ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აპირებს 2 ივლისიდან ერთკვირიანი შიმშილობა დაიწყოს საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
აქტივისტის თქმით, ყოველ წუთს ირღვევა მისი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები, ამიტომ შიმშილობის აქციით სურს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომა მოიპოვოს:
„ეს არის პროტესტი იმ დუმილზე, რასაც ეს თვეები ვხედავ ჩემი მისამართით. ეს არის პროტესტი იმისთვის, რომ მივიქციო ყურადღება, რომ ვარ თავისუფლებაშეზღუდული. ჩემ მიმართ ყოველ წუთს ირღვევა თავისუფალი გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოს უფლებები. გამუდმებული თავის ტკივილები მაქვს, უძილობა. ბოლოს და ბოლოს, ამდენი სტრესის მერე მე არ ვიცი, რა შეიძლება კიდევ აღმომაჩნდეს. ვითხოვ ყურადღებას, თუნდაც ფეისბუკაქცია იყოს, რომ თამარას თავისუფლება აქვს შეზღუდული, თამარას სჭირდება ადვოკატის მუდმივი მომსახურება, თამარას სჭირდება წამალი და ასე შემდეგ“.
ოკუპირებული რეგიონის პროკურატურის მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. სამოქალაქო აქტივისტს ბრალად სდებენ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას დე ფაქტო რესპუბლიკაში მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.
ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი, რითიც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის, რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ“.
თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას და, გაგზავნის შემთხვევაშიც, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ.
თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო გენერალურ პროკურორს თავადაც უჩივის აღძრული საქმეების გაჭიანურებისა და უმოქმედობის გამო. სამოქალაქო აქტივისტმა რადიო თავისუფლებას დღეს უამბო, რომ ორშაბათს ცხინვალის სასამართლოში სხდომა იყო დანიშნული, რის გამოც ახალგორიდან ცხინვალში გაემგზავრა, მისი ადვოკატი კი რუსეთიდან ჩამოვიდა, თუმცა განუცხადეს, რომ პროკურორი სხდომაზე არ მივა და განხილვა მომავალი ორშაბათისთვის გადაიდო. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ეს უკვე არაერთხელ განმეორდა:
„ჩავედი, არ მოვიდნენ; ჩავედი, თურმე შეცდომით გამომიწერეს უწყება. სიარული კი არ მეზარება, ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი, რითიც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის, რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ“.
თამარ მეარაყიშვილის საქმე ცნობილია საქართველოს სახალხო დამცველისთვის. მეარაყიშვილის პრობლემისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ომბუდსმენმა ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრიზზეც წარადგინა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მედეა ტურაშვილის ინფორმაციით, საქმის კურსში ჩაყენებული არიან უცხოელი დიპლომატებიც და მის დასახმარებლად ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება, თუმცა, ტურაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური არხების გამოყენებით უნდა გაააქტიუროს მცდელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამარ მეარაყიშვილის უფლებების დასაცავად. გარდა ამისა, ტურაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურამაც უნდა გაააქტიუროს გამოძიება, რომელსაც ის უკვე აწარმოებს მეარაყიშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ზეწოლის ფაქტზე:
„შემაშფოთებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტს უწევს ასეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიც არის შიმშილობა და ეს მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საერთოდ არანაირი ადამიანის უფლებების სტანდარტებით არ ხელმძღვანელობს. სახალხო დამცველმა უკვე შეაფასა თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობა, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მასზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს კრიტიკა და სულაც დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. ალბათ, კარგი იქნება მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაააქტიუროს თავისი მცდელობა მოლაპარაკების პროცესში, მათ შორის დიპლომატიური არხების გამოყენებით, რომ კიდევ ერთხელ დააყენოს თამარ მეარაყიშვილის საქმე მათთან. ასევე ვფიქრობ, კარგი იქნება საქართველოს პროკურატურამაც გაააქტიუროს გამოძიება, რომელსაც ის უკვე აწარმოებს მეარაყიშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ზეწოლის ფაქტზე“.
ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა მეარაყიშვილის დასაცავად. მას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამართლდა. მისი თქმით, თამარ მეარაყიშვილი, დიდი ხანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნის ობიექტია და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მას ლოგიკური საფუძველი ჰქონდა:
„დღეს ჩვენ უკვე იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ მას, პროტესტის უკიდურესი საშუალების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია იმისთვის, რომ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე მიაპყროს ყურადღება, რაზეც, წლებია, უკვე ვსაუბრობთ. რეალურად მას რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა არ უგრძვნია. უფრო მეტის მოლოდინი მქონდა მე პირადად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურის, სამოქალაქო აქტივისტის უსაფრთხოებასა და მის უფლებაზე. თუკი მისი უფლებები ვერ დავიცავით, მაშინ რაზეა, ჰო, საუბარი, საერთოდ“.
თამარ მეარაყიშვილი საპროტესტო შიმშილობის აქციას ორშაბათიდან ახალგორში დაიწყებს, თუმცა ამავე დღეს მას კიდევ ერთხელ მოუწევს ცხინვალში ჩასვლა, სადაც დე ფაქტო გენერალური პროკურატურის უმოქმედობის წინააღმდეგ სასამართლო სხდომის გამართვაა დაგეგმილი, თუმცა სამოქალაქო აქტივისტმა არ იცის, შედგება თუ არა ის და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი საქმეების გამოძიება და სასამართლო პროცესები. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელებით მუდმივად წერს ახალგორში შექმნილი პრობლემების, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და კორუფციის ფაქტების შესახებ, რის გამოც გახდა ის, მისი აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მიუღებელი და მისი დევნა, თითქმის ერთი წელია, გრძელდება.