„აღარ გაქვთ ნიღბები“: ბელარუსელები სპეცრაზმელების ვინაობის დასადგენად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ

ვიდეოზე ორი ხელკეტიანი პოლიციელი ჩანს. ერთს ხელში, როგორც ჩანს, ხელყუმბარა უჭირავს. ძირს მომიტინგე აგდია. გარშემო შეკრებილი ხალხი ხმამაღლა ითხოვს მის განთავისუფლებას.

ერთ-ერთი პოლიციელი კამერისკენ ტრიალდება. ნიღაბი უკეთია. მხოლოდ თვალები უჩანს. ამ დროს კადრი ჩერდება და ზედ ეწერება: „სრულდება სახის სეგმენტაცია...“

რამდენიმე წამში კომპიუტერი პოლიციელის იდენტიფიკაციას ახდენს და მის ფოტოსა და პერსონალურ მონაცემებს მოიძიებს. 29 წლისაა და ქალაქ მინსკიდანააო, - იუწყება. ერთი დაწკაპუნება და ნიღაბი ქრება - ზემოდან ფოტოდან აღებული სახე დაედება.

შემდეგ კი კამერას გრძელთმიანი, წვერებიანი ახალგაზრდა მიმართავს. „დაგპირდით, რომ თქვენი შვილები სწორედ თქვენს სახეს ნახავდნენ, როდესაც ყველაზე მდაბალ საქციელს სჩადიხართ. ეტყობა ვერ მიხვდით, თუ რამდენად რთულ მდგომარეობაში ხართ. თქვენ არ გაქვთ ნიღბები. არასწორ საუკუნეში ცხოვრობთ“, - ამბობს ის.

ეს ვიდეო 24 სექტემბერს ატვირთა „იუტუბზე“ ანდრეი მაქსიმოვმა, 30 წლის მინსკელმა, რომელიც დღეს აშშ-ში ცხოვრობს. რამდენიმე დღეში ეს კადრები მილიონზე მეტჯერ ნახეს.

ვიდეო აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ციფრულად მოხსნა ნიღაბი იმ სამართალდამცავებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლაში იღებდნენ მონაწილეობას - აქციების, რომლებიც ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.

მაქსიმოვი 22 წლისა იყო, როდესაც ამერიკაში ემიგრირდა და ამჯერად კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში, ცხოვრობს. მისი თქმით, ის ცდილობს პოლიციელებს აჩვენოს, რომ დაუსჯელად ვეღარ იმოქმედებენ.

„ასევე მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ბელარუსელი სამართალდამცავები სამართალს კი არ იცავენ, არამედ მას ყოველდღე არღვევენ. ჩვენ კი ყველანაირი ტექნოლოგიური საშუალება გვაქვს, რომ მათი სახეები ფოტოზე აღვბეჭდოთ და მათი დანაშაულების ვიდეომტკიცებულებები გავავრცელოთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ანდრეი აგრძელებს: „ბელარუსში „დეანონიმიზაციის“ არაერთი აქტიური კამპანია მიმდინარეობს. ჩვენი აზრით, გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, როდესაც ამ ყველაფერს უფრო ვიზუალურ სახეს მივცემთ, როდესაც „დანაშაულის ადგილს“, ასე ვთქვათ, სახეებს დავუბრუნებთ“.

ანდრეი მაქსიმოვი ამბობს, რომ ის 2010 წელს იყო „საპროტესტო ფრონტის წინა ხაზზე“ ლუკაშენკას წინააღმდეგ. „წელს ვიგრძენი, რომ მორალური უფლება არ მქონდა, ჩუმად ვყოფილიყავი“.

ახალი ტექნოლოგიები

ეს ტექნოლოგია ერთი ელემენტია უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივისა, რომლის ამოცანა იმ პოლიციელების ვინაობის გამჟღავნებაა, რომლებიც დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან.

ლუკაშენკას რეჟიმი ყოველთვის ეყრდნობოდა გაუმჭვირვალობას და უარყოფას. ახლა კი მისთვის ეს უფრო რთული ხდება - მომიტინგეები ხშირად გლეჯენ ნიღბებს სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც ეს ინტერნეტით გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, ასეთ შემთხვევებში ხშირად გარბიან ხოლმე ადგილიდან.

კიდევ ერთი ტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელსაც მომიტინგეები ხშირად იყენებენ, სატელეფონო აპი „ტელეგრამია“, რომელიც მომხმარებელთა მიმოწერას შიფრავს. ამ აპის მეშვეობით უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს ახალ ამბებს, ინფორმაციასა და სამომავლო გეგმებს. ლუკაშენკას რეჟიმს ინტერნეტზე ცენზურა აქვს დაწესებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პროგრამის შეზღუდვა მათ არ ძალუძთ. „ტელეგრამზე“ ოპოზიციის არხ NEXTA -ს 2 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

NEXTA ხშირად აზიარებს კიდევ ერთი ოპოზიციური არხის, „ბელარუსის შავი წიგნის“, პოსტებს, სადაც გამოქვეყნებულია ლუკაშენკასთან დაახლოებული პირებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების სახელები, მისამართები და სხვა პერსონალური მონაცემები.

ოპოზიციის ციფრული კამპანია მოიცავს ასევე ხელსაწყოებს, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმის სხვა ასპექტებსაც ააშკარავებს.

ერთ-ერთი ასეთია პროდუქტების კოდების სკანერი, რომელიც მომხმარებელს ეუბნება, აქვს თუ არა ამ პროდუქტის მწარმოებელ ფირმას კავშირი ლუკაშენკას გარემოცვასთან. ის სიარჰეი კასტრამამ შექმნა, იურისტმა, რომელიც ამჟამად პრაღაში ცხოვრობს.

„მე მონაცემთა ბაზა გავამზადე, ჩემმა პროგრამისტმა მეგობარმა კი აპი შექმნა“, - უთხრა მან ინტერვიუში Current Time-ს, 24-საათიან რუსულ სატელევიზიო ქსელს, რომელსაც რადიო თავისუფლება უძღვება „ამერიკის ხმის“ დახმარებით“.

ბელარუსის დედაქალაქში დიდი ხანია, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოცხალი და ინოვაციური სექტორი ვითარდება. 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ ბევრი დეველოპერი მინსკიდან მეზობელ ლატვიასა და პოლონეთში გადავიდა, მათი მზარდი ნაწილი კი სამშობლოში ოპოზიციის დახმარებას ცდილობს.

მათ ამ საქმიანობას მეორე მხარეც აქვს: სპეცსამსახურების პირადი მონაცემების გამოქვეყნება ხალხს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგებს.

25 სექტემბერს მინსკის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ სიტყვები „ფაშისტი“ და „მკვლელი“ დაწერეს. „ბელარუსის შავი წიგნის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ აქ ცხოვრობს უბნის სპეცრაზმის მეთაური, დმიტრი ბალაბა. „ვერსად დაიმალები, ვირთხა“, - ეწერა მისი სავარაუდო საცხოვრებლის წინ.

ინფორმაციას, რომელსაც „ბელარუსის შავი წიგნის“ მსგავსი არხები ავრცელებენ, როგორც ჩანს, არავინ ამოწმებს და, შესაბამისად, არავინ იცის, თუ რამდენად სწორია. ბევრ შემთხვევაში, ნიღაბახდილი პოლიციელების გვერდით „სავარაუდო მისამართი“ წერია და სხვა დეტალებიც დაუზუსტებელია.

ზოგი აქტივისტი თანამებრძოლებს აფრთხილებს, რომ მსგავსი პლატფორმების ბრმა ნდობა არ შეიძლება და შურისძიების მსხვერპლი შეიძლება უდანაშაულო მოქალაქე აღმოჩნდეს.

ვიდეოს ავტორი იური მაქსიმოვიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღიარებს, რომ ტექნოლოგია სრულყოფილი არ არის და, „სამწუხაროდ, შეცდომებიც შეიძლება მოხდეს“.

თუმცა, მისი აზრით, შესაძლო ზიანს გადაწონის ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩამდენები ანონიმურები ვეღარ იქნებიან.

„მსგავსი სისტემის გარშემო არსებობს პირად მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები და ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდით, რომ ასეთი პროგრამის საჭიროება საერთოდ არ დამდგარიყო“, - თქვა მან. - „თუმცა, როდესაც ვითარება უთანასწოროა, ყოველდღე ასობით ადამიანს უკანონოდ ადგება ზიანი და გვაქვს შანსი, რომ ეს ძალადობა შევამციროთ, მაშინ ვალდებულები ვართ ამის გაკეთება ვცადოთ“.