- რა ედება ბრალად ტრამპს
- ტრამპს ხომ უკვე გამოუცხადეს იმპიჩმენტი?
- როგორ წარიმართება პროცესი?
- უწინ თუ ყოფილა სენატში საიმპიჩმენტო პროცესი?
წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტი განახორციელა, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ ის რეალურად გადააყენონ თანამდებობიდან - და ეს პერსპექტივა ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება.
როცა 1780-იან წლებში აშშ-ის კონსტიტუცია იწერებოდა, გადაწყდა, რომ საჭირო იყო მკაფიო მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა არჩეული პრეზიდენტის გადაყენებას, თუკი ეს უმაღლესი თანამდებობა ბოროტად იქნებოდა გამოყენებული. ქვეყნის 243-წლიანი ისტორიის განმავლობაში მესამედ, სენატორები მოისმენენ არგუმენტებს საიმპიჩმენტო პროცესზე, ამჯერად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
საიმპიჩმენტო პროცესი ოფიციალურად 16 იანვარს დაიწყო, მთავარი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს წევრის, ჯონ რობერტსის მიერ ფიცის დადებით.
ასევე ნახეთ ტრამპი იურისტების გუნდს აძლიერებს სენატში საიმპიჩმენტო განხილვისთვისპროცესზე წარმომადგენელთა პალატის ლიდერებმა ოფიციალურად წაიკითხეს ბრალდებები, რომლებიც იმპიჩმენტის მუხლების სახელით არის ცნობილი. ამ პროცედურის შემდეგ რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით მოქმედმა სენატმა ტრამპს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რითიც მას პროცესის შესახებ შეატყობინა და შესთავაზა წერილობით გასცეს პასუხი ბრალდებებს.
პროცესი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს და ტელევიზიით იქნება გადაცემული, ემთხვევა მნიშვნელოვან პერიოდს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში - დემოკრატები ემზადებიან პირველი სახელმწიფო პრაიმერისებისთვის, რომლებიც დაადგენს, ვინ გაუწევს მეტოქეობას მათი პარტიიდან ტრამპს ნოემბერში.
დემოკრატიული პარტიის ოთხი კანდიდატი - მაიკლ ბენეტი, ემი კლობუჩარი, ბერნი სანდერსი და ელიზაბეტ უორენი - სენატორები არიან და თავიანთი კამპანიების შეკვეცა მოუწევთ, რათა იმპიჩმენტის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. პირველი პრაიმერისი აიოვაში გაიმართება 3 თებერვალს.
რა ედება ბრალად ტრამპს
ტრამპს ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც უკავშირდება მის ნაბიჯებს უკრაინასთან მიმართებით. მისი ბრალდება ასევე ითვალისწინებს კონგრესისთვის ხელის შეშლას ამ ნაბიჯების გამოძიებაში.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ამბობენ, რომ ტრამპმა უკრაინას შეუჩერა 400 მილიონამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და ასევე ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში მიწვევა საიმისოდ, რომ კიევს გამოეცხადებინა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც შესაძლოა ხელსაყრელი ყოფილიყო ტრამპის ხელახალი არჩევისთვის პრეზიდენტად.
ტრამპს სურდა უკრაინას გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენზე, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია,და მის ვაჟზე, ჰანტერ ბაიდენზე.
ასევე ნახეთ რას ცვლის ტრამპის აღიარება, რომ ზელენსკის ჯო ბაიდენზე ესაუბრა?ჰანტერ ბაიდენი იყო კიევში განთავსებული გაზის მწარმოებელი კომპანიის, Burisma Holdings-ის, საბჭოს წევრი მაშინ, როცა მამამისი იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი და თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უკრაინის საკითხებში.
უკრაინელმა პროკურორებმა 2014 წელს აღძრეს კორუფციის შესახებ საქმე Burisma-ს წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ყოფილი მინისტრია.
ტრამპი, მტკიცებულებების გარეშე, აცხადებს, რომ ბაიდენმა კიევზე ზეწოლა განახორციელა, რათა Burisma და თავისი ვაჟი დაეცვა. ბაიდენი ამ ბრალდებას უარყოფს.
ტრამპს ასევე სურდა უკრაინას გამოეძიებინა უკვე უარყოფილი და დისკრედიტირებული თეორია, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩაერია უკრაინა და არა რუსეთი.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია რუსეთი, უწინარესად, ტრამპის დასახმარებლად.
ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში, დიდი ხანია, ჩრდილს აყენებს რუსეთის შესახებ ეს გამოძიება, რომელსაც თავად ის „სიყალბედ“ და „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს.
ასევე ნახეთ აშშ-ის სენატის ახალი ანგარიში: 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა სავარაუდოდ 50-ვე შტატში განხორციელდაწარმომადგენელთა პალატამ სექტემბერში დაიწყო იმის გამოძიება, მოახდინა თუ არა ტრამპმა ზეწოლა უკრაინაზე - ჩვენების მისაცემად გამოიძახეს მოწმეები თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვა უწყებებიდან.
ტრამპმა რამდენიმე ოფიციალურ პირს უბრძანა არ დამორჩილებოდა ჩვენებისთვის გამოძახებას, რამაც წარმოშვა იმპიჩმენტის მეორე მუხლი - კონგრესისთვის ხელის შეშლა.
ტრამპს ხომ უკვე გამოუცხადეს იმპიჩმენტი?
დიახ, წარმომადგენელთა პალატამ.
მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ოფიციალურად წარედგინა ბრალი, გამოძიების ჩატარებისა და კენჭისყრის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა გამოძიება დაასრულა, მან 3 დეკემბერს გამოაქვეყნა ამ გამოძიების შედეგების ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტს დანაშაულთა ჩადენაში დასდო ბრალი.
18 დეკემბერს პრაქტიკულად პარტიულ ხაზებად დაყოფილ კენჭისყრაში წარმომადგენელთა პალატამ 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ მიიღო პირველი ბრალდება და 229 ხმით 198-ის წინააღმდეგ - მეორე. ყველა რესპუბლიკელმა ორივე ბრალდების წინააღმდეგ მისცა ხმა, მაშინ როცა დემოკრატებს შორის სულ რამდენიმე იყო მათი მოწინააღმდეგე ან ისეთი, ვინც, უბრალოდ, კენჭისყრაზე საკუთარი ყოფნა დააფიქსირა.
როგორ წარიმართება პროცესი?
ტრამპის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს უხელმძღვანელებენ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები. პრეზიდენტის იურიდიული და დაცვის გუნდი მოიცავს თეთრი სახლის მრჩეველს, პეტ ციპოლონის, ტრამპის პერსონალურ ადვოკატს, ჯეი სეკულოვს, კენ სტარს,რომელიც 1990-იან წლებში პრეზიდენტ ბილ კლინტონის საქმეს იძიებდა, და ალან დერშოვიცს, კონსტიტუციური სამართლის პროფესორს ჰარვარდის სამართლის სკოლაში. დერშოვიცი ადვოკატია და წარსულში წარმოადგენდა მოკრივე მაიკ ტაისონსა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს, ო ჯეი სიმფსონს.
პროცესი დაიწყება 21 იანვარს, ვაშინგტონის დროით დღის 1 საათზე, და ამის შემდეგ კვირაში ექვსი დღე იმუშავებს, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ყოველდღიური სესიები ოთხიდან ხუთ საათამდე გასტანს.
სენატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო განხილვაზე - რომელი მოდელის დანერგვაც სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა, მოითხოვა - ორივე მხარეს მხოლოდ 24 საათი ექნება თავისი გამხსნელი არგუმენტების წარსადგენად. ამის შემდეგ ორივე მხარეს 16 საათამდე დრო გამოეყოფა საიმისოდ, რომ სენატორებმა დასვან შეკითხვები, რომლებსაც წერილობით წარადგენენ.
სენატი განიხილავს და შესაძლოა კენჭი უყაროს პროცესის ფორმატს - მათ შორის იმას, გამოიძახებენ თუ არა მოწმეებს და მოიხმობენ თუ არა დოკუმენტებს. მოწმეების ან მტკიცებულებების გამოძახებისთვის 51 სენატორისგან შემდგარი უმრავლესობის თანხმობაა საჭირო. 100-ადგილიან პალატაში 53 რესპუბლიკელი სენატორია.
ამასობაში გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ამყარებს ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მუხლებს: სენატის დემოკრატებმა მოითხოვეს ახალი მოწმეებისა და დოკუმენტების გამოძახება.
საბჭოეთში დაბადებულმა, ამჟამად აშშ-ის მოქალაქემ, ლევ პარნასმა, რომელიც ამ საქმის მნიშვნელოვანი ფიგურაა, გასულ კვირაში მედიას პირველად უთხრა, რომ ცდილობდა უკრაინას ბაიდენის გარშემო გამოძიება დაეწყო, ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის, მოთხოვნით. პარნასი, რომელმაც დოკუმენტაციაც წარმოადგინა, ამბობს, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ცდილობენ უზრუნველყონ ის, რომ სენატის რესპუბლიკელებმა ეს პროცესი არ გამოიყენონ ტრამპის სწრაფი გამართლებისთვის, თუმცა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები არ თანხმდებიან საქმეში ახალი მტკიცებულებების ჩართვას.
როცა წესები დადგინდება, მოსამართლე რობერტსი პროცესს კანონის შესაბამისად უხელმძღვანელებს. რობერტსი უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დანიშნა 2005 წელს. ამის შემდეგ სენატორები პროცესს ჩუმად მიადევნებენ თვალს.
პროცესის ბოლოს სენატორები იმპიჩმენტის ორივე მუხლს უყრიან კენჭს.
თუ ტრამპს დამნაშავედ სენატორების ორი მესამედი, ანუ 100-დან 67 სენატორი, მიიჩნევს, მას პრეზიდენტობიდან გადააყენებენ.
თუმცა ამ უპრეცედენტო მოვლენის პერსპექტივა ნაკლებად რეალისტურია. რესპუბლიკელები სენატში აკონტროლებენ 100-დან 53 მანდატს, რაც ნიშნავს, რომ მათგან 20 უნდა წავიდეს თავისი პარტიის წინააღმდეგ და ხმა მისცეს რესპუბლიკელი პრეზიდენტის გადაყენებას.
უწინ თუ ყოფილა სენატში საიმპიჩმენტო პროცესი?
კი. დემოკრატი ენდრიუ ჯონსონი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც სენატში საიმპიჩმენტო პროცესზე წარდგა.
ჯონსონი ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც აბრაამ ლინკოლნი მოკლეს. 1868 წელს მას რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატამ ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრის, ჯონ სტენტონის, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებაში.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება?ჯონსონისთვის ბრალდების დამტკიცებას და მის გადაყენებას სენატში ერთი ხმა არ ეყო, თუმცა ჯონსონმა თავის პარტიაში ვეღარ მოიპოვა მხარდაჭერა საიმისოდ, რომ 1868 წლის არჩევნებშიც ეყარა კენჭი.
1998 წელს დემოკრატ პრეზიდენტ ბილ კლინტონს რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატამ ბრალი დასდო ფიცის ქვეშ სიცრუის თქმასა და მართლმსაჯულების შეფერხებაში, რაც კავშირში იყო სტაჟიორთან მის სექსუალურ ურთიერთობასთან. მაგრამ კლინტონის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა.
აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი კი, მანამდე გადადგა, სანამ მისი საიმპიჩმენტო პროცესი კენჭისყრის სტადიას მიაღწევდა წარმომადგენელთა პალატაში.