აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პირველი საარჩევნო დებატები - რა უნდა ვიცოდეთ?

დებატები ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში 23 აგვისტოს ჩატარდება

23 აგვისტოს 2024 წლის პირველადი არჩევნების ციკლის პირველ დებატებში რესპუბლიკური პარტიის რვა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს. აი, რამდენიმე ფაქტი ამ დაპირისპირების შესახებ:

სად ტარდება დებატები?

დებატები ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ჩატარდება და მას ტელეკომპანია Fox News-ი გადასცემს პირდაპირ ეთერში. ვისკონსინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კუთხით - 2024 წელს იქ გამარჯვების შანსი რესპუბლიკელებსაც აქვთ და დემოკრატებსაც.

11 თვეში მილუოკიში რესპუბლიკელების ნაციონალური კონვენცია ჩატარდება, სადაც პარტია ოფიციალურად დაასახელებს დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეტოქეს.

ვინ მიიღებს მონაწილეობას?

ყველა მნიშვნელოვანი რესპუბლიკელი კანდიდატი ერთის გარდა. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც გამოკითხვების მიხედვით ბევრად წინაა ყველა თავის ოპონენტზე, გადაწყვიტა დებატებში მონაწილეობის ნაცვლად ექსკლუზიური ინტერვიუ მიეცა კონსერვატორი კომენტატორი ტაკერ კარლსონისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს სხვა კანდიდატებმა.

დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, სენატორი ტიმ სკოტი, არკანზასის გუბერნატორი ასა ჰაჩინსონი, ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი და ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი დაგ ბურგუმი.

დებატებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა გამოკითხვებში განსაზღვრულ მაჩვენებელზე მეტი პროცენტი უნდა მიიღოს და ჰქონდეს სულ მცირე 40 ათასი ინდივიდუალური დონორის შემოწირულებაზე მეტი. ისინი ასევე დებენ ფიცს, რომ მხარს დაუჭერენ რესპუბლიკელების საბოლოო ნომინაციას.

რა ჰკითხავენ კანდიდატებს?

შეკითხვები წინასწარ არ ქვეყნდება, თუმცა მოდერატორებმა მანამდე გამოქვეყნებულ ინტერვიუებში მიანიშნეს, რომ ლაპარაკი იქნება ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და აბორტებზე.

ორივე საკითხი რთულია. რესპუბლიკელების უმეტესობა აბორტების მკაცრ შეზღუდვებს უჭერს მხარს, თუმცა ამას ეწინააღმდეგება ბევრი ზომიერი რესპუბლიკელი და დამოუკიდებელი ამომრჩევლის უმრავლესობა - მათი ხმა კი არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

რესპუბლიკელების უმეტესობა ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რაც მის ოპონენტებს ამ საკითხის განხილვას გაურთულებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს დებატები?

წარსულში დებატებში სუსტ გამოსვლას კანდიდატის შანსები დაუსამარებია. ძლიერმა გამოსვლამ კი შეიძლება ნაკლებად ცნობილი კანდიდატი ყურადღების ცენტრში მოაქციოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დებატებს მილიონობით ადამიანი უყურებს - აქედან იწყება ხოლმე კამპანიის უფრო ინტენსიური ეტაპი.

ყველაზე დიდი ყურადღება რონ დესანტისს ეთმობა - ის გამოკითხვებში ტრამპის შემდეგ მეორე ადგილზეა, თუმცა პოპულარობა ზაფხულის განმავლობაში იკლებდა. ეს დებატები მისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს - კარგი გამოსვლა მის პოზიციას გაამყარებს, სუსტი გამოსვლის შემთხვევაში კი შესაძლოა ყველა შანსი დაკარგოს.

სულ რამდენი დებატი ჩატარდება?

ჯერჯერობით დაგეგმილია ორი - შემდეგი სექტემბერში, სამხრეთ კალიფორნიაში ჩატარდება. თუმცა სავარაუდოა, რომ ამას კიდევ რამდენიმე დებატი დაემატება.

გრემ სლეტერი / Reuters