თვითმფრინავები მიგრანტებით - აშშ აგრძელებს არალეგალების დეპორტაციას

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც გაძევებული მიგრანტები არიზონის შტატიდან ერთ-ერთ ლათინურამერიკულ ქვეყანაში გადაჰყავს.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც გაძევებული მიგრანტები არიზონის შტატიდან ერთ-ერთ ლათინურამერიკულ ქვეყანაში გადაჰყავს.

დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს აშშ-დან მილიონობით არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას დაჰპირდა. მისი ადმინისტრაცია ამ პირობას ასრულებს.

ინაუგურაციიდან მალევე, აშშ-დან სამხრეთით, ლათინურ ამერიკაში გაფრინდნენ დეპორტირებულებით სავსე პირველი თვითმფრინავები.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, გაურკვეველი დროით შეაჩერა ყველა ჰუმანიტარული საიმიგრაციო თხოვნის განხილვა, რომლითაც უკრაინისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობდნენ.

შეჩერება ეხება რამდენიმე პროგრამას, რომლებიც ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იქნა შემოღებული. მათ შორისაა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერისათვის შექმნილი „უკრაინის ერთიანობის“ გეგმაც, რომლის ფარგლებში აშშ-ში დაახლოებით 240 ათასი უკრაინელი ჩავიდა.

როგორც აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის (USCIS) დოკუმენტებშია ნათქვამი, გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა „თაღლითობის ეჭვი და ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიმართული მუქარა“.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მუქარა

20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე და დახურა ოფიციალური მობილური პროგრამა CBP One. ეს პროგრამა აამოქმედა ბაიდენის ადმინისტრაციამ და იგი თავშესაფრის მიღების მსურველებს საშუალებას აძლევდა მოეთხოვათ ადგილი აშშ-მექსიკის საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაჭიმულ რიგებში.

ტეხასის შტატის ეროვნული გვარდიის დანაყოფი ემზადება აშშ-ის სახმელეთო საზღვრის პატრულირებისათვის. 15 თებერვალი, 2025 წელი

ამ პროგრამით აშშ-ში შესასვლელად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა და ცენტრალური აზიის ქვეყნის მოქალაქეებიც სარგებლობდნენ.

შეჩერდა ასევე CHNV პროგრამა. იგი 530 ათას კუბელს, ნიკარაგუელსა და ვენესუელელს აძლევდა აშშ-ში ჩასვლის უფლებას. იგივე ბედი გაიზიარა სხვა პროგრამამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევდა ჩასულიყვნენ აშშ-ში მყოფ თავიანთ ოჯახის წევრებთან და იქ დალოდებოდნენ მწვანე ბარათის მიღებას ოჯახის გაერთიანების ფარგლებში.

მიგრანტები ვენესუელიდან რიგში ელოდებიან საშვებს, რომელიც მათ უფლებას მისცემს მექსიკის საზღვრის გავლით შევიდნენ აშშ-ის ტერიტორიაზე. მექსიკის შტატი ჩიაპასი, 2025 წელი

გასულ კვირაში აშშ-დან ვენესუელაში გაემგზავრა ვენესუელის მოქალაქეებით სავსე 2 თვითმფრინავი. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ისინი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.

ეს იყო არალეგალი ვენესუელელი მოქალაქეების აშშ-დან დეპორტაციის პირველი ფაქტი მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა თეთრის სახლის ამჟამინდელ ადმინისტრაციასა და კარაკასის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება.

თვითმფრინავები მიგრანტებისათვის ვენესუელის სახელმწიფო ავიაკომპანია Conviasa-მ გამოყო.

ვენესუელის ხელისუფლებამ გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის თანახმაა მიიღოს აშშ-დან დეპორტირებული, ათეული ათასი თავისი მოქალაქე. პირველ ორ თვითმფრინავში ძირითადად იმყოფებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის, პირველ ყოვლისა, ლათინური ამერიკის ყბადაღებული ბანდის Tren de Aragua-ს წევრები.

ეს მოოქრული, ბრილიანტით, ზურმუხტითა და პლატინით გაწყობილი პისტოლეტი კარტელ "სინალოას" ჯგუფის ერთ-ერთ წევრს აღმოუჩინეს და ჩამოართვეს აშშ-ში

19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა ზოგიერთი ლათინურამერიკული ტრანსნაციონალური ბანდა და მსხვილი ნარკოკარტელი. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ გამოცემულ შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია წარმოადგენს მუქარას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ის ეკონომიკური ინტერესებისთვის.

ამ სიაში მოხვდნენ მექსიკური დანაშაულებრივი გაერთიანებები: Cartel de Sinaloa, Cartel de Jalisco Nueva Generacion, Carteles Unidos, Cartel del Noreste, Cartel del Golfo და La Nueva Familia Michoacana. ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ იქნა ასევე დანაშაულებრივი გაერთიანება Tren de Aragua და MS-13 (Mara Salvatrucha, იგივე „სალვადორელი მომთაბარე ჭიანჭველები“).

დანაშაულებრივ ჯგუფ MS-13-ის წევრები სალვადორის ციხეში. 2023 წელი

31 იანვარს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ამ თემის განსახილველად კარაკასში შეხვდა ვენესუელის ფაქტობრივ ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რომელსაც ვაშინგტონი ოფიციალურად არ ცნობს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ამ მოლაპარაკების შედეგად საპატიმროდან გათავისუფლდა აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ადრე ვენესუელის საიდუმლო პოლიციამ CEBIN-მა დააკავა. მიაღწიეს ასევე შეთანხმებას, რომ ვენესუელა დაიწყებდა აშშ-დან დეპორტირებული მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავების მიღებას.

ასევე ნახეთ ვენესუელაში გაათავისუფლეს ექვსი ამერიკელი პატიმარი

ტრამპმა საჯარო მადლობა გადაუხადა თავისი ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეს, პრეზიდენტის წარმომადგენელს ვენესუელის საკითხებში, რიჩარდ გრენელს, რომელიც ვენესუელას სტუმრობდა.

მადურომ დადებითად შეაფასა თავის უპრეცედენტო შეხვედრა გრენელთან და „აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვისკენ“ მოუწოდა.

მადუროს მიერ გრენელის შეხვედრაზე მიწვევის წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ გრენელის ვიზიტი არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მადუროს ვენესუელის კანონიერ ლიდერად მიიჩნევს.

ტრამპის მიერ თავის საგანგებო წარგზავნილად დანიშნული გრენელის ვიზიტი 31 იანვარს შედგა. Reuters-ის თანახმად, ის იყო ბევრი ვენესუელელისთვის შემაშფოთებელი, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი მადუროს მთავრობაზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას გაატარებდა, როგორც ამას პირველი ვადით პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას აკეთებდა.

ბევრ დეპორტირებულს სამშობლოში სიკვდილი, წამება და ციხე ემუქრება

იანვრის ბოლოს, დიდი საჯარო პოლემიკის შემდეგ, აშშ-დან დეპორტირებული თავის მოქალაქეების მიღებას დათანხმდა კოლუმბიაც. ეს მოხდა მძიმე სანქციების მუქარით, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი ჰპირდებოდა კოლუმბიის ხელისუფლებას. „კოლუმბიის ხელისუფლება დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით აშშ-დან დეპორტირებულ კოლუმბიელთა განუსაზღვრელ და შეუფერხებელ მიღებას“, - ნათქვამი იყო ბოგოტის განცხადებაში. მანამდე კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ პირობა დადო, რომ თავის პირად თვითმფრინავს გამოყოფდა აშშ-დან დეპორტირებული კოლუმბიელი მოქალაქეების „ღირსეულად დაბრუნებისთვის“, მაგრამ შემდგომ ეს დაპირება არ შეუსრულებია.

ტრამპის მუქარა ითვალისწინებდა ასევე სავიზო შეზღუდვებს კოლუმბიელი მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, და 25%-იანი ბაჟის შემოღებას კოლუმბიის მთელ იმპორტზე, რაც პერსპექტივაში შეიძლებოდა გაორმაგებულიყო. და ეს იმ დროს, როდესაც აშშ კოლუმბიისათვის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. თავად კოლუმბიას, როგორც გასაღების ბაზარს, ლათინურ ამერიკაში მესამე ადგილი უკავია.

ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, პირველ ყოვლისა მექსიკა და ბრაზილია, აქტიურად აკრიტიკებენ არალეგალი მიგრანტების გასახლებისკენ მიმართულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებას.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და კოლუმბიის ლიდერმა გუსტავო პეტრომ უარი თქვეს მიეღოთ სადეპორტაციო რეისები, მაგრამ დონალდ ტრამპს ამ ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ხოლო ჰონდურასის პრეზიდენტი სიომარა კასტრო, რომელიც მემარცხენე იდეების აშკარა მხარდამჭერია, იანვარში დაემუქრა ვაშინგტონს, რომ „ჰონდურასში არსებობის მიზეზს დაკარგავდა“ უმსხვილესი ბაზა სოტო-კანო, რომელზეც ამერიკული ავიაცია და დაახლოებით 1500 ამერიკელი სამხედროა განლაგებული.

მაგრამ ლათინურ ამერიკაში სხვა მოსაზრება და კონკრეტული გეგმაც აქვთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ ვაშინგტონს შესთავაზა, გარკვეულ საფასურად, დაეწყო თავის ციხეებში აშშ-დან დეპორტირებული, ნებისმიერი მსჯავრდადებული დამნაშავის, მათ შორის არალეგალებისა და თვით აშშ-ის მოქალაქეების, განთავსება.

ბუკელეს ამ სიტყვებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან მხურვალე მხარდაჭერა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეიძლება იყოს მსგავსი გარიგება კანონიერი და საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი შეთანხმება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო (მარცხნივ) და სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე (მარჯვნივ) ტბა კუატეპაკეს მახლობლად მდებარე სალვადორის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვედრის დროს. 3 თებერვალი 2025

აღსანიშნავია, რომ სალვადორმა ადრეც მოაწერა ხელი თითქმის მსგავს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს. შეთანხმება, რომელიც შეერთებულ შტატებში დაკავებული და მსჯავრდადებული არა სალვადორის მოქალაქეების სალვადორის ციხეებში მოთავსებას შეეხება, ცნობილია, როგორც „უსაფრთხო მესამე ქვეყნის შეთანხმება“. თუმცა, ეს გარიგება არასდროს განხორციელებულა კოვიდპანდემიის გამო. ახლა ნაიიბ ბუკელე ამტკიცებს, რომ მისი ახალი წინადადება ვაშინგტონისთვის უფრო მნიშვნელოვანი და „ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე 2019 წელს დადებული შეთანხმება“.

13 თებერვალს შტატ კალიფორნიიდან პანამაში ჩაფრინდა პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც 119 დეპორტირებული არალეგალი მიგრანტი ჩაიყვანა. ეს მოხდა ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტიდან ძალიან მალევე.

რუბიომ პანამაში გამოხატა ვაშინგტონის უკიდურესი აღშფოთება იმით, თუ როგორ მართავენ პანამის არხს პრეზიდენტი ხოზე ხულიო მულინო და მისი მთავრობა. როგორც ვაშინგტონი მიიჩნევს, პანამამ არხის კონტროლი ფაქტობრივად ჩინეთს გადასცა. ამერიკიდან ჩასულ თვითმფრინავში მყოფ მიგრანტებს შორის იყვნენ მთელი ოჯახები, რომელიც აშშ-ში უკანონოდ ჩავიდნენ სამხრეთ და ცენტრალური აზიიდან, პირველ ყოვლისა ავღანეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. იყვნენ მათ შორის ისეთებიც, ვისაც რუსეთის ფედერაციის პასპორტი ჰქონდა.

ჰაიტელი დევნილები მდინარის დარენის ხეობის გავლით ცდილობენ აშშ-ში შესვლას

პრეზიდენტმა მულინომ, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა თვითმფრინავის მიღებას, მოგვიანებით განაცხადა, რომ ყველა დეპორტირებული, მათ შორის ბავშვები, განათავსეს ადგილობრივ სასტუმროში Decapolis Panama City-ში. ამის შემდეგ მათ გადაიყვანენ დროებითი მოთავსების იზოლატორში, შორეულ პანამის პროვინცია დარენში, საიდანაც შეეცდებიან სამშობლოში მათ გამგზავრებას. მალე პანამაში კიდევ სამი ამერიკული თვითმფრინავი ჩავიდა არალეგალი ემიგრანტების დეპორტირებულ ოჯახებთან ერთად, რომლებიც იქვე დააბინავეს. ახლა სასტუმრო Decapolis Panama City-ში პანამაში შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 400 ადამიანი იმყოფება.

თავად დეპორტირებულების თქმით, რომელთა შორის ბევრი უზბეკია, მათ ძალიან ეშინიათ საკუთარი თავისა და ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო. პანამაში მათ ჩამოართვეს ეროვნული დოკუმენტები და თითქმის ყველა მობილური ტელეფონი, შემდეგ კი ჩაკეტეს სამხედროების მიერ დაცულ კონდიციონერებგამორთულ სასტუმროში, აუკრძალეს ადვოკატების ნახვა და უთხრეს, რომ მალე ყველას გაგზავნიდნენ ჯუნგლებში მდებარე კარვების ბანაკში. იქ უკვე გაგზავნილია რამდენიმე ათეული ადამიანი.

აქ სულ მცირე ერთმა ადამიანმა უკვე სცადა თვითმკვლელობა. მეორემ გაქცევის მცდელობისას ფეხი მოიტეხა. მესამემ ფარული მობილური ტელეფონიდან უბრალო შეტყობინება გაგზავნა: „მხოლოდ სასწაულს შეუძლია ჩვენი გადარჩენა“. ბოლო ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 170-მა ადამიანმა ზეწოლის ქვეშ, უკვე მოაწერა ხელი თანხმობას სამშობლოში შემდგომ დეპორტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს იქ სიკვდილი, წამება და ციხე ემუქრება.