აშშ-ის შუალედური არჩევნები და საგარეო პოლიტიკა: რა შეიცვლება?

რესპუბლიკელები, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდნენ, ყოველთვის არ ეთანხმებოდნენ მის ადმინისტრაციას. რა მოხდება ახლა, როცა წარმომადგენელთა პალატაში დომინანტური ძალა დემოკრატები გახდნენ?

ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დროდადრო ბუნდოვანება შეეპარებოდა ხოლმე, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზოგჯერ კითხვებს უსვამდა ვაშინგტონის ტრადიციულ ალიანსებსა და კავშირებს.

ახლა ახალი ცვლილებების დრო დადგა. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა, პალატაში გამარჯვება მოიპოვეს დემოკრატებმა და მათ მეტი გავლენა ექნებათ საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში აღმასრულებელი შტო - თეთრი სახლი - მთავარ ძალას წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ კონგრესის ლიდერებს ყველაზე დიდი გავლენა აქვთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში - ისინი აკონტროლებენ და აფინანსებენ მათ შორის საომარ ოპერაციებს, დიპლომატიას, დაზვერვას.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები გადაწყვეტენ რომელი კანონპროექტი გახდეს განხილვის საგანი, მათ უფრო დიდი როლი ექნებათ ხარჯვით პოლიტიკასა და კანონების შექმნაში. ამან, შესაძლოა, მოიტანოს უფრო მკაცრი პოზიციები რუსეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების გამარჯვებას, თავის მხრივ, აბალანსებს სენატში რესპუბლიკელთა დომინაცია, რომელიც, 6 ნოემბრის შედეგებით, კიდევ უფრო გაიზარდა.

როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მარვინ კალბი ამბობს, ყოველივე ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს მეტ დაბნეულობას და ნაკლებად მკაფიო ორიენტირებს საგარეო პოლიტიკაში:

დემოკრატებს მოუწევთ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა... ეკლიან საკითხებთან შეჭიდება, რაც მოიცავს გლობალურ ასპარეზზე ტრამპიზმის ალტერნატივის ფორმულირებას ისე, რომ კავშირი არ დაირღვეს ტრამპის შედარებით მერყევ მხარდამჭერებთან, რომლებიც თავს წაგებულად თვლიან გლობალიზაციისგან...
დევიდ უეიდი

„იქნება ბევრი ლაპარაკი, გაცილებით მეტი გამოძიებები და შეხვედრები, მაგრამ ეს ყველაფერი რაც უფრო მეტია, შესაბამისად იკლებს შანსი გაჩნდეს ფორმულირებული კონტრარგუმენტი ან კონტრსტრატეგია, რომელსაც პრეზიდენტს შესთავაზებდნენ“.

სახელმწიფო მდივან ჯონ კერის კანცელარიის უფროსი დევიდ უეიდი არჩევნებამდე გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „დემოკრატებს მოუწევთ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა... ეკლიან საკითხებთან შეჭიდება, რაც მოიცავს გლობალურ ასპარეზზე ტრამპიზმის ალტერნატივის ფორმულირებას ისე, რომ კავშირი არ დაირღვეს ტრამპის შედარებით მერყევ მხარდამჭერებთან, რომლებიც თავს წაგებულად თვლიან გლობალიზაციისგან“.

იან ბონდი, წარსულში ბრიტანეთის ელჩი რუსეთსა და ნატოში, ფიქრობს, რომ შუალედურ არჩევნებს ევროპაში აღიქვამენ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მიმართულების გამოკვეთის ეტაპად.მათ, ვინც ლონდონსა და ბრიუსელში იმყოფება და სწამს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ათწლეულების განმავლობაში ფორმირებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა, იმედი აქვთ, რომ არჩევნებით შემდგარი კონგრესი პატივისცემით მოეკიდება ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს და გარკვეულწილად შეზღუდავს პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობას წყვეტა შეიტანოს ამ ტრანსატლანტიკურ კავშირებშიო, ამბობს ის.

რუსეთი

ახლა რაც შეეხება საქართველოსთვის განსაკუთრებით საჭირბოროტო საკითხს - რუსეთს.

რესპუბლიკელთა კონტროლის პირობებში კონგრესის ორივე პალატა, დიდწილად, ერთსულოვანი იყო რუსეთთან მიმართებით იმ პროცესების გამო, რომლებიც 2014 წლიდან განვითარდა - როცა მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმს დაუჭირა მხარი.

2017 წელს ამერიკის მეტოქეთა სანქციებით დაპირისპირების კანონპროექტს, იმავე CAATSA-ს, თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კონგრესის ორივე პალატამ. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა მიერ კონტროლის პირობებში ეს ნაკლებად სავარაუდოა შეიცვალოს. გავრცელებული ცნობებით, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს სათავეში ჩაუდგება ელიოტ ენგელი, კრემლის მწვავე კრიტიკოსი და რუსეთში მოქმედი უფლებადამცველების მომხრე.

რუსეთის კიდევ ერთი კრიტიკოსი, ადამ სმიტი, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების კომიტეტს ჩაუდგება სათავეში.

სენატმა უკვე არჩევნებამდე დაკარგა რუსეთის შემაკავებელი კამპანიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბობ კორკერმა პენსიაში გასვლა გადაწყვიტა, არჩევნებში კენჭისყრის ნაცვლად.

ვისკონსინის შტატი. 6 ნოემბერი

გავრცელებული ვარაუდით, კორკერს შეცვლის ამ კომიტეტის წევრი სტაჟიანი რესპუბლიკელი, ჯიმ რიში. მას კორკერის ან ამ პოსტით დაინტერესებული კიდევ ერთი რესპუბლიკელის, მარკო რუბიოს, მსგავს „ქორად“ არ მიიჩნევენ რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან მიმართებით. ამასთან, რიში არ არის ცნობილი თეთრ სახლთან დაპირისპირებით, მაშინ როცა რუბიო 2016 წელს ტრამპის მეტოქე იყო და, შესაძლოა, 2020 წელსაც სცადოს ბედი.

სენატმა ასევე დაკარგა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ხმა, ჯონ მაკკეინი, რომელიც აგვისტოში გარდაიცვალა. მაკკეინი სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტს ედგა სათავეში. ის ასევე მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვითი პოლიტიკის წარმართვაში, მათ შორის ევროპაში, სადაც ვაშინგტონმა ნელ-ნელა გააძლიერა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა, უკრაინასა და სხვაგან რუსეთის ნაბიჯების პასუხად.

მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ ამ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ჯეიმს ინჰოფი და ვარაუდობენ, რომ ის დარჩება კიდეც ამ პოზიციაზე. ინჰოფმა, თავის რესპუბლიკელ კოლეგებთან ერთად, მხარი დაუჭირა CAASTA-ს, მაგრამ ის მაკკეინის მსგავსი ხმამაღალი კრიტიკით არ გამოირჩევა.

ვარაუდობენ, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება უკრაინის მიმართ, რომელსაც რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მყარად უჭერდნენ მხარს ბოლო ორი წლის განმავლობაში. დემოკრატებმა, შესაძლოა, იმსჯელონ დაფინანსების გაზრდაზე უკრაინის არმიის შეიარაღებისთვის.

მიულერის ფაქტორი

ტრამპის ადმინისტრაციას ყველაზე დიდ ჩრდილს აყენებს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის, გამოძიება როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის, ასევე ტრამპის გარემოცვასა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კავშირების შესახებ.

გამოძიება 2016 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე დაიწყო და მას შემდეგ მიულერი ჩაუდგა სათავეში. მისმა ნაბიჯებმა არაერთხელ გამოიწვია ტრამპის გულისწყრომა

ამ დრომდე მიულერის გამოძიების შედეგებს შორის იყო დანაშაულების შვიდი აღიარება თუ დამტკიცება, ბრალდებები წაუყენეს კიდევ 26 პირს და სამ რუსულ კომპანიას.

რობერტ მიულერი

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები მიულერის გამოძიებას დიდად მხარს არ უჭერდნენ. ზოგიერთი რესპუბლიკელი აცხადებდა, რომ მიულერის გუნდი მიკერძოებულია ტრამპის წინააღმდეგ და ამის მტკიცებულებად მოჰყავდა, მაგალითად, ის, რომ ზოგიერთს, შესაძლოა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატებისთვის გაეგზავნა ფინანსური შესაწირი წარსულში.

მარტში წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა დაასრულეს სადაზვერვო კომიტეტში მიმდინარე გამოძიება და დაასკვნეს, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის „არ ყოფილა საიდუმლო კავშირები“. ამავე საბჭოში მყოფი დემოკრატების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ამგვარ დასკვნას.

ეს მყისიერად შეიცვლება, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების დომინანტურ ძალად მისვლით.

გავრცელებული ვარაუდით, სადაზვერვო კომიტეტს სათავეში ჩაუდგება ადამ შიფი და გამოძიებაც განახლდება.

ირანი

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სხვა მწვავე საკითხებს - მაგალითად, ირანს, რომლის მიმართაც აშშ-ის დამოკიდებულება მკვეთრად მარჯვნივ გადაიხარა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი, ისევე როგორც ტრამპის ბევრი მრჩეველი, ღრმა სკეფსისით აფასებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიდგომას თეირანისადმი, 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების ჩათვლით.

ბევრი დემოკრატი მხარს უჭერდა ამ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანს მოუხსნეს ეკონომიკური სანქციები, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

აშშ-ის საელჩოს კედელი თეირანში. 4 ნოემბერს ათასობით ირანელმა ქუჩებში გამოსვლით აღნიშნა დღე, როდესაც აშშ-ის საელჩოზე განხორციელდა შტურმი 1979 წელს.

ტრამპმა ამ ხელშეკრულებით მოხსნილი სანქციების შემდეგ კრიტიკის სამიზნედ გაიხადა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მისი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანს ისტორიაში უმკაცრესი სანქციები აქვს ახლა დაკისრებული.

გავრცელებული ვარაუდით, ტრამპი არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს მკაცრ პოლიტიკას ირანთან მიმართებით, თუმცა დემოკრატები შეძლებენ დაიბარონ ტრამპის მრჩევლები და ახსნა-განმარტებები მოითხოვონ ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე.

თეთრი სახლი და საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის უახლოესი მუსლიმი მოკავშირეა, რომელიც შეისყიდის მილიარდობით დოლარის ღირებულების აშშ-ის შეიარაღებას, სტაბილურობას ინარჩუნებს მსოფლიოს ნავთობის ბაზრებზე და ხშირად კულისებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში.

თუმცა აშშ-თან მისი კავშირები მნიშვნელოვნად დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოკლეს ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან და ტახტის მემკვიდრის, მოჰამედ ბინ სალმანის, მწვავე კრიტიკოსი.

საპროტესტო აქცია საუდის არაბეთის საკონსულოს წინ. სტამბოლი

ხაშოგი, რომელიც აშშ-ის ბინადრობის უფლებას ფლობდა, გავრცელებული ვარაუდით, საუდის არაბეთიდან ჩასულმა საგანგებო ჯგუფმა მოკლა მაშინ, როცა ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა 2 ოქტომბერს. ტრამპი ორივე პარტიის მხრიდან განიცდის ზეწოლას რიადის მიმართ ნაბიჯების გადასადგმელად. გასულ თვეში 20-მა სენატორმა, დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც, ხელი მოაწერეს თეთრი სახლისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც გამოთქმულია წინადადება სანქციები დაუწესდეს ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებს ადამიანის უფლებების იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელსაც მაგნიტსკის აქტის სახელით ვიცნობთ.

როგორც საგარეო პოლიტიკის სხვა სფეროები ტრამპის პირობებში, საუდის არაბეთთან კავშირებსაც დიდწილად თეთრი სახლი განაგებს. ახლო აღმოსავლეთში გატარებულ პოლიტიკაში მონაწილეობს ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, რომელმაც საუდის არაბეთის ლიდერებთან ახლო კავშირები დაამყარა.

დიდი ალბათობით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები თეთრ სახლზე ზეწოლას განახორციელებენ არა მხოლოდ ხაშოგის მკვლელობის ფაქტის, არამედ საუდის არაბეთის პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებთან კუშნერის კავშირების გამოც.