„აშშ-ში უმაღლეს დონეზე განიხილება კლანის წევრი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება“ - „ლელო“

ავტორი: ქართლოს შარაშენიძე, "ამერიკის ხმა"

„სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი“, - ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, „ამერიკის ხმასთან“ ამერიკის მხრიდან, ცალკეული ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს.

„ამერიკის ხმა“ ჯაფარიძეს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა, ბადრი ჯაფარიძემ, გრიგოლ გეგელიამ და სალომე სამადაშვილმა, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს წარმომადგენელთა პალატაში, სენატსა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია. მათ შორისაა - მართლმსაჯულების რეფორმა, შარლ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. ამერიკის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სამეულმა განაცხადა, რომ მათ ამერიკელ პარტნიორებთან ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის საკითხის შესახებ.

სანქციები - „პროცესი დაძრულია“

როგორ ხედავენ ამერიკელი ოფიციალური პირები ცალკეული ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას? - „ამერიკის ხმას“ ამჯერად საშუალება არ მისცემია, ეს კითხვა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილისათვის დაესვა. „ლელომ“ და სალომე სამადაშვილმა, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა სწორედ კარა მაკდონალდთან გამართეს. თუმცა, ბადრი ჯაფარიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საკითხზე მუშაობაში ამერიკის საგარეო უწყებაც ჩაერთვება.

„სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი. პირველ ეტაპზე საუბარია კონკრეტულ მოსამართლეებზე, სანქციების მოგზაურობის შეზღუდვის მიმართულებით დაწესებაზე. მოსამართლეებზე, რომლებიც კლანის გავლენის გაძლიერებასა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში არიან შემჩნეულნი. ასეთი რამ გაკეთდა ბულგარელ, ასევე ალბანელ მოსამართლეთა მიმართებაში და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვათ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სასამართლოზე იმგვარი გავლენის არსებობას, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში.

ვგულისხმობ კლანის გავლენას და ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლეების მხრიდან. იმისთვის, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდებოდეს, აუცილებელია განხორციელდეს ეს ნაბიჯი. ამერიკელი მეგობრები აბსოლუტურად სერიოზულად არიან განწყობილნი ამ მიმართულებით, პროცესი არის დაძრული. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სანქციები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, პროცესი მოითხოვს დროს, მაგრამ, რაც მთავარია, ის დაძრულია“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ „მეტი დეტალის გამჟღავნების უფლება არ აქვთ“, რადგან, მისი თქმით, „ამერიკელი მეგობრები ამ საკითხს ამუშავებენ“.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ აშშ-ში უმაღლეს დონეზე განიხილება იმ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესება, რომლებიც საქართველოში ინარჩუნებენ კლანს და კვებავენ ამ კლანს“, - გვეუბნება „ლელოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია.

მეტის ფრთხილი მოლოდინი - სამადაშვილი

კონკრეტული პირების დაუსახელებლად, სამადაშვილი გვეუბნება, რომ ვაშინგტონის პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში, კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას გარკვეული ენთუზიაზმით უყურებენ - როგორც ნიშანს, არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

დამოუკიდებელ დეპუტატს და ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს ვკითხეთ, ამერიკელ პარტნიორებთან სანქციების შესახებ საუბრისას, მოიაზრებოდა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებიც.

„მე შემიძლია გითხრათ, - წყაროს არ დავასახელებ. მაგრამ, ვაშინგტონში, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების ძალიან გავლენიანმა წარმომადგენელმა რაც გვითხრა, - რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება კარგი სიგნალი იქნება სხვებისთვის, რა შეიძლება მოსდევდეს საკუთარი ხალხის ინტერესების, შენს ქვეყანაში დემოკრატიის ინტერესების უგულებელყოფას და, ასევე, ფაქტობრივად პირდაპირ მოატყუო ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე და მიშელის დოკუმენტის შესრულებას ვინც უქმნის პრობლემებს, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ხალხი ატყუებს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ატყუებს ევროკავშირს, ვაშინგტონს და ცხადია, ეს პასუხის გარეშე არ დარჩება“, - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ „თუ შარლ მიშელის დოკუმენტის იგნორირება მოხდება“, სანქციების დაწესების საკითხი „წარმატებით დაიძვრება“.

„ყველაფერი ხდება დინამიკაში. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტის იგნორირებას გააგრძელებს, რომელიც ჩვენ ყველგან მოვისმინეთ, - სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორედ ამ დოკუმენტს ხედავენ როგორც გზას მომავლისკენ და ხელისუფლებისგან მის სრულყოფილ იმპლემენტაციასა და განხორციელებას ელოდებიან; თუ გაგრძელდება იგივე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ამ დოკუმენტების იგნორირება მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, რომ ძალიან წარმატებით დავძრათ და სწრაფად დავიწყოთ საკითხი სანქციების შესახებ. ახლა, თავად პროცედურას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და არავინ არ ამბობს, რომ ეს ხვალ იქნება. მაგრამ, თუ „ქართული ოცნება“ და სასამართლო კლანი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც დღეს აქვთ, მე ძალიან რეალისტურად მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პრაქტიკა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი არსებობს.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და საპარლამენტო ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის დედაქალაქში 22 ივნისს დაიწყო და მის ფარგლებში, სხვადასხვა დონის 15-მდე შეხვედრა გაიმართა.