2022 წლის 1 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსების ახალი მოდელი აამოქმედა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“ (DRG- Diagnosis Related Groups) დაფინანსებით ხდება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ერთსა და იმავე მომსახურებას ერთნაირი ღირებულება აქვს. პაციენტი ძველებურად ფარავს თანაგადახდის გარკვეულ პროცენტს, მაგრამ თუ კლინიკამ დაწესებულ ღირებულებაზე მეტი დახარჯა, ამას პაციენტს ვერ გადაახდევინებს.
ჯანდაცვის ასოციცია, რომელიც ასზე მეტ სამკურნალო დაწესებულებას აერთიანებს, აცხადებს, რომ დაფინანსების ეს სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მნიშვნელოვანია სწორად დაინერგოს.
„ეს მეთოდი ადგენს, რამდენი უნდა დაიხარჯოს პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას, საავადმყოფოში ყოფნისას. დიაგნოზი ფინანსდება და არა ცალკეული სამედიცინო ჩარევა. პირობითად, ვთქვათ, აპენდექტომია (ანთებითი ჭიაყელა დანამატის ქირურგიული მოცილება) შეფასებულია 500 ლარად. ამ თანხაში შედის ბინტი, ბამბა, ექიმის ხელფასი, კომუნალური გადასახადი და თუ დასჭირდა, რეანიმაციაც. ადრე კი როგორ იყო, ამ თანხაში ექიმის ხელფასი ადრეც შედიოდა, მაგრამ რეანიმაციას უკვე ცალკე კოდი (შესაბამისად, დაფინანსება) ჰქონდა, ხანგრძლივ მოვლასაც ცალკე... ახლა კი მხოლოდ ერთი თანხაა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე.
ენდოვასკულარული ოპერაციები [ოპერაცია გაკვეთის გარეშე - რ.თ.] ძლივს განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, სულ სამი ადამიანი აკეთებს. სადღაც 28 ათასი ლარი ჯდება და სახელმწიფო მხოლოდ 13-14 ათასი ლარით აფინანსებს.ნინო კიკნაძე
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფები დიაგნოზების მკურნალობის მიხედვით განსაზღვრა, ზოგიერთი დიაგნოზის მკურნალობის ღირებულება გაიზარდა, ზოგიერთის კი მკვეთრად შემცირდა. რა ხდება მაშინ, როდესაც კლინიკას მკურნალობა იმაზე მეტი უჯდება, ვიდრე სახელმწიფოს აქვს დადგენილი?
„ასეთ დროს გეუბნებიან, კლინიკამ თავისი რესურსი დაამატოსო. შეიძლება აპენდექტომიისას იზარალოს კლინიკამ, მაგრამ სტენტირებაში მეტი ფული მოიგოს და ხარჯი დაბალანსდება“, - განმარტავს ნინო კიკნაძე.
შეესაბამება თუ არა რეალობა თეორიულ გათვლებს, ამაზე გადაჭრით რამის სათქმელად კლინიკებს კიდევ ორ თვემდე სჭირდებათ. ნოემბერში ჩატარებულ ოპერაციებზე საავადმყოფოები ანგარიშებს სწორედ ახლა წარადგენენ. თუმცა, უკვე გამოიკვეთა, რომ გარკვეულ დარგებს ამ სისტემით არსებობა გაუჭირდებათ.
„ენდოვასკულარული ოპერაციები [ოპერაცია გაკვეთის გარეშე - რ.თ.] ძლივს განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, სულ სამი ადამიანი აკეთებს. სადღაც 28 ათასი ლარი ჯდება და სახელმწიფო მხოლოდ 13-14 ათასი ლარით აფინანსებს. კლინიკები იძახიან, აღარ გავაკეთებთ, ზევიდან 14 ათასს ჩვენ ვერ დავამატებთო. იგივე პრობლემაა ბავშვთა ორთოპედიაში. სქოლიოზების ოპერაციები 25 ათასამდე ჯდება და სახელმწიფოს დაახლოებით 14 ათას ლარად აქვს შეფასებული. არის საშიშროება, რომ ორთოპედებმა ეს ოპერაციები აღარ ჩაატარონ“, - ამბობს ნინო კიკნაძე.
„ჯერარსის“ კლინიკა ერთ-ერთია, რომელიც ენდოვასკულარული ქირურგიის მიმართულებით მუშაობს. ასეთი ოპერაცია პაციენტისთვის უკეთესი, მაგრამ ძალიან ძვირია.
„კლინიკაში ყველაზე მეტი პრობლემა ენდოვასკულარული ქირურგიის მიმართულებით გვაქვს, არა მარტო ჩვენ, კიდევ ორ კლინიკასაც, რადგან ახალი ტარიფი ხარჯის მესამედსაც კი არ ფარავს. ერთად ვცდილობთ სამინისტროსთან კომუნიკაციას, რომ ახალი სტანდარტი შევიმუშაოთ. ახლა შეიძლება კიდევ ჩავატაროთ ოპერაციები, რაც უკვე ნაყიდი და მომარაგებული გვაქვს, იმის ხარჯზე, მაგრამ ახალს ვეღარ ვიყიდით, ამიტომ სამინისტროც გაგებით ეკიდება ამ საკითხს“, - ამბობს ირმა მჟავანაძე.
DRG სისტემის თავისებურება ისიც არის, რომ პაციენტს აღარ შეუძლია, მკურნალობის უკეთესი ხარისხის მისაღებად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხითაც ისარგებლოს და თავისიც დაამატოს.
„მაგალითად, სახელმწიფო ადრე სტენტს აფინანსებდა 1000 ლარით. თუ პაციენტს მაღალი ხარისხის სტენტი უნდოდა, მაგალითად, 5000-ლარიანი, შეეძლო 4000 დაემატებინა და ჩაედგა. ახლა ამ პროგრამით ან 1000-ლარიანს უნდა დასჯერდეს, ან მთლიანი თანხა (5000 ლარი) თავად გადაიხადოს“, - განმარტავს ნინო კიკნაძე.
ლელა ბაღდავაძე, რომლის ბავშვმაც ცოტა ხნის წინ ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დადგა. მისი შვილი დააწვინეს პალატაში, რომელშიც ბავშვთან ერთად, კიდევ ოთხი მძიმე პაციენტი იწვა.
„მომსახურების მხრივ არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ პალატაში გადაყვანის შემდეგ, ბავშვი აღმოჩნდა პატარა ოთახში, ოთხ ადამიანთან ერთად, რომელთაც ჩირქოვანი გამონადენი, ღია ჭრილობები ჰქონდათ. ეს ბავშვისთვის, რომელიც ისედაც სტრესის ქვეშ იყო, მძიმე ასატანი იყო. მწერდა, წამიყვანე აქედანო. ვითხოვე, დამატებით საფასურს გადავიხდი და სხვა პალატა თუ არ არის, იქნებ, საერთოდ VIP-პალატა გამომიყოთ-მეთქი. მითხრეს, ასეთ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ დაფინანსებაზე და ოპერაციის თანხა სრულად უნდა გადაიხადოთო“, - ამბობს ლელა ბაღდავაძე. საბოლოოდ პრობლემა მაინც მოგვარდა და ბავშვი სხვა პალატაში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ მომავალი რამდენიმე თვე კიდევ უკეთ გამოაჩენს, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს ახალ სისტემას. რაც შეეხება უკვე გამოკვეთილ პრობლემებს, ნინო კიკნაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შეფასებული 500-მდე დიაგნოზიდან პრობლემატური დაახლოებთ ოცია. ამჯერად ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობს, რომ ხარჯსა და დაფინანსებას შორის სწორი ბალანსი მოძებნონ.