ახორციელებს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში?

სერჰი ლაჰოვსკი დასტირის თავის მეგობარს, იჰორ ლიტვინენკოს, რომელიც ადგილობრივების თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს ბუჩაში, 5 აპრილს.

ახორციელებს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში? დევიდ საიმონი, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი და იელის უნივერსიტეტის გენოციდის კვლევის პროგრამის დირექტორი, ამ საკითხზე ესაუბრა რადიო თავისუფლებას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ წარმოადგენს პრობლემას რუსეთის უფლებამოსილება გაეროს უშიშროების საბჭოში.

ინტერვიუ, რომელიც საიმონს ჩამოართვა რადიო თავისუფლების უფროსმა კორესპონდენტმა, ტოდ პრინსმა, რედაქტირებულია სიგრძისა და სიცხადის მიზნით.

რადიო თავისუფლება: კამათობენ იმის შესახებ, არის თუ არა გენოციდი ის, რაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ხდება. და ჩვენ გვსურს, გავიგოთ თქვენი მოსაზრებები ამის შესახებ.

დევიდ საიმონი

დევიდ საიმონი: იცით, ვფიქრობ, რომ დიდი ინტერესი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ თავის კომენტარებში, ამ კვირის დასაწყისში, გენოციდის საკითხი წამოჭრა. ბუჩის ამსახველი სურათები შემაძრწუნებელია. ისინი „შემაძრწუნებელია სინდისისთვის“ - გამოვიყენებ ფრაზას, რომელიც ნიურნბერგის [პროცესის] ეპოქით თარიღდება.

საკითხი იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა გენოციდი უკრაინაში - შესაძლოა, რუსეთის ჯარების ბრძანებით ან რუსეთის ოპერაციით მთლიანობაში, სინამდვილეში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ სისასტიკის საკითხი ნებისმიერ კონკრეტულ ადგილზე. გენოციდის განსაზღვრა დამოკიდებულია განზრახვის დადგენის ან დასკვნის შესაძლებლობაზე.

კონვენციაში გენოციდის შესახებ ფრაზა, რომელიც გენოციდს საერთაშორისო სამართლის მიხედვით განსაზღვრავს, ამბობს, რომ გენოციდი არის ნებისმიერი გარკვეული რაოდენობის ქმედება, ჩადენილი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან ეროვნული ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით.

ეს არის მთავარი იმაში, რაც აქცევს გენოციდს გენოციდად. ის ცდილობს გაანადგუროს ჯგუფი, რადგან ისინი ჯგუფს წარმოადგენენ, დახოცოს ხალხი, რადგან ისინი ამ ჯგუფის წევრები არიან, და რადგან დამნაშავე მიისწრაფვის ამ ჯგუფის განადგურებისკენ ან მისი ნაწილობრივი ლიკვიდაციისკენ მაინც.

რადიო თავისუფლება: ანუ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, თქვენ ვერ იტყვით, რა მოხდა, რადგან ჯერ არ არის იმის მინიშნება, რომ ეს მიმართულია ჯგუფისკენ და ჩვენ არ გვაქვს განზრახვის დადასტურება?

საიმონი: რთული სათქმელია. ვერ ვიტყოდი, რომ არ გვაქვს ინფორმაცია... მაგრამ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთგვარი თითის გაშვერა სისასტიკისკენ და თქმა: "ეს გენოციდი უნდა იყოს".

რეალურად, საქმე ეხება იმის დაკავშირებას, რაც მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობისა და მკვლელობის, ქუჩებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის კუთხით ... რუსეთის, კრემლის, პუტინის ან თუნდაც ადგილობრივი სამხედრო მეთაურების განცხადებულ საომარ მიზნებთან.

იუგოსლავიასა და რუანდაში, სადაც იყო საერთაშორისო პროცესები, საერთაშორისო სასამართლოები, რომლებიც განიხილავდნენ გენოციდის ბრალდებებს, პირველი განაჩენები გენოციდისთვის - სულ პირველი განაჩენები გენოციდისთვის საერთაშორისო სასამართლოში 1990-იანი წლების ბოლოს - გამოუტანეს პატარა ქალაქების გამგებლებს, რომლებიც უბრძანებდნენ ადგილობრივად [მათი] დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ჯარისკაცებს, ჩაედინათ ქმედებები, რომლებიც ესადაგებოდა გენოციდის განსაზღვრებას.

ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება პუტინის განცხადება, როგორც ასეთი. თუმცა, საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება რაღაც მსგავსი აღმოვაჩინოთ. ეს წერია დეკლარაციებში უკრაინელების არსებობის უფლების შესახებ.

და აქ რთულია, რას ამბობს პუტინი - და მე პერიფრაზირებას მოვახდენ, და უნდა ... აღვნიშნო, რომ არ მივუთითებ რომელიმე კონკრეტულ გამოსვლას - მაგრამ ზოგადი მოსაზრება, რასაც ის ამბობს, მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება.

რომ უკრაინა ერთგვარი საერთაშორისო უბედური შემთხვევაა... და, შესაბამისად, ის ამბობს, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება. ეს გარკვეულად განსხვავდება იმის თქმისგან, რომ უკრაინელებს არ აქვთ არსებობის უფლება.

და პუტინი, ვფიქრობ, პირველი იქნება, ვინც იტყვის, "დიახ, ამ ხალხს აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ მათ თავიანთ თავს რუსები უნდა უწოდონ". რაც, რეალურად, აჩენს ძალიან საინტერესო კითხვებს იმის შესახებ, - ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში პრეცედენტის გარეშე - არის თუ არა ეს გენოციდი.

არის კიდევ ორი შტო, რომელთაგანაც მინდა ამოვიდე. ერთი არის ის, რომ არსებობს სფერო, რომელიც არ არის გენოციდის კონვენციაში. ეს კონვენცია ჯერ კიდევ 1940-იან წლებში განიხილებოდა გაეროში, როცა განიხილავდნენ გენოციდის კონვენციის შემადგენლობას - კულტურული გენოციდის სფეროს, რომელიც არსებითად წარმოადგენს კულტურის უარყოფას და უარყოფას ხალხის უფლებისა, რაიმე სახის კულტურული და ეროვნული მიკუთვნებულობის შესახებ. ამაზე შეიძლება კამათი, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი საფუძველი, არ არის გამყარებული საერთაშორისო სამართლით, არც მის სასარგებლოდ და არც პირიქით.

მაგრამ მეორე მიმართულება, საითაც ეს შეიძლება წავიდეს, არის ის, რომ კრემლთან დაკავშირებულმა, სულ მცირე, ზოგიერთმა ადამიანმა [რუსულ] სახელმწიფო მედიასაშუალებებში დაწეროს რაღაც იმის მსგავსი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ლიკვიდირებული უნდა იქნეს... და, რა თქმა უნდა, ისინი ამ ხელისუფლებას ნეონაცისტებად მოიხსენიებენ ამა თუ იმ ფორმით.

თუმცა, ისინი არ განასხვავებენ რეალურ ნეონაცისტებს [ან] ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრებს და უკრაინელებს, მთლიანობაში. ამდენად, თუ თქვენ აერთიანებთ პოლიტიკურ წევრობას ეროვნულ იდენტობასთან, და შემდეგ ამბობთ, რომ ამ იდენტობის ჯგუფის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია ან განადგურება უნდა მოხდეს, თქვენ აკეთებთ მოწოდებას ჯგუფის, როგორც ასეთის, განადგურებისკენ და, ამდენად, ეს შეიძლება გენოციდის კონვენციის თანახმად იყოს გენოციდი.

თუ რომელიმე პროკურორი ან, საბოლოოდ, რომელიმე მოსამართლე დაეთანხმება იმ თეორიას, რომ ყველა უკრაინელს უწოდო "ნეონაცისტი", ფაქტობრივად, ნიშნავს ეროვნული ჯგუფის პოლიტიკურ ჯგუფად შერაცხვას... ეს იქნება მიზეზი, რომელიც არსებითია, და იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ჯგუფები არ არიან "დაცული" გენოციდის კონვენციით ისე, როგორც ეროვნული ჯგუფები.

ისინი არ არიან დაცული კლასი, ამერიკის კონსტიტუციური ტერმინი რომ გამოვიყენოთ. ეს ასეა იურიდიული თვალსაზრისით. ემპირიული თვალსაზრისით - და თუ დავეყრდნობით შრომებს გენოციდის კვლევის სფეროში - აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ხშირად, გენოციდის არქიტექტორის პირველი ნაბიჯი სამიზნე ჯგუფის პოლიტიკური მდგომარეობის დელეგიტიმაციაა.

მაგალითად, რუანდაში ტუტსებს ეძახდნენ "ტარაკნებს", მაგრამ ყველა ტუტსი ამასთან მეამბოხე არმიის თანამონაწილედ ითვლებოდა. ამით მათ ჩამოერთვათ პოლიტიკური სტატუსი რუანდის საზოგადოებაში, - იმ ხალხის თქმით, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს.

ანალოგიურად, უწოდო უკრაინელებს "ნეონაცისტები", არის მათთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრებისთვის, პოლიტიკური სტატუსის ჩამორთმევის მცდელობა... თუ თქვენ განურჩევლად იყენებთ ["ნეონაცისტს"], როგორც შეურაცხმყოფელ გამოთქმას, და არა როგორც კონკრეტულ აღნიშვნას, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფის აღმნიშვნელი - ეს არის მთლიანობაში ეროვნული ჯგუფის მიზანში ამოღების საშუალება.

რადიო თავისუფლება: რა შედეგები ექნება იმას, თუ სისასტიკეს გენოციდს უწოდებთ და არა ომის დანაშაულს?

საიმონი: ეს უფრო ხალხის წარმოსახვაში, გლობალურ წარმოსახვაშია ასე, რომ გენოციდი დანაშაულების რაღაც ერთგვარი იერარქიის სათავეში დგას. სინამდვილეში ასე არ არის. კანონით დადგენილი იერარქია არსად წერია. სამართლებრივ დევნას რაც შეეხება, ვიღაც შეიძლება ომის დანაშაულის გამო მიეცეს პასუხისგებაში და ვიღაც - გენოციდის გამო.

მაგრამ პასუხისგების გარდა, არსებობს ინტერვენციის ან ასეთი მოქმედებების აღკვეთის საკითხი, გენოციდის ან ომის დანაშაულების შემდგომი მოქმედებების თავიდან აცილება. ასე რომ, გენოციდის კონვენციაში არსებობს ფორმულირება, რომელიც ამბობს, რომ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ გენოციდი მიმდინარეობს, მან ამის შესახებ გაეროს უნდა მიმართოს და გაერო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაწყვეტს, როგორ გაუმკლავდეს ამას.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოში, ეს ნელა მოხდება. არსებობს შემოვლითი გზა, რომელიც გენერალურ ასამბლეაზე გადის, მაგრამ მას არ ძალუძს ადვილად გააკეთოს ისეთი რამეები, როგორიცაა სამშვიდობო ძალების ან სამშვიდობო მისიების შექმნა; ან სამხედრო ინტერვენციის რაიმე სახის საერთაშორისო კოალიციის შექმნა მოახდინოს. და ეს მხოლოდ გენოციდს შეეხება.

ბუჩაში ნაპოვნი გვამები ბავშვთა ბანაკში, რუსეთის ჯარის მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ. 31 მარტი.

არსებობს დოქტრინა, სახელწოდებით "დაცვის პასუხისმგებლობა", რომელსაც, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. ეს დოქტრინა ამბობს, რომ როცა აღიარებულია, რომ გარკვეული დანაშაულები მოხდა და მთავრობას, [რომელსაც] გააჩნია ძალაუფლება იქ, სადაც ეს დანაშაულები ხდება, არ ძალუძს დაიცვას ამ დანაშაულების სამიზნეები, საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებელია, დაიცვას ეს პირები.

ახლა, როგორც წესი, ამას მიმართავენ, მაგალითად, ლიბიაში, სადაც 2011 წელს [მუამარ] კადაფი თავს ესხმოდა მოწინააღმდეგეებს ბენღაზისა და სხვა ადგილებში, და გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა და განაცხადა, რომ კადაფი არ არის დაინტერესებული თავისი საკუთარი მოქალაქეების დაცვით, სინამდვილეში, [ისინი] მიზანში ჰყავს ამოღებული. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნატოს საშუალებით შეეძლოთ გაეტარებინათ ნებისმიერი საჭირო ზომა ამ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს დიქტატორი იყო თავისი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

უკრაინის შემთხვევაში აქ საქმე გვაქვს მეზობელთან [რუსეთი], რომელმაც სამიზნეში ამოიღო მეზობელი ქვეყნის ხალხი, და ამ მეზობელი ქვეყნის მთავრობას დახმარება სჭირდება, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები მეზობლის მტაცებლობისგან.

უკრაინელი კაცის გვამი, ერთ-ერთი ბევრიდან, რომლებიც ბუჩაში იქნა ნაპოვნი ზურგს უკან ხელებშეკრული.

ის შემთხვევაა, რასაც არ აქვს პრეცედენტი „დაცვის პასუხისმგებლობის“ მოკლე ისტორიაში, ან, სულ მცირე, არ აქვს პრეცედენტი, რომელიც შეგვიძლია ახლა მოვიხმოთ. მე ვთვლი, რომ მსგავსი სიტუაციები ყოფილა. მაგრამ ეს ის სფეროა, როცა სიტუაცია, რომელსაც დაცვა სჭირდება, არა მხოლოდ დადგენილი ან სავარაუდო გენოციდი, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ეთნიკური წმენდა და ომის დანაშაულია. ადამიანის უფლების უხეში დარღვევის ამ სამ კატეგორიაზე მითითება და იმის თქმა, „დიახ, ეს ომის დანაშაულია, დიახ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია“, ბევრად იოლია, რადგან აქ არ არის საჭირო განზრახვის შესახებ დასკვნის გაკეთება. აქ არ არის საჭირო, გაარკვიოთ, რა სურდა დამნაშავეს. მხოლოდ საჭიროა ჩვენება, რომ - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის შემთხვევაში - მოხდა ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე. და ომის დანაშაულის ჩადენისასაც სიცხადეა, რადგან სრულიად მკაფიოდ ჩანს, როგორ დაირღვა შეიარაღებული ძალების მიერ ომის დროს მოქმედების კოდექსი.

რადიო თავისუფლება: თუ ეს გენოციდად შეფასდა, ვალდებული არიან ქვეყნები, მიმართონ რაღაც ქმედებებს, ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ?

საიმონი: კონვენციის თანახმად, ერთადერთი მოვალეობა გაეროსადმი მიმართვაა. უმოქმედობა ინსტიტუციურად არ ისჯება. შეიძლება კანონი უნდა არსებობდეს. მაგრამ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკაში გვაკლია მექანიზმი, რომელიც გვაიძულებდა, რეალურად გვემოქმედა. მაგალითად, აშშ-მა დაადგინა, რომ ახლა ხდება, ან უკვე მოხდა, გენოციდი თანამედროვე მსოფლიოში რვა შემთხვევაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სამხედრო გზით უპასუხეს.

გვამები ბუჩის ქუჩაში. 3 აპრილი

არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ იძულებას მიიყვანდა ფაქტობრივ პასუხამდე.

ამის გამოყენება შეგვეძლებოდა იმაზე დავისას, თუ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ? რამდენი შეიძლება იკისროს დანარჩენმა მსოფლიომ გენოციდის მცდელობის მსხვერპლისთვის - უკრაინისთვის დახმარებაში. იმის თქმა, რომ ქვეყანას თავს დაესხნენ და ამას პასუხი სჭირდება, ერთია. მაგრამ იმის თქმა, რომ აგრესიას მოჰყვა გენოციდი, ეს სულ სხვაა. ეს უფრო ძლიერ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ რამენაირად რეაგირება მოვახდინოთ.

ასე რომ, ვთქვათ, ევროპაშიც კი გარკვეულ მომენტამდე არსებობდა მზადყოფნა შემოეღოთ სანქციები, იმ სანქციების ჩათვლით, რომლებიც ძვირად უჯდება ევროპასაც. მაგრამ იყო წერტილი, რომლის გადალახვა არ სურდათ და ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებთ ნავთობსა და გაზზე იმგვარი სანქციების შემოღებას, როგორიც ზელენსკის სურსო.

მაგრამ როცა საქმე გვაქვს არა მხოლოდ აგრესიასთან, არამედ აგრესიასა და გენოციდთან, ამ შემთხვევაში ხალხის ნება და სანქციების დამწესებელი ქვეყნების პოლიტიკური ნება ძლიერდება და გაიგონებთ შემდეგს: დიახ, ვაპირებთ სანქციები გავამკაცროთ. ახლა ვხვდებით, რომ ისინი მიმართულია გენოციდის წინააღმდეგ. მზად ვართ, მეტ ზარალს შევეგუოთ ამის შესაჩერებლად და რაც უნდა იყოს, სანქციები თუ უბრალოდ მხარდაჭერა, სამხედრო თუ ჰუმანიტარული, ეკონომიკური დახმარება, თუნდაც სამშვიდობო ძალებისთვის გარკვეული იმპულსი, პრინციპში დახმარება იქნება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

საერთოდ, სამშვიდობო ძალების გამოყენება ისტორიულად, მთლიანად წარმატებული არ ყოფილა. ბევრი წარუმატებელი პრეცედენტი იყო, მაგალითად, შეხედეთ ბოსნიას.

გაეროს ამოცანა იყო, ამ ქვეყანაში კონფლიქტის დროს, უზრუნველეყო სამოქალაქო მოსახლეობის თავშესაფრის დაცვა, რომელსაც მუდამ ესხმოდნენ თავს ბოსნიელი სერბები. ვფიქრობ, ბოსნიის გაკვეთილი კარგად არის შესწავლილი: საჭიროა იმ ჯარის მხარდაჭერა, რომელიც თავშესაფარს ქმნის. არ შეიძლება ჯარის იქ გაგზავნა და იმის ფიქრი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესაა ის, რაც გაერომ უნდა გააკეთოს. არადა, ესეც კი დიდი პრობლემაა, რადგან რუსეთი გაეროს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში იღებს მონაწილეობას.