ახალგორელები გზის გახსნას 23 იანვრისთვის ელოდებიან

ახალგორი

ახალგორელი პენსიონერები 23 იანვრისთვის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან. ეს ინფორმაცია მათ ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. ახალგორში ადმინისტრაციულ შენობასთან პენსიონრების რიგი 22 იანვრის დილის საათებიდანვე შეინიშნებოდა. ზოგი ახალი საშვის მოლოდინშია, ზოგს კი ძველ საშვზე ვადის გაგრძელების სურვილი აქვს. დე ფაქტო ადმინისტრაციას გზის გახსნის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა იმედიანადაა განწყობილი. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები იტყობინებიან, რომ 23 იანვრის დილით გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს საშვს და ვის მიეცემა წეროვნისკენ გადაადგილების უფლება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, გზა 5 დღის განმავლობაში იქნება გახსნილი და შემდეგ ისევ ორი თვით დაიკეტება. გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან თამარ გიგაურის ოჯახის წევრებიც. გიგაური გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმმა ის თბილისისკენ არ გამოატარა. პირველი სამედიცინო დახმარება ცხინვალში გაუწიეს, მაგრამ ამით დაშავებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. თამარ გიგაურის ძმისშვილი, ნანა გიგაური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამიდა ფეხზე კი წამოდგა, მაგრამ ტკივილები ისევ აწუხებს. გარდა ამისა, თამარ გიგაურს საშვი არა აქვს და ახლა 23 იანვრის დილას ელოდება.

ბიბილოვი გზის საბოლოოდ გახსნას არ აპირებს, ვიდრე ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოების საკითხი არ მოგვარდება, გამონაკლისს კი მხოლოდ პენსიონრებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის უშვებენ.

ახალგორელი პენსიონერები, ტრადიციულად, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ჩადიოდნენ, იქ ნათესავებსაც ნახულობდნენ და ბანკის ფილიალში პენსიასაც იღებდნენ. გზის გახსნის იმედით, ნათესავები წეროვანში მათ უკვე ელოდებიან. დაბაში, დაახლოებით, 150 პენსიონერია, რომლებსაც საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული პენსია, 5 თვეა, არ მიუღიათ და ჩაკეტილ დაბაში მძიმე მდგომარეობაში არიან. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ზუსტად ვერ ამბობს, გზა გაიხსნება თუ არა. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებდა ხოლმე. როგორც ის ამბობს, დაბაში ჰუმანიტარული კრიზისია და ადგილობრივი მოსახლეობა ბიბილოვის პოლიტიკის მძევალია.

ასევე ნახეთ მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს გენადი ბესტაევის გასათავისუფლებლად აქტიურად იმოქმედოს

გასულ პარასკევს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, ცხინვალში რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და ახალგორის პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ბიბილოვი გზის საბოლოოდ გახსნას არ აპირებს, ვიდრე ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოების საკითხი არ მოგვარდება, გამონაკლისს კი მხოლოდ პენსიონრებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის უშვებენ. ახალგორელების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, როდის მოგვარდება მათი პრობლემა, ათასობით ოჯახი ამ გზის გამო გაყოფილია.

ახალგორის ე. წ. გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული.

ახალგორის პრობლემაზე ილაპარაკა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა დაბაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარება სთხოვა.

ახალგორის ე. წ. გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული. ამ თემაზე საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არაერთი უშედეგო შეხვედრა გაიმართა. ბიბილოვის ხელისუფლება გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქრთველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. ახალგორელები კი, უკვე ხუთი თვეა, დახმარებას ითხოვენ.