წინასწარი შეტყობინების სისტემები შოვის ტრაგედიას თავიდან აირიდებდა - ახალი კვლევის ავტორები

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებელი მკვლევრები ახალ კვლევას აქვეყნებენ

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე გამოქვეყნებული კვლევა ამბობს, რომ სტიქიის წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.

სახელმწიფოს რამდენიმე თვის წინანდელი დასკვნა საპირისპიროს ამბობს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და მისმა მოადგილემ, თეა გოდოლაძემ და ლაშა სუხიშვილმა 2024 წლის 3 აგვისტოს გამართეს შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია.

ავტორების თანახმად, კვლევამ გააანალიზა სატელიტური და სეისმური მონაცემები, საბოლოო ჯამში კი მთავარი დასკვნა ასეთია:

  • „კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე;
  • დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა;
  • სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორი საათის შემდეგ“, - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

სუხიშვილის განმარტებით, მთავარი განსხვავება ის არის, რომ „დაშლის პროცესმა “ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და, სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა“.

თეა გოდოლაძის შეფასებით, ეს ყველაფერი აძლევს საშუალებას, დაასკვნას, რომ „წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების) აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება“.

„მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებდით, რომ იქ ორი საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ საქართველო სტიქიებისთვის მზად არ არის - კავკასიონის მყინვარები დნება

სამ აგვისტოსვე, ტრაგედიის წლისთავზე შოვში ჩასულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავს თუ არა სახელმწიფო აღნიშნული სისტემების დამონტაჟებას.

კობახიძემ თავდაპირველად თქვა, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ნათქვამზე და იგი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი განაცხადა:

„რაც შეეხება სისტემებს, მე გავაკეთე განცხადება ჯერ კიდევ მთავრობის დამტკიცების დღეს, ასევე, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, რომ [ამ საკითხზე] მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. [ამ საქმეს] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება. შვეიცარიელი პარტნიორია ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით“.

მას კონკრეტული ვადები და არეალები არ დაუსახელებია, მხოლოდ განაცხადა, რომ „ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ გარკვეულ ვადებში ყველა სამუშაო შესრულდება“.

განსხვავებით ახალი კვლევისაგან, სახელმწიფოს მიერ 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნა ამბობს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა.

დასკვნა გარემოს ეროვნული სააგენტომ შეიმუშავა გეოლოგების ჯგუფთან ერთად და ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან მერვე თვეს გასაჯაროვდა.

დასკვნაში შესაძლო საფრთხეებზეც არის საუბარი - შოვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

ასევე ნახეთ შოვი - გამქრალი კურორტი

2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

შარშან დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ დასრულებულა გამოძიება, კობახიძემ 2024 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა:

„დღეს შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია ორგანიზება გავუწიოთ შეხვედრას, სადაც უშუალოდ ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი, გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით და მოუსმენს ექსპერტებს“.

გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს.

იურისტების ნაწილი თვლის, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.