მიუხედავად იმისა, რომ ხანგოშვილი ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე იყო და, არაერთი წყაროს თანახმად, საქართველოს სპეცსამსახურებთან წლობით თანამშრომლობდა, მისი მკვლელობისას ოფიციალურ თბილისს განგაში არ აუტეხავს. საქართველოს მასზე თბილისის ცენტრში 2015 წლის თავდასხმაც კი არ გამოუძიებია.
ახლა პირადად ვლადიმირ პუტინი საუბრობს ხანგოშვილის მკვლელის, FSB-ს ოფიცრის ვადიმ კრასიკოვი/სოკოლოვის დაბრუნებაზე და მიანიშნებს, რომ მას ხანგოშვილი „საკუთარი ინიციატივით“ არ მოუკლავს.
ოფიციალური თბილისი კვლავ დუმს.
ასევე ნახეთ პუტინი ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ხანგოშვილის მკვლელს ითხოვსმკვლელი ჟურნალისტის სანაცვლოდ?
ვლადიმირ პუტინმა ხანგოშვილის მკვლელზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ილაპრაკა - ოღონდ ისე, რომ გვარები არ დაუსახელებია.
პუტინმა ეს ამბავი მოაყოლა კარლსონის კითხვას რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტზე, ევან გერშკოვიჩზე.
ასევე ნახეთ პუტინმა დასავლეთს ისტორიის ლექცია წაუკითხა და თქვა, რომ ომს გააგრძელებს33 წლის გერშკოვიჩი ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში.
რუსეთის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ გერშკოვიჩი „სენსიტიური ინფორმაციის მოპოვებით იყო დაკავებული“, „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა“ და „ამას ჯაშუშობა ჰქვია“.
შემდეგ თქვა, რომ რუსულ-ამერიკული „სპეცსამსახურების გადასაწყვეტია, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას“ გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე/გაცვლაზე, და დასძინა, რომ „გარკვეული სამუშაოები დაწყებულია“.
და სწორედ აქ, გაცვლაზე მინიშნებით, აღწერა ხანგოშვილის მკვლელი: პუტინმა კრასიკოვს უწოდა „პატრიოტი“, რომელმაც „პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში“.
ადრე პუტინი ამტკიცებდა, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოსო, ახლა კი თქვა:
„კავკასიის მოვლენების დროს, იცით, ეს ბანდიტი რას აკეთებდა? არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ მიწევს. ის ჩვენს ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს გზაზე აწვენდა, შემდეგ კი მანქანით ზეგ გადაუვლიდა ხოლმე. ეს რანაირი ადამიანია? შეიძლება საერთოდ, ადამიანი ეწოდოს? მაგრამ ერთმა პატრიოტმა, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. თავისი ნებით გააკეთა ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია“.
„დასტური“
„პუტინის ეს სიტყვებიც მოწმობს, რომ მისი დავალებით განხორციელდა მკვლელობა. ამიტომაც იყო დაჟინებული მოქმედება და შედარებით სარისკოც - ბერლინის ცენტრში ამის გაკეთება ძალიან გამომწვევი საქციელი იყო“, - ამბობს გივი თარგამაძე, 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
2019 წლის 23 აგვისტოს ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში, პარკის გავლით მეჩეთში მიდიოდა, პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად. ამ დროს მკვლელი უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი გლოკ 21-ის პისტოლეტიდან სამი ტყვია ესროლა. შემდეგ ველოსიპედი და პისტოლეტი მდინარეში ჩაყარა, თავად კი ბუჩქებში დაიმალა, თუმცა მალევე დააკავეს.
მკვლელობას მოჰყვა გერმანიის ფედერალური პროკურატურის ხანგრძლივი და ეფექტური გამოძიება, - პარალელურად, ჟურნალისტური გამოძიებები, - და სასამართლო პროცესი. დადგინდა, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა.
2021 წლის 15 დეკემბერს გერმანულმა სასამართლომ ვადიმ კრასიკოვი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა შეუფარდა.
ბერლინის სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.
ასევე ნახეთ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლების შემდეგ გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა„ჩემი ძმა თავის სამშობლოში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. არ აპატიეს, რომ არ გაიყიდა და არ შევიდა იმ ლაჩრების სიაში, რომელთაც არ აინტერესებთ სამშობლო, უფლება და სამართალი“, - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
„ტერორისტი პუტინისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. უნამუსოს, როცა ასე უნამუსოდ იტყუება [როდესაც ჩემს ძმაზე საუბრობს], თვითონაც ეღიმება. არ მიკვირს. უნამუსო ტერორისტი თავისი ბინძური პოლიტიკისა და აგრესიის მოწინააღმდეგეებზე ასე ლამაზად შეკმაზული ზღაპრებით და ბრალდებებით ილაპარაკებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ხანგოშვილმა.
„უნდა ჰკითხონ მოსაზრება თბილისს?“
რამდენად მისაღებია საქართველოსთვის, მისი მოქალაქის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული პირი ავტორიტეტული გამოცემის ჟურნალისტში გაცვალონ? ან ეთქმის კი საერთოდ რაიმე ამ მოლაპარაკებებში?
რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა კომენტარი, - შეეფასებინა რუსეთის ინიციატივა გერშკოვიჩის ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულის გაცვლის შესახებ. პასუხი 3 დღის განმავლობაში არ მიგვიღია.
„საქართველოს ხელისუფლებამ რომ რაიმე ინიციატივა გამოიჩინოს, ნაკლებად სავარაუდო მგონია. მაგრამ ნორმალურ, ინსტიტუციურად გამართულ სახელმწიფოში, საქართველო ამ მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახაბერ ქემოკლიძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი.
„საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული ინტერესი რომ ჰქონდეს, რომ ჩვენი მოქალაქის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ჩვენივე მტრის სპეცსამსახურების თანამშრომელი [ამერიკელ ჟურნალისტში] არ უნდა გაიცვალოს … როგორც მინიმუმ, აშშ-მა და გერმანიამ უნდა ჰკითხონ მოსაზრება ოფიციალურ თბილისს, რას ფიქრობს ასეთ გაცვლაზე, - თუ საერთოდ დაიწყებენ ამის განხილვას“, - ამბობს ქემოკლიძე.
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, პუტინს მართლაც ჰქონდეს მოლოდინი, რომ გერშკოვიჩს კრასიკოვში გაუცვლიან.
„ამაზე სერიოზულად რომ ფიქრობდეს, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში არ იტყოდა. თავის ხალხს ამუშავებდა ამაზე დიპლომატიური არხებით. და გერმანელებს ცხადად აქვთ ნათქვამი, რომ ამ ადამიანს არ გამოუშვებენ“, - ამბობს კრამერი.
ვადიმ კრასიკოვს/სოკოლოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მკვლელის გაცვლაზე მთავრობის წარმომადგენლებს არც მასთან და არც ოჯახის სხვა წევრებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„ზოგადად, ადვოკატებისგან ვიგებთ ინფორმაციას, და აქამდე იმედებს გვაძლევდნენ, რომ მას არ გაცვლიან“, - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი. რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სოკოლოვის დაბრუნება უნდოდა.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა, რომელმაც ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა და პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაასახელა კრასიკოვის გვარი, X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა:
„პუტინი გერშკოვიჩს, - ჟურნალისტს, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ, (ეძებდა და ააშკარავებდა საიდუმლოებს), - ადარებს ვადიმ კრასიკოვს, FSB-ს პროფესიონალ "კილერს", რომელიც - პუტინი როგორც იქნა აღიარებს - თავად გაგზავნა ხანგოშვილის მოსაკლავად ბერლინში“.
ასევე ნახეთ ეფ-ეს-ბეს ჩართულობა და კრემლის კვალი - ხანგოშვილის მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიების ახალი დეტალები„ეს გამაოგნებელია თავისი უხამსობითაც და ფროიდისტურობითაც. პუტინი თვეებია, შეერთებულ შტატებს მკვლელი კრასიკოვის ევანსში გაცვლას სთავაზობს. ვერ აცნობიერებს, რომ გერმანია სუვერენული ქვეყანაა, რომელიც აშშ-სგან მითითებებს არ მიიღებს“, - წერს გროზევი.
„დიდი იმედი მაქვს, დასავლეთი ბევრად უფრო კონცენტრირებული იქნება და უბრალოდ საუბარსაც კი არ დაუშვებს ასეთი ტიპის გაცვლაზე“, - ამბობს გივი თარგამაძე.
საქართველოს რეაგირება
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ 2019 წელს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, „მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკმაოდ ინერტული იყო ამ საქმისადმი, დიდ ინტერესს არასოდეს იჩენდა, რაც, რომ არ დაგიმალოთ, ჩემი აზრით, შეცდომა იყო“.
„ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გქონდეს ძლიერი რეაქცია. არ ვამბობ, რომ ანალოგიური აქტიური ღონისძიება დაუგეგმო და რუსეთის რომელიღაც სპეცსამსახურის კონკრეტული აგენტები იგივე მეთოდით დაუსაჯო - თუმცა ესეც არის ხოლმე პასუხი, განსაკუთრებით ძლიერი სპეცსამსახურების მხრიდან. მაგრამ დიპლომატიურ ფრონტზე რომ მკაცრი პასუხი გაცემულიყო, - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ეს იქნებოდა კარგი ჟესტი, რომ პატარა ხარ, მაგრამ გაქვს ეფექტიანი, კვალიფიციური დიპლომატიური პასუხი და ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის დადასტურება“.
იმ დროს, როდესაც ხანგოშვილი ბერლინში მოკლეს, ხოლო საქართველოს მთავრობას აქტიურობა არ გამოუჩენია, კახაბერ ქემოკლიძე ახალი დანიშნული იყო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად. ის ახლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური მდივანია.
მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა, რომ გერმანიაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე თავს შეიკავებდა კომენტარისაგან. ოპონენტების კრიტიკაზე პასუხად პარლამენტში განაცხადა: „ეს საქმე რომ გაიხსნება … საბოლოო შედეგი რომ დადგება, აი, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ“.
ამჟამად ქემოკლიძე ამბობს: „ჩვენ არ დაგვცალდა, პოლიტიკურად სწორი რეფლექსია მიეცა საქართველოს სახელმწიფოს იმ კონკრეტულ გამოძიებისა და სასამართლოს დასკვნის შედეგად დამდგარ მოცემულობაზე“. გახარია 2021 წლის თებერვალში გადადგა, სასამართლომ კი დეკემბერში გამოიტანა განაჩენი.
ვერდიქტის შემდეგ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. საქართველოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. განცხადებები კი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე გაკეთდა.
და, მაინც, ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი?
ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. მასზე რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული „ტერორიზმის" ბრალდებით. 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.
ჩეჩნეთის მეორე ომში, სადაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის ფედერაციას უწევდა წინააღმდეგობას, ხანგოშვილი იჩქერიის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. რუსეთმა სასტიკად ჩაახშო აჯანყება. ამის შემდეგ ხანგოშვილი, არაერთი ქისტი და ჩეჩენი თანამებრძოლის მსგავსად, საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისას, შეკრიბა რაზმი ქართული არმიის მხარდასაჭერად ცხინვალის რეგიონში ოპერაციის მიზნით, თუმცა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გამო, უშუალოდ ბრძოლებში არ მიუღია მონაწილეობა.
საჯაროდ მისი სახელი 2012 წელს გახმაურდა, - როცა ზელიმხან ხანგოშვილმა ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას იკისრა შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
ეს არის ის, რაც საჯაროდაა ცნობილი. მაგრამ ჟურნალისტური გამოძიებები აჩვენებს, რომ იგი საქართველოს სახელმწიფოსთვისაც, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, გამორჩეული ფიგურა იყო. გამოცემა Daily Beast-ის ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოს უშიშროების სამსახურებთან. ამ გამოძიების თანახმად:
- ხანგოშვილი 2006 წელს დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში;
- ხანგოშვილთან თანამშრომლობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ქართულმა უშიშროების სამსახურებმა დააკავეს „კილერი“ სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც რუსეთს ჰყავდა დაქირავებული ხანგოშვილის მოსაკლავად; ამით ხანგოშვილის ნდობა დაიმსახურეს;
- ამის შემდეგ ხანგოშვილი ქართულ სპეცსამსახურებს „საკვანძო ინფორმაციას აწვდიდა ჯიჰადისტთა ქმედებებზე“ და ეხმარებოდა სახელმწიფოს კონტრტერორისტულ საქმიანობაში:
- მაგალითად, დაეხმარა სახელმწიფოს უზბეკური ექსტრემისტული ორგანიზაციის კავკასიაზე დაგეგმილი თავდასხმის განეიტრალებაში;
- ასევე, მათ ინფორმაციას აწვდიდა, თუ ვინ იყო პანკისში FSB-სა და რამზან კადიროვის ძალების მიერ რეკრუტირებული.
ასევე ნახეთ კადიროვის სამიზნეში
თავდასხმა თბილისში - რას აჩვენებს გამოძიება?
ხანგოშვილის ცხოვრების კიდევ ერთი, ყველაზე გახმაურებული ეპიზოდია 2015 წელს თბილისში მასზე თავდასხმა: 28 მაისს მანქანაში მჯდარს გაგარინის (ჟვანიას) მოედანზე 8 ტყვია ესროლეს; რამდენიმე ტყვია მოხვდა კიდეც, თუმცა გადარჩა და თავად მივიდა საავადმყოფოში.
გივი თარგამაძე ამბობს, რომ არათუ ახლა, საქართველოს ხანგოშვილის საქმეზე ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, თბილისში თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ უნდა გამოეჩინა.
თავდასხმა დღემდე არაა გამოძიებული.
ასევე ნახეთ ხმაური გერმანიაში, დუმილი საქართველოშიმისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, შსს-სა და პროკურატურას „სიმართლის დადგენის და ეფექტიანი რეაგირების რეალური ინტერესი არ ჰქონდათ“.
თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილმა, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, ჯერ წავიდა უკრაინაში, შემდეგ პოლონეთში, ბოლოს კი - გერმანიაში, სადაც მოკლეს.
ის მშობლიურ პანკისში დაკრძალეს.