„ახლა“ და „ყველა“ და არა „ახლა ამის დროს არ არის“ - ვისია ბრძოლა თავისუფლებისთვის?

„დიდი იმედგაცრუება მაქვს“ - ეს იყო პირველი, რაც ქვიარ აქტივისტმა გოჩა გაბოძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 8 ივლისს, ჩაშლილი "ღირსების მარშის" დილას.

მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო, რომ "ღირსების მარში" იმავე საღამოს, დაგეგმილ ადგილას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მაინც ჩატარდებოდა.

„იმ ხალხშიც, ვინც თითქოს თავისუფლებისთვის იბრძვის, ვერ ვხედავ ადამიანებს, ვინც რეალურად იაზრებს რა არის თავისუფლება. გეებს, ზოგადად, ეგზოტიკურ ცხოველებად აღგვიქვამენ. როგორც შინაურ პუდელს ისე გვიყურებენ ხოლმე... სულ ვფიქრობ, იმ ხალხს, ვინც აქციებზე დადიან, ჩვენ მსგავსად, პრაიდისთვის სოლიდარობა რომ გამოეცხადებინა, უსაფრთხოებაზე ხვეწნა არ დაგვჭირდებოდა“ - გვითხრა გოჩა გაბოძემ.

"თბილისი პრაიდის" გუნდმა, ერთხელ უკვე გადადებული "ღირსების მარში", 8 ივლისს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე ისევ გააუქმა - უსაფრთხოების გარანტია სახელმწიფოსგან ისედაც არ გააჩნდათ. ამას კი ისიც დაემატა, რომ ჰომოფობიურად განწყობილმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა გვიან ღამითვე დაიწყეს მობილიზება - მათთვის ცნობილი გახდა მარშის ჩატარების სავარაუდო ადგილიც, სადაც დილის ექვსი საათიდან დაიწყეს შეკრება.

"ღირსების მარშის" ჩაშლის მიუხედავად, ნაციონალისტური ჯგუფები არ დაშლილან - მათ რუსთაველი დაიკავეს. სწორედ ის ადგილი, სადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.

"თბილისი პრაიდის" გუნდის წევრები სწორედ ამ დროს წავიდნენ "ღირსების მარშის" ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

"ქართული მარშის" და სხვა ნაციონალისტური ჯგუფის წევრებმა მათ იქ ვეღარ მიუსწრეს.

იარლიყის მიწებების შიშით

"თბილისი პრაიდის" გუნდმა 22 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარში" პირველად ანტისაოკუპაციო აქციების სოლიდარობის ნიშნად, 21 ივნისს გააუქმა - რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით აქციის დაშლის შემდეგ.

გუნდის წევრები აქციებს შეუერთდნენ.

თუმცა მათი გამოჩენა პარლამენტის წინ ყველასთვის ერთნაირად მისაღები რომ არ იყო, ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებშიც მკაფიოდ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თემის წევრებს გაუჩნდათ იდეა, წვიმის შემთხვევაში, ფერადი საწვიმრები ჩაეცვათ და ასე გამოეხატათ სოლიდარობა ამ აქციის მიმართ.

ამბობდნენ, რომ მათი გამოჩენა აქციის მიმართ გარკვეულ ჯგუფებს აგრესიულად განაწყობდა.

შემდეგ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გადადებული პრაიდის ხელახლა დაანონსებამ.

აქციის მონაწილეების ნაწილი წერდა, რომ „ახლა ამის დრო არ იყო“, რომ პრაიდი ხელისუფლების სცენარში იდეალურად ჯდებოდა. რომ პრაიდი გადაფარავდა ანტისაოკუპაციო აქციას, კონტრაქციებს გამოიწვევდა და აგრესიული ფონი გაიზრდებოდა.

ერთი სიტყვით, ამბობდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაცია.

პირველი კითხვებიც მაშინ გაჩნდა - საბოლოო ჯამში, გახარიას გადადგომის მოთხოვნაც და რუსეთის ოკუპაციის დაგმობაც, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის ერთად, ყველას უფლების დაცვით და გათვალისწინებით, თუ ეს იყო ბრძოლა - „რიგრიგობით“, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაწერა კიდეც ფეისბუკზე.

და მთავარი კითხვა, რომელიც ამ პროცესში დაიბადა იყო - მიიღწევა თუ არა თავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ შენ დღეს, აქ და ახლა არ იბრძვი ყველას უფლებისთვის?

ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად დაწერა, რომ ნამდვილი თავისუფლებისგან შორს ვიქნებით, სანამ პრაიდის ორგანიზატორებს „გრანტიჭამიებს“ დავუძახებთ და „ოცნების“ პროექტს დავარქმევთო, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე იყო.

აქციის ერთ-ერთ მონაწილესა და მხარდამჭერს, გიორგი მშვენიერაძესაც მკაფიო პოზიცია აქვს, რომ არ შეიძლება თავისუფლებისთვის იბრძოდე ვინმეს უგულვებელყოფის ან ჩაგვრის პარალელურად.

„ჩემი მხარდაჭერა აქვთ ლგბტ ადამიანებს - ეს ბრძოლა მათიცაა. ვიბრძვით ყველას თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს ბრძოლა ყველას ბრძოლაა ყველასთვის. ვიბრძვით მშვიდობიანად. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, მათ შორის თანაბრად ეკუთვნის ქრისტიანს და არაქრისტიანს, ჰეტეროსექსუალს და ჰომოსექსუალს, ქალს და კაცს, დიდს და პატარას, მდიდარს და ღარიბს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ჩაშლილი "ღირსების მარში" - ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოში კონსტიტუციული წესრიგი არ არსებობს და იმისიც, რომ ადამიანის თანასწორობის და თანდაყოლილი ღირსების იდეა არ არის საქართველოში საყოველთაოდ გაზიარებული სიმართლე:

„ამისი არც ხელისუფლებას სჯერა. სამწუხაროდ, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რომელთაც ისევე აქვთ გამოხატვის თავისუფლების უფლება და შეკრების და მანიფესტაციის უფლება, როგორც სხვა დანაჩენებს, სახელმწიფო ეუბნება, რომ ისინი არიან ნაკლები ადამიანები, ქვე ადამიანები, რომლებმაც ჯერ ნებართვა უნდა ითხოვონ და რომლებსაც, საზოგადოებამ, ეკლესიამ თუ სახელმწიფომ უნდა შემოუსაზღვროს სივრცე, სადაც ისინი იარსებებენ“.

მისთვის ბრძოლა თავისუფლებისთვის ყველას უფლებებისთვის ბრძოლაა. გამორჩევის გარეშე.

„გამიგია, რომ როდესაც რუანდაში მოხდა უსასტიკესი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაუელები, ხალხი იშველიებდა ძველ აფრიკულ ანდაზას, „ძაღლს თუ სძინავს, რატომ აღვიძებო“. ეს ბევრს მიაჩნია სწორ სტრატეგიად, რომ თუ რაღაც ძალა მიძინებულია, არ უნდა გააღვიძო. ზოგს კი, მართლა გულუბრყვილოდ სჯერა, რომ შეიძლება იზოლირებულად წარმართო რაღაც აქციები და მოიპოვო თავისუფლება... ჩემი მოკრძალებული აზრით კი, მცდარია მოსაზრება, რომ გარკვეული უფლებებისთვის ბრძოლის დრო არის ახლა და გარკვეული უფლებებისთვის ბრძოლის დრო კი დადგება ხვალ. როგორც მარტინ ლოთერ კინგი ამბობდა, გამოთქმა: „ახლა ამის დრო არ არის“, რეალურად ნიშნავს, რომ ამის დრო არასდროს არის. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, როც ამას ვამბობთ - ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ვეუბნებით - თქვენი დრო არასდროს იქნება?“

თამარ გურჩიანი ამბობს, რომ ადამიანის უფლებებში არსებობს ორი საკვანძო სიტყვა, „ახლა“ და „ყველა“. თუ რომელიმეს ამ სიტყვებიდან იგნორირებას გაუკეთებ, გამოდის, სულ სხვა დღის წესრიგს ემსახურები. მაგრამ არა ადამიანის უფლებებს : „არ არსებობს ერთი ჯგუფისთვის მოპოვებული თავისუფლება. ეს თავისუფლება უნდა იყოს ახლა და ყველასთვის“.

უფლებებისთვის ბრძოლა - ეს პოლიტიკის დღისწესრიგის საკითხია

თავისუფლებისთვის ბრძოლა ვერ იქნება შედეგიანი ბრძოლა ისეთი პატარა ჯგუფის გვერდზე გაწევის ფონზე, როგორიც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო დევნილი ჯგუფია - ეს იურისტისა და უფლებადამცველის, ანა აბაშიძის აზრია.

მისი სიტყვებით ეს სწორედ ის ჯგუფია, რომელიც ყოველდღიურად დგას არა მხოლოდ თვალების დათხრის, არამედ სიკვდილის საფრთხის წინაშე.

იმ ადამიანების საპასუხოდ კი, ვინც ფიქრობს, რომ აქციაზე არ უნდა გამოჩნდნენ ისინი, ვის მიმართაც განსაკუთრებული აგრესია არსებობს, ანა აბაშიძეს აქვს ერთი მკაფიო პასუხი: მათ უბრალოდ გასააზრებელი აქვთ რას ნიშნავს თავისუფლება:

„ქვეყანაში მხოლოდ ეს ჩაგრული ჯგუფი რომ იყოს დარჩენილი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი ვერ უნდა ამბობდეს, რომ ის თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს... მე ვიცი, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს აქვთ ეს ღირებულებები. თუმცა, მათ ხალხის დაკარგვის ეშინიათ. მეორე მხრივ, თავად ამბობენ, რომ აქციაზე „თავების თვლა არ არის სწორი“. თუ ეს ასეა, მაშინ დავდგეთ თუნდაც 20 ადამიანი, მაგრამ ვიყოთ პრინციპების ერთგულნი“.

ანა აბაშიძე მათ შორისაა, ვისაც სჯერა, რომ ცვლილებები მიიღწევა აგრესიული აქტივიზმის და ძალიან პრინციპული ქცევების გზით. ხოლო იმ წუხილს, რომ ეს თემა ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ანა აბაშიძე ასე პასუხობს:

„სამოქალაქო უფლებები ყოველთვის პოლიტიზებულია. დიახ, პოლიტიკოსები და საჯარო ფიგურები ყოველთვის იყენებენ ასეთ თემებს, რადგან თავად თემაა თავისთავად პოლიტიკური იმ გაგებით, რომ უფლება, რომელიც არ გაქვს და უნდა მოიპოვო - ეს სწორედ პოლიტიკის დღისწესრიგის საკითხია. ამას პოლიტიკოსები ხან კარგად გამოიყენებენ და ხან ცუდად. ამის შიშით ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე“.

„საკითხი“, მაგრამ არა ადამიანი

მაგრამ არსებობს სხვა აზრიც.

მაგალითად, ეკა აღდგომელაშვილის, რომელიც წლები ედგა სათავეში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“ და ერთ-ერთი პირველი იცავდა საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებებს. ყველაზე დიდი წუხილი, რომელსაც ის დღევანდელ პროცესებზე დაკვირვებით გამოთქვამს, არის ის, რომ საქართველოში ვერაფრით მიაღწიეს იმას, რომ თემი წევრები თავად გახდნენ პოლიტიკის სუბიექტები, მან შეცვალონ დღისწესრიგი და არა პირიქით - ისინი გამოიყენონ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.

„20 წლის წინ, პოლიტიკოსები ჰომოფობიურ ენას ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ, ის არ იყო თემის წევრების მისამართით მიმართული, მაგრამ პირდაპირ აისახებოდა თემის წევრების მიმართ ძალადობაზე. დაახლოებით 10 წლის წინ, როცა საჯარო სივრცეში ამ საკითხების მეტ-ნაკლებად გამოტანა გახდა შესაძლებელი, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. თუმცა, მაინც კულტურული ელიტების დონეზე ხდებოდა იმის გარჩევა, ქუჩაში გამოსული მამაკაცი, რომელსაც ყელზე ბოა ჰქონდა მოხვეული, გოიმობა იყო თუ კარგი საქმე. ანუ საკითხად ყოფნას მაინც ვერ გავცდით. თემს საკითხად განიხილავენდ დღემდე და არა ადამიანებად. დღემდე ვრჩებით პაიკებად სხვის თამაშში ად არა სუბიექტებად, რომლებიც პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობენ. და ეს საკითხი გამოიყენება იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული დაპრისპირება გაღვივდეს. ასეთ ბრძოლაში მუდმივად წაგებული ხარ“, - გვითხრა ეკა აღდგომელშვილმა.