ახალგორი მძიმე რეალობის პირისპირ

ახალგორელი პედაგოგი თამარ გიგაური ისევ ადგილობრივ საავადმყოფოში წევს. ის ნოემბრის დასაწყისში ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა მიიღო, მოიტეხა მხარი, ქვედა კიდურები შეშუპებული აქვს. ოჯახის წევრებმა მაშინვე მიმართეს შესაბამის უწყებებს და დაზარალებულის თბილისის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა და გიგაურის ნათესავებს მისი ცხინვალში გადაყვანა შესთავაზეს.

Your browser doesn’t support HTML5

ახალგორი მძიმე რეალობის პირისპირ


დაზარალებულს ცხინვალში სათანადო დახმარება ვერ გაუწიეს და ისევ ახალგორში დააბრუნეს. პედაგოგი უკვე თვეზე მეტია ადგილობრივ საავადმყოფოში წევს, ოჯახი კი მის თბილისში გადაყვანას ისევ უშედეგოდ ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად თბილისის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა, თამარ გიგაურის გადაყვანა მაინც ვერ ხერხდება. პედაგოგის და, ნუნუ გიგაური, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ “ეხო კავკაზას” ეუბნება, რომ გამშვებ პუნქტზე სპეციალურ საშვს ითხოვენ, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.

სვეტლანა გამხიტაშვილიც ახალგორის მცხოვრებია. მას მუდმივად სჭირდება სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები, მაგრამ ჩაკეტილი გზის გამო ვეღარც გამოკვლევებს იტარებს და ვეღარც მედიკამენტებს იღებს. თბილისელი ექიმების მიერ ადრე დანიშნული ზოგიერთი მედიკამენტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საერთოდ არ იყიდება. გარდა ამისა, სვეტლანა გამხიტაშვილს დიდი ხანია, ე.წ. საზღვარს მიღმა დარჩენილი ახლო ნათესავები აღარ უნახავს.

ახალგორის დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი კი ცხინვალში პრესკონფერენციას მართავს და თავს იწონებს რაიონში არსებული ვითარებით. პრესკონფერენციის დეტალებს ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. მამიტოვის თქმით, ახალგორის საავადმყოფოს 8 650-მა კაცმა მიმართა და აქედან 347-ს სტაციონარული დახმარება გაეწია. მისივე განცხადებით, დაბაში 16 ექიმი მუშაობს და მედპერსონალის საერთო რაოდენობა 65-ია.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მამიტოვის მიერ მოყვანილი სტატისტიკა ზღაპარია. მისი თქმით, ადამიანისთვის ციტრამონის მიწოდებაც ამ ვითომ სტატისტიკაში შედის, ექიმები კი მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდზე არიან გაფორმებული. ყველაზე ნორმალურად ექოსკოპიის კაბინეტი მუშაობდაო, ამბობს თამარი, მაგრამ გზის ჩაკეტვის გამო ექიმი წეროვანში დარჩა, სამსახურში ვეღარ დადიოდა და გაათავისუფლეს. სამოქალაქო აქტივისტი იმასაც გვეუბნება, რომ მამიტოვის მიერ დანიშნული ექიმი პაციენტების სიმპტომებს საძიებო სისტემით, "გუგლით" ეძებს.

ვიტალი მამიტოვმა პრესკონფერენციაზე ახალგორის ე.წ. პასპორტიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი" 3 200-მა ადამიანმა მიიღო, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2017 წლამდე 1600-ს შეადგენდა. თამარ მეარაყიშვილი ამ მონაცემებსაც ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნევს. მისი თქმით, გასული წლის ე.წ. არჩევნებზე პასპორტის მქონე ამომრჩეველთა გაბერილი რაოდენობაც კი 1 500-ს არ აღემატებოდა.

დაბა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია. განსაკუთრებით უჭირთ პენსიონერებს, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ. 4 სექტემბრიდან ჩაკეტილი გზის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დიდი ხანია აღარ გადმოსულან და კუთვნილი პენსია არ მიუღიათ. ახლა მათ დე ფაქტო ხელისუფლება ჰპირდება, რომ გზას გახსნის და სპეციალურ სიაში მოხვედრილ პენსიონერებს გადაადგილების უფლებას მისცემს. დღეს ახალგორის რაიონულ ადმინისტრაციასთან ადგილობრივი მოქალაქეები სპეციალური საშვის მისაღებად რიგში იდგნენ.