ახალგაზრდების ორი გზა - წერილი ივანიშვილს და პროტესტი რუსთაველზე

„გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა იმ ადამიანისთვის, რომელიც მმართველი გუნდის პირველი პირია, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა და საკმაოდ დიდი როლი აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“, - ასე ხსნის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი მამულაშვილი იმ ღია წერილის მიზანს, რომელიც 11 უნივერსიტეტის 35-მა სტუდენტმა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მისწერა და მიმართა ინიციატივით, რომ შეიქმნას მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მისია იქნება კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. წერილის საბაბი ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები გახდა.

ერთგვერდიან წერილში სტუდენტები ბიძინა ივანიშვილს მის რამდენიმე დამსახურებას შეახსენებენ. მაგალითად, ხაზს უსვამენ „ქართული ოცნების“ ლიდერის ღვაწლს 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილებაში. ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებენ ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, 2020 წელს საქართველოს პარლამენტის პროპორციული არჩევნების წესით ჩატარების თაობაზე.

სტუდენტები კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანას, ამავდროულად, დაუშვებელსა და გაუმართლებელს უწოდებენ სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას ახალგაზრდების მიმართ და მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, არ დაიშუროს ძალისხმევა, რათა „ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცნენ თვალებდაკარგული ახალგაზრდები“.

დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში
სტუდენტების წერილიდან

წერილის ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ, რომ როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას, რადგან „დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში“, - წერია სტუდენტების წერილში.

გიორგი მამულაშვილი პირველია იმ 35-კაციან სიაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ ღია წერილს ხელს აწერს. ფიქრობს, რომ ის ემოციური ფონი, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზეა, მალე დაიწევს და ფორმატი, რომელსაც დღეს ახალგაზრდების ჯგუფი სთავაზობს ხელისუფლებას, იქნება ყველაზე რელევანტური ფორმა დიალოგის წამოსაწყებად ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის: „დარწმუნებული ვარ, იმ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, შემოგვიერთდება ამ პროცესში“, - ამბობს გიორგი მამულაშვილი.

„სასაცილოა“, - ამბობს სალომე ბარკერი, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც მეთორმეტე დღეა პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.

სალომე ბარკერი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების წერილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიერ ნაკარნახევი სტანდარტული ნაბიჯი, რომელშიც მისი თქმით, ძირითადად თვითმმართველობები არიან ხოლმე ჩართულნი და რომელიც საზოგადოებაში გაურკვევლობის დასათესად იქმნება:

არ გვსურს არანაირ მაგიდასთან ჯდომა, არანაირი დიალოგი, რადგან არაფერი გვაქვს სალაპარაკო ხელისუფლებასთან გარდა იმ ერთი მოთხოვნისა
სალომე ბარკერი

„თავდაპირველად, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა ისე გამოხატავს საკუთარ აზრს, როგორც სურს. ჩვენ პირველივე დღიდან გამოვედით ქუჩაში და არ შეგვიცვლია ეს გზა. დღეს აქციების მეთორმეტე დღეა. ამ თორმეტი დღის განმავლობაში გვქონდა სამი მოთხოვნა და ახლა უკვე დარჩა ერთი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ჩვენ მივდივართ სახლში. არ გვსურს არანაირ მაგიდასთან ჯდომა, არანაირი დიალოგი, რადგან არაფერი გვაქვს სალაპარაკო ხელისუფლებასთან გარდა იმ ერთი მოთხოვნისა, რომელიც დაგვრჩა და რომლის შესრულებისთანავე, ვიშლებით. ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ ე.წ. სტუდენტურ ინიციატივასთან. გვერდიდანაც რომ შეხედოთ, ძალიან სასაცილოა, 12 დღეა ვდგავართ პარლამენტთან და ჩვენი მოთხოვნა კვლავ ღიად რჩება. ამის პარალელურად, გუშინ ქვეყნდება რაღაც წერილი და რამდენიმე საათში ამ წერილს ეხმიანება პრემიერ-მინისტრი. უცხო თვალისთვისაც ძალიან მარტივი დასანახია, რომ ეს არის ორკესტრირებული გეგმა იმისათვის, რომ საზოგადოება დაიბნეს. ძალიან უშლის ხელს მთავრობას ჩვენი მშვიდობიანი აქციები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ აქ არ ვიდგეთ. ავრცელებენ სხვადასხვა ჭორს, მაგრამ მათ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, სანამ ჩვენი მესამე მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება და გიორგი გახარია არ გადადგება“.

30 ივნისს გამოქვეყნებულ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილზე რეაგირებამ არ დაახანა. მართალია პირდაპირი ადრესატი არა, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რამდენიმე საათში გამოეხმაურა სტუდენტების ჯგუფს, თან ჩინეთიდან და განაცხადა, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში შეიქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც "გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას". როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, მისასალმებელი და სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მისასალმებელი და სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია
მამუკა ბახტაძე

სიურპრიზი აღმოჩნდა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წერილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლისთვის ახალგაზრდობის საკითხებში, რეზო ჩარკვიანისთვის. წერილის შესახებ მან მედიით შეიტყო. არაფერი შეუთანხმებია მისთვის არც პრემიერს, როდესაც სტუდენტების წერილს ჩინეთიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ პრემიერთან დაქვემდებარებული ახალგაზრდული პლატფორმა უნდა შეიქმნას.

რეზო ჩარკვიანის თქმით, ამ სიტუაციაში საკითხავია, რამდენად რელევანტურია ცალკეული ჯგუფების მიერ ინიციატივების გამოტანა მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს სრული უფლება ისე და იმ ფორმით გამოხატოს საკუთარი აზრი, როგორც სურს: „ჩვენ ახლა იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველზე გამოთქვამს თავის გულწრფელ პროტესტს და ჩემი გადმოსახედიდან, აჯობებდა, რომ საინიციატივო ჯგუფს ჯერ მათთან გაევლო კონსულტაციები და მერე გამოეთქვათ თავიანთი სათქმელი. ახალგაზრდების ის ჯგუფი გამოდის პლატფორმის შექმნის იდეით, რომელიც, არ არის ჩართული იმ საპროტესტო აქციებში, რამაც რეალური ცვლილება მოიტანა, მაგალითად, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. მგონია, რომ ამგვარი ინიციატივები ცოტა რევს სიტუაციას“.

35 სტუდენტის ინიციატივა მარცხისთვის განწირულად მიაჩნია სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს. მისი თქმით, თუკი ახალგაზრდების ალტერნატიული ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაიფაროს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი, მაშინ მისი მარცხი გარდაუვალია:

„ასეთი ალტერნატივა ვერ იქნება ჩამნაცვლებელი იმ პროტესტისა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს“.

იაგო კაჭკაჭიშვილს ხელისუფლებასთან ერთი რჩევაც აქვს: „ნუ მოახდენს ასეთ სეგრეგაციას ე.წ. ცუდ და კარგ ახალგაზრდებს შორის, ნუ დაყოფს მათ ისე, თითქოს ერთი ჯგუფი კონსტრუქციულია, ხოლო მეორე დესტრუქციული. თუკი სამუშაო ჯგუფის შექმნაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას იმ ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან. ამგვარი პარალელური პლატფორმების შექმნა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას გააღვივებს. ახლა დუღს ტემპერატურა რუსთაველის გამზირზე და ამგვარი პლატფორმები ტემპერატურას კი არ დაუწევს, პირიქით, დუღილს მოუმატებს“.

მეთორმეტე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეთორმეტე დღეს, სამი მოთხოვნიდან აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნაღა დარჩათ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რადგან დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა და ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას - 20 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასა და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ეს მოთხოვნები აქციების პირველ დღეებში დაკმაყოფილდა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.