თუ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სიტყვებს დავუჯერებთ, საქართველოში, „დრონების საწარმოს“ მშენებლობა თითქმის დასრულებულია“ და სულ რაღაც ერთ თვეში, ანუ წლის ბოლოს, „კონკრეტული პროდუქტის წარმოებაც დაიწყება“.
ნოემბრის დასაწყისში, მშენებარე საწარმოში მისულ თავდაცვის მინისტრს აღარ დაუზუსტებია, რა იგულისხმა „კონკრეტულ პროდუქტში“, თუმცა მანამდე, ზაფხულში, მას ნათქვამი აქვს, რომ „ერთობლივი საწარმო უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს“.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ნოემბრის დასაწყისში გავრცელებულ ვიდეოკადრებში გამოჩნდა მხოლოდ „დელტას“ მიერ მანამდე წარმოებული ტექნიკის ნაწილი, თუმცა დრონებზე დამატებით არაფერი თქმულა და არც რამე უჩვენებიათ.
სამინისტროში რადიო თავისუფლების ათზე მეტი კონკრეტული კითხვისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „დანარჩენს მაშინ იტყვიან, როცა უპილოტო საფრენი აპარატები საჩვენებლად მზად იქნება“.
რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, როგორ დრონებს, რამდენს, რა ფასად ან ვისთვის შეიძლება ქმნიდეს ქართულ-პოლონური საწარმო „დელტა ვებე“.
როგორი დრონები გვინდა?
სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე, რომელიც კომპანია G droni-ს დამფუძნებელია და ამ სფეროსაც კარგად იცნობს, ამბობს, რომ ზოგადად, ქვეყნის მიერ დრონების წარმოება - სწორი სვლაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა სავარაუდო მოწინააღმდეგის, რუსეთის შორსმსროლი არტილერიაა, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა საქართველოსთვის რთული ამოცანაა, ქვეყანამ, ჯობს, ამ ეტაპზე, ორიენტაცია აიღოს შედარებით იაფი, ჭურვის გადამტანი დრონების წარმოებაზე:
„ჩვენ დღეს გვჭირდება მარტივი, მსუბუქი სადაზვერვო დრონები, რომელიც ყველა ჯარისკაცს ექნება და მათი ზიდვა ზურგჩანთით შეეძლებათ… ჩემი აზრით, საქართველოს 1000 ცალი სადაზვერვო დრონი და ათასობით ე.წ. კამიკაძე დრონი სჭირდება“.
მისი თქმით, თუკი საქართველოს აქ წარმოებული დრონები საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის სჭირდება, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ქვეყანამ კარგად გაიაზროს, რა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უნდა აწარმოოს.
„მე არ ვიცი, რას ქმნიან დღეს იმ საწარმოში, რომლის მშენებლობაც დააანონსეს, მაგრამ იმედია, ეს არ იქნება რთული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც საქართველოში ვერ გამოვიყენებთ. ჩვენ არ გვაქვს იმხელა სიღრმე, რომ, ვთქვათ, „ბაირაქტარის“ ტიპის აპარატი ავაფრინოთ ისეთი ადგილიდან, სადაც მას არაფერი მოხვდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იყოს გააზრებული რას ვაკეთებთ“, - გვითხრა უჩა აბაშიძემ.
თავდაცვის სისტემის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ანონიმურ წყაროდ დარჩენა ისურვა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ქართულ-პოლონური წარმოება ისეთ უპილოტო აპარატებზე მუშაობს, რომელსაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი სჭირდება, ასეთ საავიაციო სისტემას, ქვეყანა, ომში, დიდი ალბათობით, ვერ გამოიყენებს.
„ყველა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი იმაზე მალე დაიბომბება რუსების მიერ (რადგან რუსეთია ჩვენი ერთადერთი რეალური მტერი), ვიდრე საერთოდ რამეს აწევ ჰაერში. და თუ აწევ კიდეც, მერე უკან ვეღარ დასვამ. ჩვენ გვინდა სწრაფი სისტემა - აწიე, დაზვერე, დაარტყი და დაჯექი. მოკლედ, ლოგიკურად, ამ საწარმოში დღეს უნდა მზადდებოდეს მცირე უპილოტო სისტემები, რომელსაც ასაფრენი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების რესპონდენტი.
ჩვენ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძესაც ვკითხეთ, რა ტიპის დრონები სჭირდება დღეს საქართველოს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი უპილოტო საფრენი აპარატების არსებობა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის.
ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ თვალთვალის და დაზვერვის დრონების წარმოება აუცილებელია. თუმცა გააჩნია, რა ტიპის იქნება ისინი - ტაქტიკური, ოპერატიული თუ სტრატეგიული.
„მე მგონია, აქ რის წარმოებასაც აპირებენ, ეს არის ტაქტიკური დრონები, რომლებიც ტაქტიკურ სიღრმეზე შეძლებს დაზვერვას. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი დრონი ცვლის დაზვერვის ერთ ოცეულს“.
ვახტანგ კაპანაძის აზრით, „დელტა ვებეს“ წარმოებული დრონები, წესით, უნდა შეისყიდოს ქართულმა ჯარმაც, რადგან ქვეყნის წარმოებული პროდუქცია, როგორც წესი, უკეთ იყიდება, თუკი ის ამ ტექნიკას თავადაც იყენებს.
„პირველი მაშინვე ეს კითხვა გაჩნდება - რატომ ყიდით, თუ თქვენ არ გყავთ ეს ტექნიკა? ამ ტიპის გადაიარაღებით ქვეყანაც უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან ასეთ უპილოტო საფრენი სისტემების მნიშვნელობა ბოლოდროინდელმა ომებმაც გამოაჩინა“.
საქართველოს რა სარგებელი?
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ “რა იგულისხმება „წარმოებაში?” - ასე სვამს კითხვას რადიო თავისუფლების ანონიმური წყარო:
„თუ ამ საწარმოს მუშაობაში იგულისხმება დრონების შემადგენელი კომპონენტების სახრახნისით აწყობა, მაშინ ამას წარმოება არ ჰქვია. თუ ამ დრონების ე.წ. ფიუზელაჟს (დრონის კორპუსი, ფრთები და ა.შ.) მაინც აწარმოებენ, ეს უკეთესი ამბავია. ასევე საინტერესოა, რა ინტელექტუალურ საკუთრებას გადმოგვცემენ პოლონელები? თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გადმოგვეცემა ე.წ. მაკონტროლებელი კოდები, მაშინ ეს კარგი ამბავია, რადგან მხოლოდ მაკონტროლებელი სისტემების ცოდნაა - ღირებული ცოდნა და მის გადმოცემას აქვს მართლაც დიდი მნიშვნელობა. ხოლო თუ არც ამას გადმოგვცემენ… მაშინ შემდეგი კითხვაა, რა დაგვიჯდა ეს ყველაფერი და საქართველო რას მოიგებს ამით?“
ჩვენი წყარო ასევე განმარტავს, რომ მომგებიანი ეს წამოწყება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აწარმოებს მთავარს - კონტროლის სისტემას, რომელიც სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის კავშირგაბმულობის დახშობა იოლი ხდება.
„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კრიტიკულ სისტემებს შენ აწარმოებდე. შენი უნდა იყოს. ან ამერიკელების. აი, მაგალითად, L3Harris* გაძლევდეს კავშირგაბმულობის ბლოკს, რომ ვერ ჩაგიხშონ. რუსებს, მაგალითად, აქვთ რადიოელექტრონული ბრძოლის დანადგარები. გათვლილი გვაქვს, რომ რუსეთი ვერ ჩაგვიხშობს ამ სისტემას? თუ ჩაგიხშობს, მაშინ, მარტო მაგ დრონით ვერაფერს იზამ - თავში თუ ჩაარტყამ ვიღაცას“.
სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე კი ამატებს, რომ კარგად უნდა იყოს გათვლილი ისიც, თუ სად ექნება ქვეყანას დრონების საწარმო, რადგან ომის, დაბომბვის შემთხვევაში მისი განადგურება ერთი წამის საქმეა.
„ჩემი აზრით, ასეთი ადგილი, შეიძლება იყოს თურქეთის საზღვარი, რომ უცებ შეძლო ყველაფრის გადატანა. ომის შემთხვევაში, თუ რამე შანსია, რომ წარმოება გადაგვირჩეს, ეგაა, თორემ, პირველივე რაკეტა ეგეთ სტრატეგიულ ობიექტს მოხვდება. ან მეორე გზაცაა - ასეთი საწარმო უნდა იყოს მობილური და შეგეძლოს მისი უსწრაფესად გადატანა სხვა ადგილზე. დრონების საწარმო, რომელიც არ იქნება გათვლილი იმაზე, რომ რამდენიმე წუთში აიკეცოს და დაიმალოს, არის განწირული“, - გვითხრა მან.
რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ სამწუხარო იქნება, თუ საქართველოში აშენდა საწარმო, რომელშიც მილიონები ჩაიდება, რომელიც ხელშეკრულებას დადებს პოლონურ „WB“-სთან და შემდეგ აღმოჩნდება, რომ დრონები, რომლებიც უნდა აწარმოს ამ საწარმომ, „ჩამოკიდებულია“ ამ კომპანიის მიერ მოწოდებულ კომპონენტებზე და საქართველოში არაფერი იწარმოება:
„ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ კომპანიის ოფიციალური მონა ხდები - რა ფასსაც გეტყვის WB ჯგუფი (და ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს ხოლმე), საქართველომ ეს პროდუქტი მაინც უნდა იყიდოს. ამიტომ, ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია“.
რა ვიცით „დელტა ვებეზე“?
WB GROUP – (WB ჯგუფი) პოლონეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური კონცერნია, რომელიც საერთაშორისო შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებს, მაგალითად, დაკვირვებისა და დაზვერვის, კომუნიკაციების, ბრძანების და ბრძოლის ველების მართვის სისტემებს.
ეს პოლონური კომპანია ცნობილია FLYEYE-ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებისა და WARMATE-ს ტიპის „კამიკაძე დრონების“ სერიული წარმოებითა და ექსპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - უკრაინაშიც.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილიც წერს, რომ „მრავალჯერადი გამოყენების FLYEYE -ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია ბრძოლის ველის სათვალთვალოდ, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რადიოსიგნალების რეტრანსლირებისთვის, სასაზღვრო ზოლის პატრულირების ან, სულაც, ტყის ხანძრების მონიტორინგისთვის. პოლონური "მფრინავი თვალის" ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ ის მხოლოდ 12 კგ-ს იწონის და მის გაშვებას ერთი ადამიანი ხელით ახერხებს, ანუ არ არის საჭირო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც პირველი სამიზნე ხდება ხოლმე მოწინააღმდეგის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში“.
რაც შეეხება WARMATE-ს, ირაკლი ალადაშვილის სიტყვებით, ეს დრონი ერთჯერადი დრონია - კამიკაძეების კლასიდან. მსუბუქია, 5,7 კგ-ს იწონის და სტარტსაც შეკუმშული ჰაერის საშუალებით უხმაუროდ იღებს.
WB GROUP-ის ვებსაიტზე წერია, რომ მათი ტექნოლოგიები ეფუძნება პოლონეთის შეიარაღებულ ძალებსა და მსოფლიოს ყველაზე მსხვილ მომხმარებლებთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებას.
WB GROUP-ი დღეს სამხედრო ტექნოლოგიების უმსხვილესი პოლონური ექსპორტიორია, რომელიც ათობით ქვეყანას ემსახურება, მათ შორის, აშშ-საც.
პირველი ცნობები, რომ ეს კომპანია საქართველოსთვისაც დაამზადებდა უპილოტო საფრენ სისტემებს, კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის მაისში გაჩნდა - წერდნენ, რომ WB GROUP-მა, ამ მიზნით შექმნილი კომპანიის Delta-WB-ს (დელტა ვებეს) მეშვეობით (რეგისტრირებული 2021 წლის 1 დეკემბერს), საქართველოში უკვე გააფორმა კონტრაქტი უპილოტო სისტემების წარმოებაზე.
ამავე ცნობაში წერია, რომ პოლონურ-ქართული ერთობლივი საწარმოს მიერ გამოშვებული პირველი სისტემები მზად იქნებოდა 2022 წლის ბოლოს.
„WB ჯგუფი“ მუშაობს უკრაინაშიც - შპს „WB Ukraine“ ეხმარება უკრაინას ახალი პროდუქტების განვითარებაში, ასევე ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა სისტემებით.
„ჩვენ ამისგან გავაკეთებთ“ ანუ რამდენიმე ძველი დაპირებაც
„ქართული დრონების” გამოშვებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაიწყო და წლების განმავლობაში დროდადრო სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში იწყებოდა ან შესაძლოა, დაწყებულიყო სამხედრო დრონების წარმოება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაცია ათი წლის წინ, 2012 წელს გამართა. საჩვენებელ ფრენაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ეს ნახევრად ავტომატური საფრენი აპარატიც „დელტას” ბაზაზე გაკეთდა.
2019 წელს მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მისი, როგორც მინისტრის გეგმები მოიცავდა სწორედ დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
2020 წელს, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ „ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით იყო შესაძლებელი“.
2021 წელს, კომპანია Tam-Management-მაც გაავრცელა ამბავი, რომ მან დააპროექტა სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი T-31 და რომ ეს იქნებოდა პირველი ქართული სამხედრო დრონი. მაშინ კომპანიის დირექტორი ვაჟა (პანტიკო) თორდიაც ამბობდა, რომ „ქართული” დრონის კონცეფციაზე მუშაობა ორი წლით ადრე დაიწყეს, რადგან იცოდნენ, რომ „უპილოტო საჰაერო ხომალდებს პერსპექტიული მომავალი ექნებოდა“.
ეს საკითხი აქტუალური იყო კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მინისტრობის დროსაც - (2015-2016 წლები). თინათინ ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ მინისტრად დანიშვნიდან მალევე, ისიც დაესწრო ქართული დრონების შუალედური ვერსიის პრეზენტაციას. მაშინაც ამბობდნენ, რომ აწყობა თითქმის დასრულებული იყო:
„დელტა“, ჩემი აზრით, ტოქსიკური კომპანიაა. რასაც ხელს ჰკიდებს - აფუჭებს და ეს ისტორიაც ასე დამთავრდა. ეს იყო შოუ, რომლის მოწყობასაც პერიოდულად სულ ცდილობდა ეს კომპანია, რადგან შეენარჩუნებინა ფუქსავატური სქემა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შენარჩუნებას. ამიტომ ვუყურებთ ხოლმე დროდადრო ასეთ სპექტაკლებს, თითქოს რაღაც იქმნება“, - გვითხრა თინა ხიდაშელმა.
ქართული წარმოების დრონებზე საუბარი, კიდევ ერთხელ, 2022 წლის ივნისში დაიწყო, როცა პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა პირველად თქვა, რომ საქართველო უკვე მუშაობს უპილოტო საფრენი სისტემების წარმოებაზე და მეტიც, რომ ქართულ-პოლონური კომპანია გეგმავს, უპილოტო საფრენი აპარატები წლის ბოლოსთვის გამოუშვას.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ისიც დაამატა, რომ ამ საწარმოს ბაზაზე შეიქმნება სასწავლო ცენტრიც, რომელიც მოემსახურება თავდაცვის ძალებს „როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში“.
პოპულისტური იდეა?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, რომელმაც ჩვენთან საუბარში "შოუ" უწოდა მისი მინისტრობის დროს, „დელტაში“ გამართულ, ქართული დრონების პრეზენტაციას, გვეუბნება, რომ მხოლოდ ქართული ჯარისთვის დრონის წარმოების დაწყება არასერიოზულია.
„ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს უკიდურესად ძვირია, და მეორეც - ჩვენ მეზობლად გვყავს ქვეყანა, თურქეთი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო დრონებს აწარმოებს (ეს უკრაინის ომშიც დადასტურდა) და ამ დრონების მისგან შეძენა გაცილებით იაფი დაგვიჯდება. მაგრამ თუ მხოლოდ ჩვენი ჯარის მოხმარებისთვის არ კეთდება ეს ყველაფერი და სხვა ბაზრებისთვისაცაა გათვლილი, მაშინ ეს უკვე სხვა საქმეა, ეს უნდა განვიხილოთ როგორც ბიზნესი“, - გვითხრა თინა ხიდაშელმა.
მისი აზრით, დრონების წარმოება ზოგადად, პოპულისტურად მომხიბლავი იდეაა და, შესაბამისად, სარისკო თემა კრიტიკისთვის.
„მაგრამ დღესაც სწორედ იმიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ესეც მორიგი ავანტიურაა, რომ ხელისუფლება ისევ იწყებს ისეთი ინფორმაციის დამალვას, რაც არ არის სახელმწიფო საიდუმლო - თუნდაც ის, ეს დრონები ქართული მოხმარებისთვის მზადდება მხოლოდ თუ, მაგალითად, უკრაინის დასახმარებლად“, - უთხრა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.
* L3Harris - ცნობილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, თავდაცვის კონტრაქტორი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი, რომელიც აწარმოებს C6ISR სისტემებსა და პროდუქტებს, უკაბელო აღჭურვილობას, ტაქტიკურ რადიოებს და ა.შ.