ახალგორელების პროტესტი ბიბილოვთან შეხვედრაზე

„სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს, ჩემნაირ ავადმყოფებს, როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ?!“

„მე შვილი მომიკვდა და 40 დღის განმავლობაში აქედან არ გამიშვეს, არ გეცოდებით?“

ასეთი განწყობით და სიტყვებით დახვდნენ ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, ადგილობრივი მცხოვრებლები და მას დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სთხოვეს. ბიბილოვი ახალგორში 26 დეკემბერს იმყოფებოდა.

ახალგორში ბიბილოვის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ადგილობრივ მცხოვრებთა მიმართვის პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვას არ აპირებდნენ, სანამ „საქართველო არ შეიჭრა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უკანონო შეიარაღებული პოსტი არ განათავსა სოფელ უისტის(წნელისის) რაიონში“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ მოქალაქეები ერთი ქვეყნისა, სახელად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. როცა პრობლემა გვაქვს ერთ რაიონში, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას. მე, როგორც პრეზიდენტს, არ შემიძლია ხალხის დაყოფა და თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი რაიონის მცხოვრებთ, ეს ეხება ყველას. შეუძლებელია, რომ ლენინგორის მცხოვრებთა ფასეულობები თავმოყრილი იყოს მხოლოდ საკუთარ ხელსაყრელ პირობებზე, მაშინ როცა წნელისელები ქართული საგუშაგოს ქვემოთ ავტომატების ლულის ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და არაკეთილმოსურნეს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განუცხადა ახალგორელებს ბიბილოვმა. მისივე თქმით, გზის დაკეტვის მიზეზია არა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება, არამედ საქართველოს მთავრობის ქმედებები“.

„77 წლის კაცი ვარ და ვტოვებ ამ პასპორტს აქ“, - განაცხადა ხმამაღლა ადგილობრივმა პენსიონერმა, რითაც დარბაზში შეკრებილთა ტაში დაიმსახურა და დე ფაქტო პრეზიდენტის წყრომა გამოიწვია. ბიბილოვმა მას მკაცრად უპასუხა და, ფაქტობრივად, ახალგორის დატოვებისკენ მიანიშნა.

ერთ-ერთმა პენსიონერმა ქალმა ბიბილოვს ის პრობლემა შეახსენა, რომელიც დაბაში მცხოვრებ პენსიონერებს გზის ჩაკეტვის გამო თანხის მიღებისას ექმნებათ. ბოლო ოთხი თვეა, მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნული პენსია არ მიუღიათ. ბიბილოვი მხოლოდ ამ საკითხის მოგვარების პირობას დებს, ყველა სხვა პრობლემის გასაღებს კი წნელისის საკითხის მოგვარებაში ხედავს.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა „პრეზიდენტს“ უთხრა, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოა და „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ დატოვება უნდა, მეორემ კი განაცხადა, რომ მისი ქმარი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა“ და გზის დაკეტვის გამო შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ბიბილოვმა ეს სიტუაცია ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მუშაობაში არსებული ხარვეზებით ახსნა: „თუ არის ხალხი, ვინც მუდმივ საცხოვრებლად ირჩევს ნებისმიერ ქვეყანას, არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს. საზღვრის გადაკვეთა არ უკავშირდება საცხოვრებელი ადგილის არჩევას. თუ ადამიანს მისი გამოცვლა სურს, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც საზღვრებს მიღმა დარჩნენ და მუდმივად აქ ცხოვრობენ, საქართველოში მათი ყოფნა საჭირო არ არის და უნდა დაბრუნდნენ“.

ახალგორის მოსახლეობასთან ბიბილოვის შეხვედრას გამოეხმაურა დაბის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, მისი თქმით, ბიბილოვი ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს ამ შეხვედრაზეც ნათლად გამოჩნდა. თინიკაშვილის თქმით, ბიბილოვის მხრიდან პრობლემის შექმნაში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდია. მისი აზრით, ახალგორელები მშვენივრად ხვდებიან, საითაა სიმართლე და მათი დემარშიც ამით იყო გამოწვეული.

დაბა ახალგორი 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია. ბიბილოვის ხელისუფლება გამშვები პუნქტის ჩაკეტვას წნელის-ჩორჩანის საგუშაგოების კრიზისს უკავშირებს და ამ საკითხის მოგვარებამდე გზის გახსნას არ აპირებს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისისკენ გადაადგილების უფლება მხოლოდ მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს მიეცემათ, თუმცა ჯერ არავინ იცის, პენსიონერები თანხის მისაღებად როდის გადავლენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.