„ახალი განზომილება“: რას უნდა ველოდეთ პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ

სამხედრო მანქანაში მჯდომი ევგენი პრიგოჟინი ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად ფოტოს იღებს დონის როსტოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, 24 ივნისი.

2023 წლის 24 ივნისს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებმა, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, მოსკოვისკენ მარში დაიწყეს.

1991 წლის 17 აგვისტოს საბჭოთა მთავრობის მაღალჩინოსნებმა და „კაგებეს“ ხელმძღვანელობამ სსრკ-ს ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი დააკავა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ორი დღის შემდეგ მოსკოვში მათ დანაყოფებს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ. ჯარმა უკან დაიხია.

21 აგვისტოს ყველაფერი დასრულდა. გადატრიალება ჩაფლავდა, გორბაჩოვის ძალაუფლება ბოლომდე შესუსტდა, რუსეთის სათავეში კი ბორის ელცინი მოექცა. 4 თვის შემდეგ საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.

ეს იყო პუტჩის მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდა.

2023 წლის 24 ივნისს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებმა, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით მოსკოვისკენ მარში დაიწყეს. პრიგოჟინი - ყოფილი პატიმარი და რესტორატორი, რომელსაც „პუტინის მზარეულად“ მოიხსენიებდნენ - რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილ ფიგურად მიიჩნეოდა. ახლა კი „ვაგნერის“ წამოწყებას პუტინმა „ზურგში ჩაცემული დანა“ უწოდა.

ამ ინციდენტმა უამრავი შეკითხვა წამოჭრა. პირველ რიგში: რა მოხდა? იყო თუ არა ეს ამბოხი და რა იყო მისი შედეგი? როგორ აისახება ეს ამბები უკრაინაში მიმდინარე ომზე?

„ინციდენტი“ ამოიწურა?

ექსპერტების აზრით, პრიგოჟინის მარში მოსკოვისკენ პუტინის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მისი პრეზიდენტობის 23 წლის განმავლობაში. 24 ივნისის ღამით კრემლმა განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო - პრიგოჟინმა უკან დაიხია.

შეთანხმების მიხედვით, რომელიც პირველად ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გააჟღერა - პრიგოჟინი ბელარუსში წავიდა, „ვაგნერელებმა“ როსტოვი დატოვეს, რუსეთის ხელისუფლება კი საქმეს არ აღძრავს პრიგოჟინის და „ვაგნერელების წინააღმდეგ“.

ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: „მთავარი ამოცანა იყო სისხლისღვრის თავიდან არიდება, შიდა კონფრონტაციის თავიდან არიდება, თავიდან არიდება შეტაკებებისა, რომელთა შედეგების განსაზღვრა შეუძლებელი იყო“.

თავად პუტინს 26 ივნისის საღამოს ვითარებით ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია. „ვაგნერთან“ დაკავშირებით მან ბოლოს 24 ივნისს, 5-წუთიანი სატელევიზიო მიმართვისას ილაპარაკა და პრიგოჟინსა და მის მებრძოლებს მოღალატეები უწოდა, რომლებიც ამ ყველაფრისთვის „პასუხს აგებდნენ“.

არ ჩანს პრიგოჟინიც. ის ბოლოს 24 ივნისს როსტოვში ნახეს, სადაც მოსახლეობა მასთან ფოტოებს იღებდა.

ასევე ნახეთ ფოტო: პრიგოჟინს და „ვაგნერელებს“ მეგობრულად აცილებენ როსტოველები

იყო თუ არა ეს ამბოხი?

პრიგოჟინი უკვე თვეებია, რაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდის, მკაცრად აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს და ზოგჯერ ომის დაწყების მიზეზების შესახებ მოსკოვის ოფიციალურ ნარატივსაც უპირისპირდება.

თუმცა, ბოლომდე ცხადი არ არის, თუ რისი მიღწევა სურდა მას, როდესაც მებრძოლებს როსტოვის დაკავება უბრძანა და შემდეგ მოსკოვის მიმართულებით დაძრა. იგორ გირკინმა - რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერმა და ე.წ. დნრ-ს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ამას ამბოხება უწოდა. „ზოგადად ეს „ჯანყი“ არ ყოფილა. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, - დაწერა მან 24 ივნისს თავისი „ტელეგრამის“ არხზე.

ქალი ფოტოს იღებს „ვაგნერის“ წევრთან ერთად. დონის როსტოვი. 24 ივნისი

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პრიგოჟინის ქმედებებს თითქმის სრულყოფილად უდგება სამხედრო ამბოხების დეფინიცია. თავად პუტინმაც, სატელევიზო მიმართვაში, მომხდარი აჯანყებად მოიხსენია.

თუმცა, თავად პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მისი ქმედებები მიმართული იყო არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ უცდია „ვაგნერის“ ლიდერის შევიწროება. ბოლო ასეთი მცდელობა იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა მოხალისე მებრძოლმა კონტრაქტი მხოლოდ სამინისტროსთან უნდა გააფორმოს. ეს „ვაგნერს“ ახალი პერსონალის რეკრუტირებას გაუძნელებდა და მის მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარებდა.

„როდესაც სამხედრო გადატრიალებას ვახსენებთ, წარმოგვიდგება შეიარაღებული პირები, რომლებიც კრემლს იკავებენ, აპატიმრებენ ან კლავენ პუტინს და ქვეყნის სათავეში ახალ ლიდერს სვამენ“, - წერდა ლორენს ფრიდმანი, ომის საკითხების შესწავლის პროფესორი. „ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეს ამბოხება არ ყოფილა. პრიგოჟინი ირწმუნებოდა, რომ მას გადატრიალება კი არ სურდა, არამედ უნდოდა შოიგუსა და გერასიმოვის მოშორება და მათი სტრატეგიის შეცვლა, რომელიც ჯარისკაცების „ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრას“ გულისხმობს“.

ასევე ნახეთ „პუტინის მზარეულის“ სისხლიანი მენიუ

რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებდნენ ხმებს, რომ ამ ამბებს შოიგუ, გერასიმოვი ან ორივე ერთად გადაყვებოდა. ამბოხების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ ორივე თავის თანამდებობებზე რჩება. მათ შესაძლო შემცვლელებად ასახელებენ ალექსეი დიუმინს, პუტინის ყოფილ დაცვას, რომელიც ამჟამად ტულის რეგიონის გუბერნატორია, ან პრიგოჟინის ფავორიტ გენერალ სუროვიკინს.

პუტინის ეპოქის დასასრული?

1991 წლის პუტჩის გარდა სხვა ისტორიული პარალელების მოყვანაც შეიძლება. ერთი ასეთი პრიგოჟინმაც ახსენა და პუტინმაც - 1917 წელი, როდესაც დემორალიზებულ რუსულ არმიაში ამბოხებები დაიწყო, პეტერბურგში კი ჯერ მეფე ჩამოაგდეს, შემდეგ კი, რამდენიმე თვეში, ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში.

პუტინი, ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში, თავს წარმოაჩენდა, როგორც სტაბილურობის გარანტს და 1990-იანი წლების ქაოსის აღმკვეთს.

მისი უძლეველობის იმიჯი კი შეირყა უკრაინაში ომის მიმდინარეობასთან ერთად. ახლა კი პრიგოჟინმა ის პირდაპირ გამოიწვია - მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქმითაც. ის ფაქტი, რომ „ვაგნერის“ შეიარაღებულმა მებრძოლებმა პრაქტიკულად შეუფერხებლად ჩააღწიეს ლამის ქვეყნის დედაქალაქთან, სერიოზულ პრობლემებს უქმნის პუტინის ადმინისტრაციას.

ვლადიმირ პუტინი მიმართავს რუსეთის მოსახლეობას. 24 ივნისი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი 24 ივნისს აღნიშნავდა, რომ კრემლის უშიშროების ორგანოებმა ვერ აღკვეთეს დამოუკიდებელი სამხედრო დაჯგუფების მიერ როსტოვის დაკავება და მოსკოვისკენ სვლა. „ვაგნერი, სავარაუდოდ, მოსკოვთან მივიდოდა, პრიგოჟინს რომ ამის ბრძანება გაეცა“, - წერდა ვაშინგტონში ბაზირებული ანალიტიკური ცენტრი.

პრიგოჟინის გამოწვევა მოლაპარაკებების შედეგად დასრულდა და არა ბრძოლით. პუტინმა „ვაგნერელებს“ მოღალატეები და ამბოხებულები უწოდა, თუმცა, მათ ამისთვის არ გაასამართლებენ. „გამოჩნდა პუტინის სისუსტე და მისი ავტორიტეტი შემცირდა“, - დაწერა როდრიკ ბრეითვეიტმა, რომელიც 1988-1992 წლებში ბრიტანეთის ელჩი იყო მოსკოვში. „ჯერაც არ ვიცით, როგორ ან როდის წავა პუტინი, ან ვინ შეცვლის მას. თუმცა, ცხადია, რომ ვხედავთ პუტინის ეპოქის დასასრულს“.

„არსებობს კონსენსუსი, რომ რუსეთმა ახალ განზომილებაში გადაინაცვლა“, - დაწერა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა სერგეი მარკოვმა თავისი „ტელეგრამის“ არხზე. „ახლა ეს არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია პუტჩები. მიიჩნევა, რომ ამ კრიზისმა აჩვენა პრეზიდენტ პუტინის მკვეთრი დასუსტება. ასევე აჩვენა, რომ პუტინი რაღაც მომენტში ძალაუფლებისგან ჩამოშორების ზღვარზე იყო“. მან დასძინა: „სხვათა შორის, რუსეთში არ ფიქრობენ, რომ ახალ განზომილებაში შეაბიჯეს“.

როგორ აისახება ეს უკრაინაში მიმდინარე ომზე?

უკრაინაში, სადაც სრულმასშტაბიანი ომის მე-17 თვე მიდის, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სიხარულით ადევნებდნენ თვალს. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ არეულობა ფრონტზეც აისახება და უკრაინის ჯარს კონტრშეტევაში დაეხმარება.

„პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო და აჩვენა, რომ ძალადობის მონოპოლია ქვეყანაში აღარ არსებობს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.

თუმცა, რა გავლენა ექნება ამას ომის მიმდინარეობაზე, ჯერ უცნობია.

ასევე ნახეთ კონსტანტინ ეგერტი: „პუტინის რეჟიმი, როგორიც აქამდე ვიცოდით, დამთავრდა. რაღაც ახალი იწყება”

უკრაინის კონტრშეტევა ჯერ საწყის ფაზაშია. სარდლობას ჯერ ბრძოლაში არ ჩაურთავს ნატოს მიერ გაწვრთნილი და ეკიპირებული მებრძოლების დიდი ნაწილი.

უცნობია, თუ რა ბედი ეწევა „ვაგნერის“ დაჯგუფებას, რომელმაც მნიშნელოვანი როლი შეასრულა რამდენიმე თავდასხმით ოპერაციაში - მარიუპოლში, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლებში და ბახმუტში (პრიგოჟინის ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 ათასი „ვეგნერელი“ დაიღუპა).

ასევე საკითხავია, თუ როგორ აისახება არეულობა ფრონტის ხაზზე მებრძოლი რუსი ჯარისკაცების დისციპლინასა და განწყობაზე - ეს რუსეთის არმიისათვის მანამდეც სისტემური პრობლემა იყო.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის პოზიციებს ზაპოროჟიეს რეგიონში. 24 ივნისი

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მოსკოვისკენ მარშის დროს „ვაგნერელებმა“ 7 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს ან დააზიანეს და ჩამოაგდეს თვითმფრინავი „ილ-22“. შედეგად დაიღუპა 13 რუსი ჯარისკაცი. არადა, შეთანხმების მიხედვით, „ვაგნერელები“ ამაზე პასუხს არ აგებენ, რაც, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო მეთაურების ბრაზს გამოიწვევს.

„ყველას ესმის, გაგვიმართლა, რომ ასე ცოტა ადამიანი დაიღუპა“, - წერს მარკოვი. „მეორე აჯანყების შემთხვევაში დაიღუპება ბევრად მეტი. და, თუ სერიოზულად რამე არ შეიცვალა, თუ აჯანყების მიზეზები არ აღმოიფხვრა, მაშინ მეორე აჯანყება საჭირო იქნება“.