ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, უკვე მეორე დღეა, სოციალური ქსელით ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე ავრცელებს ინფორმაციას.
„ბოლო 10 დღეა, თავდასხმის ობიექტი გავხდი - სოციალური ქსელით ვიღებ მუქარას, იყენებენ სიძულვილის ენას, ცილისმწამებლურ გამონათქვამებს. განსაკუთრებულად აქტიურობს ჩვენი რაიონის მოქმედი პროკურორი ალან კულუმბეგოვი. უკვე ღიად მიწერენ, რომ "შეიძლება ქართველებმა მოგკლან, რომ ოსებს დაგვბრალდეს".
გუშინ პროკურორმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა "ჩვენება", რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე ოთარ ტაბატაძეს, სადაც ამოვიკითხე, თითქოს ჩემი მიმართვის შემდეგ ქართულმა პოლიციამ მისი შვილი აიყვანა მძევლად, რომ მამამისი გასულიყო ახალგორიდან მცხეთაში დაკითხვაზე...
ადგილობრივი პროკურატურა, ვფიქრობ, მიზეზს ეძებს ახალი საქმის წამოსაწყებად ჩემ წინააღმდეგ, რაშიც საქართველოს მოქალაქეებიც ეხმარებიან და ცრუ ჩვენებებს აძლევენ.
დაცვის სხვა ბერკეტი აქ არ გამაჩნია, გარდა აქ დაფიქსირებისა და თქვენთვის მომართვისა. გთხოვთ, დამეხმაროთ შეწყდეს ეს ყველაფერი და თავი ვიგრძნო დაცულად“, - წერს თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში და ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მიერ დაწერილი კომენტარების ფოტოასლებსაც აქვეყნებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუქარის შემდეგ უკვე მოქმედებაზეც გადავიდნენ. დღეს მასთან ბინაში ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ და დენი ჩაუჭრეს ისე, რომ არგუმენტიც არ უთქვამთ.
„მედავებიან არარსებულ დავალიანებას, 9400 რუბლს [დაახლოებით 400 ლარი]. ყოველთვის პატიოსნად ვიხდი და არასოდეს ყოფილა პრობლემა. ელექტრიკოსებს არც დაუმალავთ, რომ პროკურატურისგან აქვთ ზეწოლა. დავრეკე კომპანიის მთავარ ოფისში და მეუბნებიან, რომ მრიცხველი გადაიწვა და ოთხასი ლარი მაქვს გადასახდელი, რაც არარეალური თანხაა. ვერ ამბობენ, საიდან თვლიან ამ თანხას, როცა მრიცხველის ჩვენება ამას არ ადასტურებს. თავადვე მირჩიეს, რომ ეს გავასაჩივრო“.
თამარ მეარაყიშვილმა უკვე მიმართა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით, რომ მოიკვლიონ მათი თანამშრომლის ქცევა და დანაშაულის ნიშნები, რომლებიც მის მიმართ იკვეთება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურორი კულუმბეგოვი სამუშაო საათებში საპროკურორო ეთიკის დარღვევით იყენებს სიძულვილის ენას და ცილისმწამებლურ გამონათქვამებს, შეურაცხყოფს მის ეროვნულ კუთვნილებას და აქტიურ სამოქალაქო პოზიციას. მეარაყიშვილს დე ფაქტო გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, რომ პასუხს გასცემენ საქმის მოკვლევის შემდეგ, ერთ თვეში.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ თითქმის ორი წელია, ახალგორის პროკურორის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ისმენს და ითმენს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი უკვე მუქარაში გადავიდა. მეარაყიშვილი აცხადებს, რომ საფრთხეს გრძნობს.
„ის მე ქართული სპეცსამსახურების ჯაშუშს მიწოდებს. თითქოს მტრული სახელმწიფოს დავალებებს ვასრულებ. ჩემს შენიშვნებზე, ის ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ჭორები და მოსაზრებები კი არა, ფაქტებია. მაშინ დამიმტკიცოს ან ცილისწამებაზე პასუხი აგოს. წელიწად-ნახევარია, ის აშკარა სიძულვილს გამოხატავს სომეხი ერის მიმართ. მე მიწოდებს „სულელ სომეხს“, ჯავახეთში მცხოვრებ ჟურნალისტს კი „დაუბანელ სომეხს“. ამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა აქვს კულუმბეგოვს მხედველობაში, უწერს, რომ - მისი ჯიში და გვარი. მან (პროკურორმა) დაწერა, რომ თითქოს 30 ათასი რუბლის დავალიანება მქონდა და დენი გამომირთეს და თითქოს მე მივმართე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დახმარებისთვის. ამის შემდეგ კი თითქოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ელექტრომონტიორი მკურნალობდა და აიძულეს „კასტილებით“ ახალგორში ჩამოსულიყო და ჩემთვის დენი ჩაერთო. ეს არის სრული აბსურდი, არავითარი დავალიანება მე არ მაქვს“, - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
ასევე ნახეთ თამარ მეარაყიშვილი: ხელისუფლებისთვის „საკითხი“ მაშინ გავხდები, თუ აქ რამე მომივარამდენიმე წელია, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს დე ფაქტო ხელისუფლება მისი აქტიურობის გამო დევნის. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელებით ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას, ააშკარავებს კორუფციის ფაქტებს და სხვა არაერთ პრობლემაზე წერს. ამის გამო მის მიმართ რამდენიმე საქმეზე სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. ადგილობრივ სასამართლოში ჭიანურდება ამ საქმეების განხილვა. ერთ საქმეში, რომელიც ცილისწამების მუხლით არის აღძრული, მან გაიმარჯვა, მაგრამ ეს საქმე ისევ გამოძიებაში დააბრუნეს და ასე გრძელდება, უკვე ოთხი წელია.
ბოლო მუქარის და შეურაცხყოფის ფაქტებზე თამარ მეარაყიშვილს უკვე გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის ოფისიდან. იგი დე ფაქტო პრეზიდენტსაც მოუწოდებს დაცული იყოს მისი უფლებები. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტი საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც მოუწოდებს დაინტერესდნენ ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებით.