აშშ და რუსეთი: ჯაშუშების გაცვლის მოკლე ისტორია

საბჭოთა დისიდენტ ნათან შარანსკის (ქუდით) ცვლიან ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეებზე, კარელ და ჰანა კიოხერებზე. გლინიკის ხიდზე. 1986 წლის 11 თებერვალი.

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელის დაკავებამ გააჩინა ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან გამეორდება „ჯაშუშების გაცვლის“ სცენა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა პოლ უილანს, თავი იჩინა შეკითხვამ: ამერიკისა და ბრიტანეთის ეს მოქალაქე მართლაც ჯაშუშია, თუ შემთხვევით გაეხვია ინტრიგაში, რომელსაც ცივი ომის დროინდელი დაპირისპირების იერი დაჰკრავს?

არსებობს მოსაზრება, რომ 48 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითი, უბრალოდ, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ის მოსკოვში მეგობრის ქორწილში ჩავიდა. უილანის ადვოკატის, ვლადიმირ ჟერებენკოვის აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა აშშ-ში დაკავებულმა მარია ბუტინამ და ეს ბოლოხანს მოხდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი უილანს იყენებს მძევლად „ჯაშუშების გაცვლის“ დასადგმელად. კრემლი უარყოფს, რომ ბუტინა რუსეთის აგენტია.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პოლ უილანი შეიძლება გაიცვალოს უკანონო ლობისტობაში დადანაშაულებულ მარია ბუტინაზე.

ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება გაცვლაო, უთხრა ჟერებენკოვმა ამერიკულ ტელეარხ ეი-ბი-სი ნიუსს (ABC News) ტელეფონით ინტერვიუში.და როდესაც საუბარია ამერიკელებსა და რუსებს შორის „ჯაშუშების გაცვლაზე“, ბევრს გაახსენდება ბერლინი - ადგილი, სადაც ცივ ომში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ღამით უცვლიდნენ დაკავებულ ხალხს.

გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა „ჯაშუშთა გაცვლის“ სერიიდან:

1962 წლის 10 თებერვალი: საბჭოთა კავშირში ჩამოგდებული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის პილოტ ფრენსის გერი პაუერსსა და ნიუ-იორკში ჯაშუშობაში მხილებულ რუდოლფ აბელს საიდუმლო ვითარებაში ცვლიან გლინიკეს ხიდზე, დასავლეთ ბერლინსა და პოტსდამს შორის. ჯაშუშური რომანების კლასიკურ ეპიზოდად იქცა სცენა, როგორ უახლოვდება და მერე შორდება ერთმანეთს ორი მამაკაცი ჩაბნელებულ, ბურუსით მოცულ ხიდზე.

საბჭოთა კავშირში ჩამოგდებული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის პილოტ ფრენსის გერი პაუერსსა და ნიუ-იორკში ჯაშუშობაში მხილებულ რუდოლფ აბელს საიდუმლო ვითარებაში ცვლიან გლინიკეს ხიდზე.

1963 წლის 11 ოქტომბერი: საბჭოთა კავშირში სხვადასხვა დროს დაპატიმრებულ ორ ადამიანს - 24 წლის ამერიკელ სტუდენტ მარვი უილიამ მეიკინენსა და იეზუიტ მისიონერ უოლტერ ჩიშეკს - ცვლიან აშშ-ში ჯაშუშობისათვის დაპატიმრებულ ივან ეგოროვსა და მის მეუღლე ალექსანდრაზე. ეგოროვი გაეროს თანამშრომელი იყო.

ალექსანდრ გინზბურგი

1979 წლის 27 აპრილი: საბჭოთა კავშირიდან ნიუ-იორკში ჩაჰყავთ ალექსანდრ გინზბურგი და კიდევ ოთხი დისიდენტი აშშ-ში ჯაშუშობისათვის დაკავებულ ორ რუსზე, ვალდიკ ენგერსა და რუდოფლ ჩერნიაევზე, გასაცვლელად.

1985 წლის 11 ივნისი: კვლავ გლინიკეს ხიდი ექცევა მოქმედების ეპიცენტრში, მთლიანობაში, 29 ადამიანის გაცვლისას. ჯაშუშებს შორის „ვარსკვლავია“ პოლონელი მარიან ზახარსკი, რომელმაც საბჭოთა კავშირს გადასცა უაღრესად მნიშვნელოვნად მიჩნეული საიდუმლო ინფორმაცია რადარებისა და სტელსის ტექნოლოგიის შესახებ.

1986 წლის 11 თებერვალი, „ჯაშუშთა ხიდის“ როლში გლინიკეს ხიდის ბოლო „გაელვება“: საბჭოთა დისიდენტ ანატოლი შჩარანსკის (იგივე ნათან შარანსკი, ისრაელელი პოლიტიკოსი), რომელსაც აშშ-ისთვის ჯაშუშობის ბრალდება აქვს წაყენებული, ცვლიან ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეებზე, კარელ და ჰანა კიოხერებზე. 1984 წელს კარელ კიოხერმა თავი დამნაშავედ ცნო საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში.

ანა ჩეპმენი

2010 წლის 9 ივლისი, ბოლო გახმაურებული გაცვლა: ვენის აეროპორტში ერთმანეთის გვერდით გაჩერდა ორი თვითმფრინავი. მოსკოვმა ოთხი ადამიანი გაათავისუფლა, ხოლო აშშ-მა გაუშვა 10 ადამიანი, მათ შორის ანა ჩეპმენი, რუსეთის დაზვერვის ფოტოგენური აგენტი. სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ჟურნალ „მაქსიმის“ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნდა მისი სურათები: ანა ჩეპმენი, იარაღიანი და შილიფად ჩაცმული აგენტის იერით.

გაცვლილი აგენტების რიგშია სერგეი სკრიპალიც - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2006 წელს დამნაშავედ ცნეს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ის ინგლისში დასახლდა, სადაც შარშან მოწამლეს, სავარაუდოდ, რუსმა აგენტებმა.