ახალი რეალობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ ვინ არის?

რა შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ყრილობამ?

საქართველოს უდიდეს ოპოზიციურ პარტიაში შიდა არჩევნების შედეგად თავმჯდომარის ცვლილებას პოლიტსაბჭოშიც მოჰყვა გადალაგებები. რა ვიცით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი მომხრეების ნაწილი ენმ-ის პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს. რამდენიმე პოლიტიკოსმა პროტესტის ნიშნად დატოვა პოლიტიკური საბჭო და პროცესს „გაუმჭვირვალე“ და „არადემოკრატიული“ უწოდა.

პარტიის მმართველ რგოლში ბოლოდროინდელი ცვლილებების კვალდაკვალ ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებები „ჩრდილოვან მმართველობაზე“ კიდევ უფრო მეტ უპასუხოდ დარჩენილ კითხვას აჩენს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ოპოზიციის ამომრჩეველზე.

და მაინც, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის დაარსებულ პარტიაში მისი პატიმრობის გადავადებაზე სასამართლოს უარისა და მისი „პოლიტიკიდან გასვლის“ შესახებ განცხადებების ფონზე?

რა ვიცით ენმ-ს არჩევნებსა და ყრილობაზე - გზამკვლევი

„გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა 27 იანვარს, ხმის მიცემის დაწყების წინა დღეს. ერთ კვირაში ახალმა მენეჯმენტმა ყრილობა შეკრიბა, პოლიტსაბჭო დაამტკიცა და… მასში ნიკა მელია არ შეიყვანა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ 2-დღიან ელექტრონულ არჩევნებში 40 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 30 იანვარს გამოცხადებული შედეგებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ხოლო მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ - 40%. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა და გიორგი მუმლაძემ კი 3.73 და 3.68% დააგროვეს.

არჩევნების შედეგები

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა კვირას, 5 თებერვალს მოიწვიეს. იქ ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასეც მოხდა. ამავე ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს დამტკიცების ახალი წესი ჩამოაყალიბეს და დაამტკიცეს კიდეც ახალი შემადგენლობა. უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე პოლიტსაბჭოს, დაახლოებით, ერთი მესამედია დამტკიცებული.

პოლიტსაბჭოში ნიკა მელია და არჩევნებში მისი მხარდამჭერების ნაწილი ვერ მოხვდნენ.

ვინ (ვერ) მოხვდა პოლიტსაბჭოში

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, - რომელმაც პოსტი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა, - ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა; პარტიის გენერალურ მდივნად კი კვლავ პეტრე ცისკარიშვილი აირჩიეს.

ის ფიგურები, ვინც პოლიტსაბჭოში ვერ მოხვდნენ, არიან:

  • პარტიის ერთ-ერთი სახე, ნუგზარ წიკლაური,
  • პრესმდივანი გიორგი პატარაია,
  • თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი,
  • მურთაზ ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი,
  • ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი,
  • ნინო კვიტაიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი,
  • ზურა მელიქიშვილი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, და სხვები.

ნიკა მელიამ ეს პროცესი შეაფასა, როგორც „პოლიტსაბჭოს არჩევითობის გაუქმება“ და დაუკავშირა იმ „არაფორმალურ გავლენებს“, რაზეც საარჩევნო კამპანიისას საუბრობდა.

ნიკა მელია

ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ, - რომელიც პარლამენტარების კვოტით მოხვდა პოლიტსაბჭოში, - „არადემოკრატიული“ უწოდა ამ გადაწყვეტილებას. მან ფეისბუკზე კვირასვე დაწერა, რომ პოლიტსაბჭოს სიიდან ამოიღეს ხალხი, ვინც „საკუთარი მხრებით შეინარჩუნა პარტია“, მათ შორის კი დაასახელა ზურა მელიქიშვილი, გიორგი პატარაია, ხათუნა ოჩიაური და სხვები.

რატომ დატოვა 4-მა წევრმა ახალი პოლიტსაბჭო

არჩევნების მეორე დღეს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა; პოსტები დატოვეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკო მინაშვილმა და საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემაც.

მოგვიანებით, უკვე პოლიტსაბჭოს გადარჩევის შემდეგ, ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ და კობა ნაყოფიამ, - რომლებიც პარლამენტარებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების კვოტებით მოხვდნენ პოლიტსაბჭოში, - ახლად დაკომპლექტებული ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვეს.

არც ვიცოდი, პოლიტსაბჭოს არჩევნები თუ იყო დაგეგმილიო, განაცხადა გიორგი კირთაძემ. მსგავსი პრეტენზია ბევრს ჰქონდა. ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მან მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგო, რომ პოლიტსაბჭოს არჩევა იყო დაგეგმილი. ნიკა მელია წინა დღით ტვ პირველის ეთერში ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოზე მისვლახზე „არ უფიქრია“, რადგან იქ ტექნიკური საკითხი იყო გადასაწყვეტი.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი პატარაია იხსენებს, რომ შაბათს 17:00 საათისთვის გააგებინეს პარტიის კანცელარიიდან, ყრილობა არის და იქნებ მოხვიდეო. „მივწერე, რა არის დღის წესრიგი-მეთქი, რაზეც პასუხად მივიღე, რომ 3 საკითხი იქნებოდა: ახალი თავმჯდომარის დამტკიცება, გენერალური მდივნის არჩევა და „მიმდინარე საკითხებიო“. აღმოჩნდა, რომ პოლიტსაბჭოს არჩევის წესიც დაუმტკიცებიათ და პოლიტსაბჭოც. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს არჩევაა, „მიმდინარე საკითხებში“ თუ გადის, საინტერესოა“, - გვიამბობს იგი.

ამ კრიტიკაზე პასუხად, პარტიის ახალი მენეჯმენტის ერთ-ერთმა სახემ, ენმ-ის მმართველობის დროინდელმა განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ „ძველი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა მიიღო „მესიჯი“, როდის სად და რა ტარდებოდა“.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ყრილობაზე. 5 თებერვალი. 2023

მისი თქმითვე, ყრილობამ დაამტკიცა პოლიტსაბჭოს არჩევის ახალი წესი და „იმისთვის, რომ პოლიტსაბჭოს ჰქონოდა ფუნქციონირების შესაძლებლობა, იქვე აირჩია 27 ადამიანი, და განსაზღვრა, რატომ“, - განაცხადა შაშკინმა.

პოლიტსაბჭოს დამტკიცების ახალი წესით, პოლიტსაბჭოს აკომპლექტებენ შემდეგი ჯგუფები:

  • პარლამენტარები - ამჟამად 17 ადგილი;
  • აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ამჟამად 14 ადგილი;
  • 73 წევრი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით რაიონულ ორგანიზაციებში;
  • პარტიის თავმჯდომარის კვოტა - 5 წევრი;
  • პარტიის გენერალური მდივნის კვოტა - 5 წევრი;
  • პარტიის სამდივნოს კვოტა - 5 წევრი.

5-5-წევრიანი კვოტიდან გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ლევან ვარშალომიძე შეიყვანა, თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა კი - ზაზა გოროზია. დანარჩენი, 90-მდე ადგილი ჯერჯერობით თავისუფალია.

ნაციონალური მოძრაობის ოფისი

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, რომელიც ბოლოდროინდელ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, ასევე გააკრიტიკა პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გზა და 9 თებერვალს განაცხადა, რომ „ამომრჩევლის ხმების 40%-ის მიმღები ნიკა მელია და პარტიის ღვაწლმოსილი წევრები“ თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ მმართველ ორგანოში.

„კლანური მმართველობა“?

ლევან კახიშვილს, - რომელიც ბამბერგის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS - გერმანია) დოქტორანტია, - ეხამუშება „პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის კვოტები“, - ფაქტი, რომ მათ 5-5 ადამიანის შეყვანა შეუძლიათ ორგანოში:

„თავმჯდომარე ერთი ადამიანია. რატომ უნდა ჰყავდეს მას პოლიტსაბჭოში 5 თანამოაზრე? ეს კლანური მმართველობის ნიშნებს ჰგავს. აქ არ გვაქვს საქმე ინსტიტუციონალიზაციასთან პარტიის შიგნით. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ისტორიისა და გამოცდილების პარტია, - და ვგულისხმობ არათუ ხანგრძლივობას, არამედ იმას, რომ ორჯერ იყო ხელისუფლებაში. მას უკვე უნდა ჰქონდეს წესები, ინსტიტუტები, პარტიის შიგნით, რომელიც უნდა იყოს სახე იმისა, რა ტიპის მმართველობა სურთ“, - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ, - ძალიან მძაფრად და ხშირად სწორად, - იმის გამო, რომ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, უხერხულობას იწვევს, თუკი მსგავსი პრაქტიკა გაქვს პარტიის შიგნითაც. რამდენად აქვს ამ პარტიას იმის საფუძველი, რომ მსგავსი კრიტიკა გააჟღეროს? ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კრიტიკა არ უნდა გაჟღერდეს, მაგრამ თუ პარტიას ესმის ის, რომ არაფორმალური მმართველობა არ არის სწორი, მაშინ ის საკუთარ თავშიც უნდა ხედავდეს ამ პრობლემას და ამაზეც უნდა მუშაობდეს. და ამის ნიშნებს ახლა ვერ ვხედავ“, - გვეუბნება იგი.

„მელიას შეუძლია, კენჭი იყაროს“

დიმიტრი შაშკინმა 6 თებერვალს უპასუხა მელიასა და სხვების კრიტიკას და განაცხადა, რომ ყრილობა ჩატარდა „დემოკრატიული პროცესით, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას“, ნიკა მელიაზე კი თქვა:

„[პოლიტსაბჭოში დამატებით] 73 ადამიანი იქნება არჩეული პირდაპირი არჩევნებით. ყველას, მათ შორის ნიკა მელიას, შეუძლია ნებისმიერ რაიონში დააყენოს კანდიდატურა და გაიმარჯვოს არჩევნებში“.

პეტრე ცისკარიშვილის თქმითვე, ეს არჩევნები ყველა რაიონულ ორგანიზაციაში 2 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. როდესაც პეტრე ცისკარიშვილს ჟურნალისტებმა გაახსენეს მელიას 40%-იანი მხარდაჭერა ენმ-ის ამომრჩეველში და ჰკითხეს, რატომ ვერ მოხვდა იგი პოლიტსაბჭოში, თქვა:

„იმ 40%-ის მქონე კანდიდატს რა პრობლემა აქვს, რომ იმ 88 ადამიანში მოხვდეს? არავის ხელოვნურად არ ამოუღია“, - თქვა ცისკარიშვილმა „ფორმულას“ ეთერში 6 თებერვალს და დასძინა: „არავითარი შევიწროება ეს არ არის“.

პეტრე ცისკარიშვილი

„შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP-ის) ანალიტიკოსი, ლევან კახიშვილი ამბობს, რომ პარტიაში არჩევნების ჩანიშვნის დღიდან გაჩნდა კითხვები, ენმ გაძლიერებული გამოვიდოდა ამ პროცესიდან, დასუსტებული, თუ, საერთოდაც, დაიშლებოდა? ამ კითხვაზე პასუხი კი არჩევნების და კამპანიების ჩატარების, კონკურენციის ხარისხსა და შედეგების გამოცხადების შემდეგ ვითარებას უნდა გაეცა.

„ახლა, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო მყარად დგას ეს დასუსტება-გაძლიერების საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, მელიამ აღიარა შედეგები და ხაბეიშვილის გამარჯვება, რაც კარგი ნაბიჯია. მაგრამ კარგი იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯი - მელია რომ მოხვედრილიყო ახალ პოლიტსაბჭოში. ეს იქნებოდა გზავნილი, რომ ეს ორი მხარე, მართალია, კონკურენციაში იყო, მაგრამ ეს იყო კონკურენცია და არა კონფლიქტი. „ორივე მხარეს აქვს პარტიის რიგებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, შესაბამისად, ორივე მხარე ერთად იმუშავებს, რათა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს“. ეს სიგნალი აუცილებლად იქნებოდა მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

მეორე მხრივ, მისი თქმით, ასეთ შედეგს რომ ვერ ვხედავთ, ეს აუცილებლად არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებას, თუმცა აქ კიდევ ორ საკითხს უნდა მიექცეს ყურადღება, რაც უშუალოდ პოლიტსაბჭოს, როგორც ორგანოს, მის წევრობასა და მისი არჩევის საკითხებს უკავშირდება.

ეფექტიანი მართვა?

ანალიტიკოსი აკრიტიკებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს არსებული სახით მოქმედებასაც და მიიჩნევს, რომ „როდესაც პოლიტსაბჭო, რომელიც პარტიის მმართველი ორგანო უნდა იყოს, შედგება 100 და მეტი ადამიანისგან, მას ვერ ექნება მნიშვნელოვანი როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“:

„პოლიტსაბჭო აღმასრულებელი ორგანო უნდა იყოს თავისი თავმჯდომარით, გენერალური მდივნითა და სხვა კადრებით. სახელმწიფოს მოდელი რომ ავიღოთ, გვაქვს პარლამენტი და მთავრობა, რომელთა როლსაც, ამ შემთხვევაში ყრილობა და პოლიტსაბჭო შეასრულებდნენ. 100 ადამიანის ერთობა კი, შეუძლებელია, იყოს აღმასრულებელი ორგანო, მით უმეტეს პარტიაში. ქვეყანას არ სჭირდება ასეთი დიდი აღმასრულებელი ორგანოები. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ პოლიტსაბჭოს ფუნქცია, როლი და წონა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს“, - შენიშნავს ლევან კახიშვილი.

ერთი მხრივ, წევრების სიმრავლის, მეორე მხრივ კი, ცალკეული პირების „კვოტების“ არსებობის ფონზე, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოში „არ იქნება დელიბერაციული [ხანგრძლივი და ფრთხილი საკონსულტაციო] პროცესები, არ იქნება განხილვები, „ასე გავაკეთოთ ან ისე გავაკეთოთ, ესა თუ ის სტრატეგია განვიხილოთ“. მსგავსი განხილვები საჭიროებს ხოლმე უფრო ვიწრო ჯგუფებს“.

„ეს, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ იქნება ინსტიტუციონალიზებული პარტიის შიგნით. იმის ნაცვლად, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, უბრალოდ დაამტკიცებს ვიღაცების მიერ ცალკე, კარს უკან მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - გვეუბნება ანალიტიკოსი.

„ფარული მმართველობა“

პარტიაში „კარს უკან გადაწყვეტილებების“ მიღების საფრთხეზე ნიკა მელია მეორე ფლანგის მიერ არჩევნების მოთხოვნის პერიოდიდანვე საუბრობდა.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, „ჩეკისტური მეთოდებით“ პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გამოსვლისას. 2020 წლის 20 თებერვალი

ახალი პოლიტსაბჭოს ნაწილობრივ დაკომპლექტებისა და ახალი წესის შემუშავების შემდეგ კი მელიას შეფასება ასეთი იყო:

„დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა … რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით… ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა, ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას“.

ასევე ნახეთ მელია ამბობს, რომ მასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილია

მელიამ მერაბიშვილს ლევან ხაბეიშვილის შტაბის „ფაქტობრივი ხელმძღვანელი“ უწოდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მელიას მხარდამჭერმა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, მერაბიშვილი განსაკუთრებით სამეგრელოში აქტიურობდა ენმ-ის მხარდამჭერებთან ურთიერთობაში, - მათ შორის, ხვდებოდა ყოფილ ძალოვნებს.

დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს „ფარული მმართველობის მცდელობის“ ბრალდებებზე ამ დრომდე არ გაუციათ საჯაროდ პასუხი.

მეორე მხრივ, მერაბიშვილი ფეისბუკზე ხაბეიშვილის საარჩევნო კამპანიასა და მის პოსტებს ხშირად აზიარებდა. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს - ის, რომ კეზერაშვილი მხარს უჭერდა, ხაბეიშვილს არ უარუყვია. მან ასევე თქვა, რომ კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტნიორი არ არის, თუმცა მიესალმება, რომ ოპოზიციას ეხმარება.

ურთიერთობები იცვლება

2017 წლიდან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკოსების დიდი ჯგუფი გამოეყო და „ევროპული საქართველოს“ სახელით გააგრძელა საქმიანობა, ლევან ხაბეიშვილი სწორედ კეზერაშვილს უკავშირებდა ამ ნაბიჯს.

„ეს კეზერაშვილი სად არის დღეს? ვის კარზე მსახურობს? ბიძინა ივანიშვილის კარზე. რას აკეთებს, ხომ არ იცით? ეს კაცი დღეს აფინანსებს იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს. დანამდვილებით ვიცი ეს“, - თქვა ხაბეიშვილმა 2018 წლის 13 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში. მას სხვა არაერთ შემთხვევაშიც ჰყავს კეზერაშვილი გაკრიტიკებული, - უწოდებდა „კორუმპირებულსაც“.

შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიისას, როდესაც ამ განცხადებებზე დაუსვეს კითხვები, ხაბეიშვილმა თქვა, რომ კეზერაშვილის მიერ „მილიარდების მოპარვაზე“ განცხადებები „მისი აზრი“ იყო, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი

იცვლებოდა კეზერაშვილისადმი ნიკა მელიას დამოკიდებულებებიც. 2017 წლიდან მელიაც უპირისპირდებოდა კეზერაშვილს - ისიც „ევროპული საქართველოს“ საკითხის გამო.

მოგვიანებით, 2021-22 წლებში, მელიამ კეზერაშვილის მიმართ რიტორიკა შეცვალა და აცხადებდა, რომ მისგან, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ჩამოყალიბების პარალელურად, „დამაკმაყოფილებელი პასუხი“ მოისმინა დასმულ კითხვებზე, რის შემდეგაც მზად იყო პარტნიორობისათვის.

თუმცა 2022 წლის სექტემბერში მელიამ თქვა, რომ „არ სჯერა“, რომ კეზერაშვილი გულწრფელია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მასთან დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო.

9 ნოემბერს „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ ენმ-ის წევრების ნაწილი, მათ შორის, რეგიონების წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და იქ პირველად მოითხოვეს საჯაროდ არჩევნების ჩატარება. ნიკა მელია ახლა აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში თავისით არ გაჩენილა ეს ხალხი“, თუმცა ამ ეტაპზე უარს ამბობს, ისაუბროს გარემოებებზე, „ამას წინ რა უძღოდა“:

„მომავალი ნათელს მოჰფენს. იმედია, მიხეილ სააკაშვილი მალე იქნება თავისუფალი და გადაყვანილი საზღვარგარეთ და ამის შემდეგ დაიწყება საინტერესო პროცესები“, - განაცხადა მან 2 თებერვალს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს.

ასევე ნახეთ სად არის „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“ - ჩაკეტილი წრე სააკაშვილის გარშემო