„აჰა, ყველაფერი დაიწვა“ - ფოტორეპორტაჟი ვარკეთილის ბაზრობიდან

 „მთელი ღამე აქ გავათენეთ და არაფერი ვიცით. ამბობენ, რომ ზუსტად ჩვენი მაღაზიიდან დაიწყო ხანძარი. სამი მაღაზია დაგვეწვა. შერეული საქონელი იყო, ჩუსტები და სხვა რაღაცეები" - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 
 

სახანძრო მანქანების ნაწილი დღესაც ბაზრობის სიახლოვეს დგას. წუხელ გაჩენილ ცეხლს  130-მდე მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათი აქრობდა.

მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათობით ათასი ლარის ზარალი მიიღო. მათ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონდა. ისინი ელიან, როდის მისცემენ ნებას, რომ ნახონ რა დარჩა მათი ჯიხურებიდან. 

 

 „ახალი გაკეთებული მქონდა რემონტი, ახალი საქონელი შემოვიტანე, ორი დღე ვიმუშავე და აჰა, ყველაფერი დაიწვა“ - ყვება ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონე. 

„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში“, - უთხრა მედიას თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ათეულობით ჯიხური დაიწვა.  
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.