პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 2022 წლის ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხიდან საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სულ მცირე 120 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს.
სხვა მიმართულებების გარდა, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, საქართველო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებადაც დასახელდა, როგორც რუსული გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი „ფრონტისპირა ქვეყანა“.
1992-2020 წლები $ 4 348 400 000 - აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაშიმეტი დემოკრატია და მეტი უსაფრთხოება
28 მაისს გამოქვეყნებული ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტის პროექტის თანახმად, ისევე როგორც შარშან, საქართველო 88 025 000 აშშ დოლარს მიიღებს ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA), რაც ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და კრემლის საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება.
ერთი სიტყვით, ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის მეტი დემოკრატია ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას და - პირიქით.
ზემოხსენებული 88 მილიონი წაადგება ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, დაეხმარება შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური მშვიდობისთვისაც.
„ჩვენ გვახსოვს ყველას, თუ რაოდენ დიდი და მასშტაბური შეტევები განხორციელდა შარშან [საქართველოში] სახელმწიფო უწყებათა ვებსაიტებზე, როდესაც ერთდროულად 2000-ზე მეტი სახელმწიფო უწყების ვებსაიტი მოხვდა შეტევის ქვეშ. ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელშიც, სამწუხაროდ, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია. და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ტიპის დახმარებას, რომელიც, ვიმედოვნებ, არ შემოიფარგლება მხოლოდ თანხის გამოყოფით და ამას მოჰყვება შესაბამისი მეთოდური დახმარება და სწავლებები, რაც დაკავშირებულია პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.
ნატოსთან თავსებადობა და რეგიონალური უსაფრთხოება
რუსეთის აგრესია წითელ ზოლად გასდევს კიდევ ერთ პრიორიტეტს, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა. საქართველო სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით 2.2 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, რომლის მიზანიც რეგიონალური უსაფრთხოებისა და აშშ-ის, ნატოსა და ევროპის შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის ზრდასა და, ასევე, რუსულ აგრესიასთან დაპირისპირებაში დახმარებაა.
ამაზე ორჯერ მეტ თანხას, 5.4 მლნ აშშ დოლარს, საქართველო ვაშინგტონიდან მიიღებს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო პროგრამების, იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და სხვა პროგრამების ფარგლებში.
მართალია, სხვა ქვეყნის დახმარების დათვლა კარგი ტონი არ არის, მაგრამ ცნობისათვის: აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი საქართველოს დასახმარებლად 10 მილიონი დოლარით მეტს, 132 მლნ აშშ დოლარს, ითვალისწინებდა.
ეს შემცირება ყველაზე უფრო მეტად საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან გამოყოფილ დახმარებაზე აისახება. თუ შარშან ეს თანხა 35 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, საქართველო ვაშინგტონისგან მომავალ წელს 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
ასევე ნახეთ ამერიკა 1,1 მლნ დოლარს გადასცემს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლადკორონავირუსის ეპიდემიის შედეგად საკმაოდ დაძაბუნებული ქართული ეკონომიკისათვის ეს თანხა არ არის ცოტა იმისათვის, რომ, როგორც თეთრი სახლის დოკუმენტშია აღნიშნული, „ფრონტისპირა ქვეყანამ“ უფრო უკეთ შეძლოს რუსულ გავლენასთან გამკლავება.
„უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი, და აღქმა ამ ქვეყნის, როგორც დემოკრატიის ფრონტისპირა ხაზზე მყოფი ქვეყნის, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სახელმწიფოს სჭირდება განსაკუთებული დახმარება სწორედ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან მოდის. აქ იგულისხმება როგორც უსაფრთხოების ტრადიციული გაგება, ასევე ეგრეთ წოდებული რბილი ძალა და ჰიბრიდული ზემოქმედების სხვა საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქნის ქვეყანაში სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიას და განვითარებას“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი.
ჩვენი თანამოსაუბრე არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის მოთხოვნილი თანხის რაოდენობა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ფედერალური ბიუჯეტის განხილვის პროცესი კონგრესში გადაინაცვლებს.
ცნობისათვის: მომავალში დახმარების გაზრდის შესაძლებლობაზე იყო საუბარი 21 მაისს, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებას - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ - მოეწერა ხელი.
შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. "საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.