში 2020 წელს ტაძარს ასეთი პრობლემები არ უნდა შექმნოდა.
„ძეგლს უნდა მუდმივი მეთვალყურეობა, შემოწმება, შეკეთება. ბაგრატზე კი, ეტყობა, მსგავსი რამ არ მოხდა. ჯერ გადახურვის ხარისხის შემოწმება იყო საჭირო და შემდეგ - მუდმივი ყურადღება”, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.
„ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის შეჩერება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი”, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა ტაძრის მშენებლობის დროს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ სახურავის შეკეთებას ორი ხელოსანი ეყოფა: „ეს არ არის ძეგლის დაცვის პრობლემა, ეს ტექნიკური პრობლემაა და რამდენიმე დღეში შეიძლება გამოსწორება. ქარიანი ადგილია და ტაძრის სახურავზე იქნება დაზიანებული სპილენძის გადაბმის ადგილები”, - ამბობს ის და აზუსტებს, რომ დაძველებული იერის სპილენძის გადახურვის მოსაწყობად თავის დროზე 800 ათას ლარამდე დაიხარჯა, მთლიანად ტაძრის შეკეთებაზე კი - 11 მილიონი ლარი.
ბაგრატის ტაძარი საპატრიარქოს საკუთრებაა და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეპარქიის პრეროგატივაცაა, თუმცა სააგენტოში თვლიან, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს და მათ მესაკუთრეებს სპეციალისტების გარკვეული ჯგუფი მუდმივი მონიტორინგითა და კონსულტაციებით დაეხმარებოდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი კი ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო მართვის გეგმა ამ დრომდე არ არსებობს.
„მართვის გეგმა უნდა მომზადდეს საქართველოს საპატრიარქოსა და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით, რომლის საკუთრებაშიცაა ტაძარი, და ყველა სტრუქტურამ უნდა იცოდეს თავისი კომპეტენცია. დოკუმენტის არარსებობის გამო კი ყველა ელოდება ერთმანეთს, სააგენტოს დაქვემდებარებული ადგილობრივი წარმომადგენლობა - მუზეუმ-ნაკრძალი - ეპარქიას, ეპარქია - სააგენტოს, სააგენტო - მუზეუმ-ნაკრძალს და ა.შ.“.
ბაგრატის ტაძარში პრობლემას ქმნის ისიც, რომ გადახურვაზე საწვიმარი ღარები არ არის და გუმბათიდან და მკლავებიდან ჩამოსული წვიმის წყალი, რომელიც უხვია ტენიან დასავლეთ საქართველოში, ტაძრის ქვის ფასადს იმდენად ასველებს, რომ წყალი ტაძრის შიგნითაც ჟონავს.
„წყლის ნაკადის მართვისთვის პროექტი ბაგრატზე, ისე როგორც გელათზე, არის გასაკეთებელი და შესაძლოა მომავალში ეს საკითხი დადგეს, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სპეციალისტებმა”, - ამბობს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ბაგრატის ტაძარში შექმნილი პრობლემების შესწავლაში სპეციალისტების ფართო ჯგუფის ჩართვაა საჭირო.
„ინსპექტირების ჯგუფი გადახურვას დაათვალიერებს უახლოეს დროში და მონიტორინგი გვაჩვენებს, სად ჩადის წვიმა. კერები არის როგორც კათედრალის ცენტრალურ სივრცეში, ასევე ეპისკოპოსის კოშკში, რომელიც თანამედროვე ლითონის მინაშენია. ასევე პრობლემას ქმნის ტაძრის მიმდებარედ სარინელის არარსებობა, რის გამოც მიწაზე წყალი ინტენსიურად გუბდება. საჭიროა, წყლის სადრენაჟო სისტემა მოეწყოს მიწის ქვეშ, რომლითაც წყალი გაედინება და საძირკველი და ფასადი არ დატენიანდება“, - აცხადებს ბექა ბარამიძე.
ასევე ნახეთ რესტავრაციის დაგვიანებული პრეზენტაციამეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ბაგრატის ნანგრევების რესტავრაცია 2009 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტით დაიწყო. რეკონსტრუქციის აქტიური მხარდამჭერი იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე.
პროცესი თავიდანვე უარყოფითად შეაფასა UNESCO-მ და ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიყვანა. 2011 წელს რეკონსტრუქცია მცირე ხნით შეჩერდა, როცა გაირკვა, რომ ტაძარზე ლიფტი მონტაჟდებოდა, თუმცა მშენებლობა მალევე განახლდა და ახალი ბაგრატი 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, გაიხსნა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და იკომოსის, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს, გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძრის მნიშვნელოვანი ფრაგმენტების ხელახალი აშენებით ძეგლის ავთენტურობა უხეშად დაირღვა. შესაბამისად, ბაგრატი, როგორც თვითმყოფადი ნიმუში, აღარ არსებობს და 2013 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს. იუნესკომ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გელათის მონასტერთან ერთად 1994 წელს შეიყვანა.