შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ახალგორში 14 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ მათ ვერ მიიღეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება და არც მათ ოჯახებს მისცეს პაციენტების თბილისის კლინიკებში გადმოყვანის უფლება. ამ ერთი წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ, 10 დღით გაუხსნა გზა ადგილობრივ პენსიონერებს იმისთვის, რომ წეროვანში მყოფი ნათესავები მოენახულებინათ, ექიმთან მისულიყვნენ, პენსია მიეღოთ და ისევ დაბაში დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ 6 თვეზე მეტი გავიდა, ახალგორი ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. ამას დაემატა დე ფაქტო მთავრობის მიერ რუსეთთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტი მოჰყვა, დეფიციტმა კი ფასები ისე გაზარდა, რომ მათი შეძენა მოსახლეობას ძალიან უჭირს.
ასევე ნახეთ გზა ჩაკეტეს - პენსიონერთა ნაწილი ახალგორში აღარ დაბრუნდა
რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო ამბობს, რომ ადგილობრივ მაღაზიებში, თბილისის ფასებთან შედარებით, პროდუქტები 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს.
„მაღაზიები თითქმის მთლიანად ცარიელია და რა პროდუქტებიც შემორჩენილია, მასაც „ცეცხლი“ უკიდია. აქაურ მოქალაქეების თავი, საკუთარ ბაღებში მოწეული ხილ- ბოსტნეულით გააქვთ. ზოგს ძროხა ჰყავს, ზოგს ცხვარი, ქათამი და ასე გააქვთ თავი. დაბაში ხელფასი მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ. მოხუცები კი სხვადასხვა პროდუქტს ვალით ყიდულობენ და ელოდებიან, როდის მიიღებენ პენსიას, რომ ეს ვალები დაფარონ. უმძიმესი მდგომარეობაა დაბაში, ახლა კიდევ შესაძლოა ბაღჩებში მოწეული მოსავლით თავის გატანა და შიმშილთან გამკლავება, მაგრამ ზამთარში რა იქნება არავინ იცის. ალბათ, ყველა ეცდება, რომ აქაურობა, ჩაკეტილი გზის მიუხედავად, როგორმე დატოვოს და ნათესავებთან წეროვანში წავიდეს, ასეთი შემთხვევები უკვე არის, როცა ადამიანები გარბიან შემოვლითი გზებით.“
რატომ ჩაკეტა ბიბილოვმა ახალგორი? იზოლაციის ერთწლიანი ისტორია
გასული წლის 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ულტიმატუმით ჩაშალეს. ისინი ქართული მხარისგან მოითხოვდნენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს ტყის მასივიდან გატანას, ეს ტყის მასივი, ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება. ბიბილოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საგუშაგო წნელისის, როგორც თავად უწოდებენ სოფელ უისტას, საზღვრებში იყო განთავსებული და თუ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ გაიტანდა, მეორე დღეს, 30 აგვისტოს სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას დაიწყებდნენ.
ასევე ნახეთ ახალი დეზინფორმაცია ჩორჩანა-წნელისის კრიზისზე, ანალიტიკოსები ესკალაციის საფრთხის მოლოდინში
30 აგვისტოს ჩორჩანასა და მიმდებარე ტყის მასივში დაძაბული ვითარება იყო, რადგან მეზობელ ოკუპირებულ წნელისში ოსების და რუსების სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრების ნაცვლად, ტექნიკური შეხვედრების ჩატარება დაიწყო (ჯამში 7 ასეთი შეხვედრა ჩატარდა), თუმცა მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. მოგვიანებით ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ორი საგუშაგო განათავსა და ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თითქმის 1,5 კილომეტრით შემოჭრის შემდეგ გააკეთა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მაშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩორჩანის ქართული საპოლიციო საგუშაგო, სოფელ წნელისიდან 250 მეტრით იყო დაშორებული და განთავსებული იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ოსური საგუშაგოები ტყის მასივში, ოკუპაციის ხაზიდან 1,3 კილომეტრით იყო შემოწეული ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბიბილოვმა ახალგორიც ჩაკეტა, სადაც ეთნიკური ქართველის დიდი ნაწილი ცხოვრობს და ამ მოქალაქეებს მუდმივად ჰქონდათ კონტაქტი თბილისთან და წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან.
არაერთმა საერთაშორისო, ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის მიერ დაბა ახალგორში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, მაგრამ ბიბილოვი ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არ ითვალისწინებს და დაბას ისევ ჩაკეტილად ტოვებს, ვიდრე ჩორჩანა-წნელისის კრიზისი არ მოგვარდება.
ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
„უკიდურესად რთული ვითარებაა ახალგორის რაიონში, კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაშია, ამ პირობებში იმყოფება უკვე დიდი ხანია. ვერ გადმოდიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად, ვერ მოდიან პროდუქტების შესაძენად, ვერ მოდიან პენსია-შემწეობის ასაღებად, ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. იქ პროდუქტების დეფიციტია და მოსახლეობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.“
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებას, დაბაში წარმოქმნილი პრობლემების გამო ხშირად აკრიტიკებს , „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალგორელების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა დაბიდან გაქცევაზე ფიქრობს.
ასევე ნახეთ საგანგაშო ვითარება - ჩაკეტილ ახალგორში დაღუპული ადამიანები
„ხანში შესული ადამიანები ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონეები, სამკურნალოდ გასვლას წითელი ჯვრის მეშვეობით ცდილობენ. ასე ვთქვათ, სარგებლობენ საკუთარი დიაგნოზით, რომ ნათესავებთან გავიდნენ. აქედან თბილისის კლინიკებში მკურნალობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია, რომ გამოკვლევა მათ ცხინვალის საავადმყოფოში გაიარონ. ამ გზით ყოველკვირეულად რამდენიმე ადამიანი გადის დაბიდან, მაგრამ გასასვლელად მათ ასევე სჭირდებათ სპეციალური საშვი, რომელიც ყველას არა აქვს, რადგან კარანტინის გამო, მარტის შუა რიცხვებში, საშვების გაცემა შეაჩერეს. ისინი, ვინც შედარებით ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან, ცდილობენ წითელი ჯვრის „ოჯახების გაერთიანების“ პროგრამით ისარგებლონ და ამ გზით დატოვონ ახალგორი. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ოთხმოცდაათმა ადამიანმა გამოთქვა ამ პროგრამით სარგებლობის სურვილი, მაგრამ მხოლოდ ხუთს მიეცა ამის შესაძლებლობა.“
ახალგორიდან მოწოდებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი ე.წ. საზღვარს „არალეგალურად“ მაინც კვეთს. მათ კარგად იციან მთიანი ადგილები, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა ისე შეიძლება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მესაზღვრეებს გვერდი აუარონ, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა წარუმატებლად სრულდება და ასეთ ადამიანებს ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ ჯარიმას ახდევინებენ. ახალგორელების ნაწილი მაინც გადმოდის და წეროვანში ნათესავებთან ჩასვლას ახერხებს. ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობამაც არაერთხელ მოუწოდა ბიბილოვს გზის გახსნისკენ, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტს არც „საკუთარი“ მოსახლეობის ესმის და არც საერთაშორისო ორგანიზაციების.