სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, დიპლომატმა ილაპარაკა საქართველოს გზაზე ევროკავშირისა და ნატოსკენ; რუსეთის ზეგავლენაზე, საპროტესტო აქციებსა და ვაშინგტონიდან დანახულ გამოწვევებზეც, რომელთა შესახებაც, როგორც აღნიშნავს, საქართველოს მთავრობასთან გულახდილ საუბარს გააგრძელებს.
საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე რობინ დანიგენის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა. ელჩის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
საქართველოს გარდა, სენატის კომიტეტმა, 30 მარტს, ელჩობის კიდევ სხვა სამ კანდიდატს მოუსმინა, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, იმუშავებენ ალბანეთში, გაიანაში, პაპუა ახალ გვინეაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუში.
ძირითადი გამოსვლის შემდეგ, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრიორიტეტები და გეგმები
სენატორებთან დასახელებული ოთხი სამომავლო პრიორიტეტიდან პირველ პრიორიტეტად და უმთავრეს ვალდებულებად რობინ დანიგენი „აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა და საქართველოში მცხოვრები ყველა ამერიკელის დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ ასახელებს; ხოლო მეორე პრიორიტეტია - მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან - „... რათა დავეხმაროთ, აიხდინონ ოცნება - მოხდეს მტკიცე ინტეგრირება ევროკავშირთან, ნატოსა და დასავლეთთან“.
„ევროატლანტიკური ინტეგრაცია სასარგებლოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის - ღრმად მჯერა, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ჩვენ გვინდა დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან; რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი საზღვრები და აქვს უნარი, გაუძლოს რუსეთის მავნე საქმიანობის წნეხს.
საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი მოვლენები ცხადყოფს, რომ მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რომელიც დარჩენილ ორ პრიორიტეტს ორმხრივ ვაჭრობას, ეკონომიკურ მიზნებსა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირებს:
„რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. მე ვიმუშავებ საქართველოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვაიძულოთ რუსეთი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაეროს ქარტია“.
გამოსვლის მიწურულს, რობინ დანიგენი ცრემლებს იკავებდა, ოჯახის წევრებზე - მეუღლეზე, ორ შვილსა და მშობლებზე საუბრისას. მან თქვა, რომ დიპლომატიური საქმიანობის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, შვილებს უწევდათ „ახალ სკოლებთან, ახალ მეგობრებთან ადაპტირება“ და ამას ისინი იუმორითა და სიმტკიცით უმკლავდებოდნენ.
სხდომის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა შეკითხვა დასვა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებული აქციების თაობაზე და დიპლომატს სთხოვა შეეფასებინა რუსეთის ზეგავლენა „საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში“ და დაამატა, რომ ევროკავშირიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით და „ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაავადეს [საქართველოსთვის] ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.
რობინ დანიგენის პასუხია, რომ საქართველოში მარტში გამართული საპროტესტო აქციები ასახავდა „ქართველი ხალხის წყურვილს - რომ მათი მომავალი მტკიცედ იყოს ინტეგრირებული დასავლეთსა და ევროკავშირთან“; რომ ქართველი ხალხი ამ გზის მიმართ ერთგულებას მუდმივად ადასტურებს და ამიტომ, აშშ-მა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი აწარმოებს მავნე საქმიანობას საქართველოში, დეზინფორმაციის ჩათვლით და ამას თავისი ზეგავლენა აქვს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებითია ჩვენი დახმარება, რათა განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები. ევროკავშირმა განსაზღვრა 12 რეფორმა, რომლებიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და თუკი [ელჩის პოსტზე] დამამტკიცებენ, მჭიდროდ ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, ამ რეფორმების განხორციელებაში დასახმარებლად“, - განაცხადა დანიგენმა.
სენატორმა ვან ჰოლენმა მადლობა გადაუხადა რუსეთის დეზინფორმაციაზე საუბრისთვის და როგორც რუსეთის „უხვი პროპაგანდის“ ერთ-ერთი დეზინფორმაციული კამპანია, იქვე ახსენა ვერსია, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ. „ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე“, - თქვა სენატორმა.
ელჩობის კანდიდატს შეკითხვა რესპუბლიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმაც დაუსვა და მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.
„მინდა დავუბრუნდე „ქართულ ოცნებას“ და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენას... შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად [თქვათ]... რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ ზეგავლენასთან საბრძოლველად... რაც ხდება იმასთან დაკავშირებით... რასაც რუსები ცდილობენ, რომ შეითრიონ საქართველო თავიანთი ზეგავლენის სფეროში“, - ასეთი იყო სენატორის შეკითხვა. თავის პასუხში, ელჩობის კანდიდატს კონკრეტულად არავინ უხსენებია და აღნიშნა, რომ რუსეთის ზეგავლენასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად წარმოუდგენია აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელება დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიის, სასამართლო სისტემის გაძლიერების კუთხით, რაც, მისი თქმით, საზოგადოებას გააძლიერებს და უფრო მდგრადს გახდის რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ.
„გვჭირდება თუ არა უფრო ხისტი პოზიციის დაკავება საქართველოში ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ძალის წინააღმდეგ?!“ - დამატებითი შეკითხვა დასვა სენატორმა რიკეტსმა, რაზეც რობინ დანიგენმა უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია გულახდილი დიალოგის გაგრძელება საქართველოს მთავრობასთან „ჩვენ მიერ დანახულ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით“:
„ვიქნები კვლავ გულახდილი [საქართველოს] მთავრობასთან... ვიცი, რომ ჩვენ ვესაუბრებით მთავრობას ამჟამად და მე გავაგრძელებ იმავეს გაკეთებას“.
მოსმენაზე დაისვა ასევე შეკითხვა - რამდენად იზიარებენ პასუხისმგებლობას და უჭერენ მხარს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ.
რობინ დანიგენმა თქვა, რომ „ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას“. მან ახსენა როგორც ათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარება, ასევე ჰუმანიტარული ტვირთის, მათ შორის - ენერგეტიკული აღჭურვილობის გაგზავნა და დაამატა, რომ საქართველო თავშესაფრად იქცა რუსეთიდან გაქცეული ადამიანებისთვისაც. აშშ-ის მომავალი ელჩი ამბობს, რომ ომის სიმძიმე კარგად ესმით საქართველოში, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წელს დაესხა თავს და გაიმეორა, რომ მისი ამოცანა - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იქნება.
დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, რობინ დანიგენი განმარტავს, რომ დიალოგი მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, კერძო სექტორსა და ფინანსურ სექტორთან. „საქართველოს მთავრობას სურს ამ სანქციების პირობების დაცვა, გვითხრეს და მოითხოვეს დამატებითი ტრენინგიც“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ მომავალ თვეებში საქართველოს ეწვევა დელეგაცია და მათ შორის იქნება - სანქციების საკითხების სპეციალური კოორდინატორიც.
„საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ სანქციებზე თავის არიდების გზით, დავაფინანსოთ რუსეთის საომარი მანქანა და ჯარი, მომავალი აგრესიისთვის“, - ელჩი დანიგენი ამბობს, რომ თავად აპირებს, გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა, რათა არ იქნეს დაშვებული სანქციების გვერდის ავლა.
ვინ არის რობინ დანიგენი?
ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში მუშაობს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე; მანამდე, რობინ დანიგენი ავსტრიაში მოქმედ აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო. მას აქვს მუშაობის გამოცდილება ასევე აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, ფლობს ესპანურ და გერმანულ ენებს.
ასევე ნახეთ სენატორები საქართველოს მთავრობას: გადახედეთ ამ შემაშფოთებელი კანონის გატანას, თავიდან აიცილეთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიის გზაზეაშშ-ის ახალ ელჩს, წინამორბედებისგან განსხვავებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ანტიდასავლური ძალები დახვდებიან.
დანიგენის წინამორბედს, ჯერ კიდევ მოქმედ ელჩს, კელი დეგნანს ბოლო თვეებში აქტიურად ესხმოდა თავს და „მეორე ფრონტის“ გახსნის ხელშეწყობაშიც ადანაშაულებდა „ქართული ოცნების“ განაყოფი და მოკავშირე - „ხალხის ძალა“, რომლის 9 დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობას „ოცნების“ დეპუტატებთან ერთად ქმნის. საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩოსა და ელჩის მისამართით ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.