პროკურატურამ ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატს გადასცა. ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რომლითაც ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალია. ეს ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. მისივე თქმით, საქმეში არსებული დასკვნის თანახმად, სისხლი, რომლის კვალიც აღინიშნა ხელის ურიკაზე, ნანიკო ბერიაშვილს ეკუთვნის.
„დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული. ამ მავთულზე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი. ასევე მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანიკო ბერიაშვილთან. ასევე მივიღეთ ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია“, - აცხადებს გელხაური.
ასევე ნახეთ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდაერთი თვის წინ, ვიდრე ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი გახდებოდა ცნობილი, ადვოკატს კითხვები ჰქონდა გამოძიებასთან. მისი თქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ვერ ამტკიცებდა, მკვლელმა როგორ გადაიტანა ცხედარი ლიახვის სანაპიროზე, როცა ხელის ურიკაზე მისი თითების ანაბეჭდების დამთხვევა ვერ მოხდა. ამჟამად, ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ურიკაზე აღმოჩენილი სისხლის კვალის დამთხვევა მრავალ კითხვაზე სცემს პასუხს.
„ძირითად კითხვას, თუ რით მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილზე, სადაც ის აღმოაჩინეს, პასუხი გაეცა. ის ხელის ურიკით იქნა გადატანილი. გამოძიების ვერსიით, იაგო ნებიერიძემ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ურიკით მიიტანა, რასაც ურიკაზე ორ ადგილას აღმოჩენილი ბერიაშვილის სისხლის კვალი ადასტურებს“, - აცხადებს ადვოკატი.
გელხაური ვარაუდობს, რომ ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ურიკაზე სწორედ მისი მოკვლის შემდეგ მოათავსა.
ასევე ნახეთ გორის პარკი - საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრიგამოძიების დასაწყისშივე აღმოჩენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ოჯახისთვისაა ცნობილი, ეს არის ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული კადრები. ამ კადრებში ბავშვი ცოცხალია და იქვე ისმის ბრალდებულის ხმაც. გარდაცვლილი ბავშვის პაპა, გოჩა ბერიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. მისი აზრით, ნებიერიძე მარტო მოქმედებდა და ამ საქმეში არავინ ეხმარებოდა.
„გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, ეჭვი არ მეპარება, ის (იაგო ნებიერიძე) მარტო იქნებოდა“.
გორში 9 წლის გოგონა გასული წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 21 თებერვალს იწურება. ადვოკატი გიორგი გელხაური ვარაუდობს, რომ შეგროვილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე პროკურატურას წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ არ დასჭირდება. ეს ვადა 21 დეკემბერს ორი თვით ერთხელ უკვე გახანგრძლივდა. ოჯახის ინტერესების დამცველიც და ნანიკო ბერიაშვილის ნათესავებიც ახლა სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდებიან.