ახლა ყველაფერი თევზზეა დამოკიდებული

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაპირებული ვადა, რომელშიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს, ამოიწურა.

ეს ნიშნავს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები უფრო ინტენსიური გახდება ლონდონში და ბრიუსელში.

ყველაფერი შეიძლება დამოკიდებული იყოს აზრთა სხვადასხვაობაზე იმ დარგის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის საერთო შიდა პროდუქტის 0,1%-ს შეადგენს და რომელშიც 12 ათასი ბრიტანელი მოქალაქეც კი არაა დასაქმებული.

საქმე ეხება თევზჭერის ემოციურ და დამუხტულ პოლიტიკას.

გაერთანებულმა სამეფომ წელს, 31 იანვარს, ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარ ჰყავს წარმომადგენელი ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტში, მაგრამ ის 2021 წლის დასაწყისამდე კანონით ვალდებულია მისდიოს ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებს. ამ გარდამავალ პერიოდში ლონდონი შეეცადა ყველა სამომავლო შეთანხმებების შესახებ მორიგებოდა კავშირს, რომელშიც 47 წლის განმავლობაში შედიოდა.

მოლაპარაკებებმა, რომლებიც ზოგჯერ ერთობ ინტენსიური იყო, მიაღწია კრიტიკულ წერტილს, სადაც მხარეები კვლავაც დაპირისპირებული არიან სამ საკითხში - ესაა აზრთა სხვადასხვაობა კონკურენციის წესებზე, პოტენციური საბოლოო შეთანხმების მართვა მომავალში და თევზი.

საბოლოოდ საქმე ისე გამოიყურება, რომ თევზი ამ სამიდან ყველაზე რთულად გადასაწყვეტი შეიძლება იყოს. ამას თავიდანვე შიშობდა ბრექსიტის პროცესის მრავალი დამკვირვებელი.

ევროკავშირის თევზჭერის საერთო პოლიტიკა (CFP) ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყოველი ქვეყნის სათევზაო ფლოტებს თავისუფალი წვდომა აქვთ ერთმანეთის წყლებზე, გარდა სანაპირო ზოლიდან 12-მილიანი ზონისა. თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის დაჭერა, რასაც მოისურვებენ.

ევროკავშირის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ასპექტია ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები ყოველ წელს დეკემბერში იკრიბებიან ბრიუსელში და კამათობენ იმაზე, თუ რომელი სახეობის თევზის რა მოცულობით დაჭერა არის შესაძლებელი. მოლაპარაკებები შეიძლება დღეები გაჭიანურდეს და ნამდვილ „ვირთევზას ომებად“ გადაიქცეს, სანამ ეროვნული კვოტები დანაწილდება თითქმის 50-წლიან ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ჯავრობდა ამ სისტემაზე და მიაჩნდა, რომ გარიგება მისთვის საზიანო იყო.

გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანეთის თევზჭერაში დასაქმებულნი მხურვალედ უჭერდნენ მხარს ბრექსიტს, რომელსაც სულს შთაბერავდა რეგულარული მედიაკამპანია ლოზუნგით „ევროკავშირმა თევზი მოგვპარა“. მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს CFP-ს დატოვებს, ის იქცევა ე.წ. „დამოუკიდებელ ზღვისპირა სახელმწიფოდ“ და გააკონტროლებს „საგანგებო ეკონომიკურ ზონას“ – 200 საზღვაო მილამდე ტერიტორიას.

ერთი შეხედვით დიდ ბრიტანეთს დიდი კოზირები აქვს ხელთ. მას მეტი სანაპირო ტერიტორიები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ წევრს. მისი წყლები ასევე უჩვეულოდ მდიდარია. ჩრდილოეთ საფრანგეთის სათევზაო ფლოტები ამჟამად 60%-მდე თევზს იჭერენ წყლებში, რომლებიც მომავალი წლიდან ექსკლუზიურად ბრიტანეთის წყლებად იქცევა. ეს დამოკიდებულია როგორც თავად თევზზე, ისე გეოგრაფიაზე. ავიღოთ, მაგალითად, ვირთევზა ან კამბალა, ჩრდილოეთის ზღვის ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა. როცა ისინი ზრდასრულ ასაკს აღწევენ, ამჯობინებენ ცივ, ღრმა წყლებს ბრიტანეთის კუნძულების გარშემო. ქვირითის დასაყრელად კი სამხრეთში მიდიან. ფაქტობრივად, საფრანგეთის სანაპირო არის თევზის საბავშვო ბაღივით, ბრიტანეთის წყლები კი შეიძლება შევადაროთ მოზრდილთა დისკოთეკას, სადაც საუკეთესო პირობებია სათევზაოდ.

მაგრამ თევზი მარტო სათევზაოდ არაა, მას გაყიდვაც სჭირდება. ეს კი უკვე ევროკავშირის კოზირია. დიდ ბრიტანეთში დაჭერილი თევზის 80% ექსპორტზე მიდის, ძირითადად ევროკავშირში. ქვეყანაში მოხმარებული თევზის 70% კი იმპორტირებულია - ძირითადად ევროკავშირიდან. მრეწველობის ამ დარგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დიდი ხანია არის არა თევზჭერა, არამედ მისი გადამუშავება, რაც მთლიანად დამოკიდებულია თავისუფალ ვაჭრობაზე.

ბრიუსელმა საკითხი ასე დააყენა: ბრიტანეთის წყლებზე წვდომა ნიშნავს ბრიტანული პროდუქციის ტარიფებისა და გადასახადების გარეშე შესვლას ევროკავშირის 450 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე.

ბრიუსელს სურს, რომ თევზჭერის პოლიტიკა უცვლელი დარჩეს. ამას პირველ რიგში მოითხოვენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დანია, რომლისთვისაც თევზჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ასევე ბელგია, საფრანგეთი, ირლანდია და ნიდერლანდიც, სადაც თევზჭერა ჯერაც არის დასაქმების მთავარი წყარო ზღვისპირა მოსახლეობისთვის და სადაც ის ასევე სერიოზულ რეგიონულ და ზოგჯერ ეროვნულ-პოლიტიკურ გავლენას ნიშნავს.

მაგრამ ბრიუსელისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება შეუძლებელია. პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა უნდა დააშოშმინოს ზოგიერთი თავისი ყველაზე უფრო ერთგული მოკავშირე ქვეყნის შიგნით და მას სურს, გაზარდოს ბრიტანეთის კვოტა თევზის ადგილმდებარეობის მიხედვით და არა ისტორიულ უფლებებზე დაყრდნობით. ამ პოლიტიკურ მოკავშირეებს ასევე სურთ, რომ ბრიუსელთან კვოტებზე მოლაპარაკებები ყოველწლიურად გაიმართოს ხოლმე, რაც ბრიტანეთს შეღავათიან პირობებში მოაქცევდა.

შესაძლო კომპრომისს შეიძლება მოჰყვეს მრავალწლიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელი დათანხმდებოდა, რომ ბრიტანეთის წილი დროთა განმავლობაში გაიზარდოს, ამავე დროს ევროკავშირის ხომალდებს საშუალება ექნებოდათ კვლავაც დაეჭირათ თევზი ლა-მანშის სრუტეში და უფრო ნაკლებად - ბრიტანეთის სხვა საზღვაო რეგიონებში.

დრო გარბის და 1 იანვრიდან საფრანგეთის ტრაულერებს შეიძლება აეკრძალოთ იმ წყლებში შესვლა, სადაც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იჭერდნენ თევზს. და ევროპის მოსახლეობამ, სრუტის ორივე მხარეს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ეკონომიკურ უბედურებაში ამოყოს თავი, რაც ალბათ მოხდება, თუკი ლონდონი და ბრიუსელი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.