„ჰუდის“ თოკი წამიჭირა ყელში, ვიგუდებოდი“, - აპრილის აქციებზე დაკავებულები იზოლატორებს ტოვებენ

უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ დაზიანება ყელზე პოლიციამ, "ჰუდის" თოკით მიაყენა

34 წლის უჩა ქემაშვილი პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, 15 აპრილს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, გვიან ღამით დააკავეს.

17 აპრილს ამოეწურა ადმინისტრაციული დაკავების 48-საათიანი ვადა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პირდაპირ აქციაზე წავიდა:

„ჯერ პარლამენტთან წავედი, მერე მთავრობის ადმინისტრაციასთან. ჩემი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ ვინც წავა, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი გუნდი იქნება, თუ ოპოზიცია, ყველა აქციაზე გავალ. მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.

უჩა ქემაშვილი ჰყვება, რომ როცა პოლიციამ დააკავა კანონსაწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდა:

„ვიდექი ევროკავშირის დიდი დროშით და საყვირებით. ხმამაღლა ვსკანდირებდი, ვაქტიურობდი, თუმცა, ჩემი პროტესტი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის, აქციის მონაწილეებს ვეუბნებოდი, პოლიციის კორდონი რომც გავარღვიოთ, უკან „რობოკოპები“ და წყლის ჭავლის მანქანა დგას და არ აქვს აზრი ამათ გარღვევას-მეთქი.

ზურგით ვიდექი პოლიციასთან. ამის თქმა იყო და მტაცეს ხელი. არც ფიზიკური დაპირისპირება მქონია პოლიციასთან და არც სიტყვიერი“.

ამბობს, რომ დაკავებისას პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა:

უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ დაზიანება ყელზე პოლიციამ, "ჰუდის" თოკით მიაყენა

„ძირს რომ დამაგდეს, წიხლები მირტყეს ფერდებში. „ჰუდი“ (კაპიუშონიანი ჯემპრი) მეცვა, ერთ-ერთმა პოლიციელმა კისერში წამიჭირა ჰუდის თასმა. რას შვრებით, მგუდავთ-მეთქი? - სანამ შემეძლო, ვუყვიროდი. მერე მეორე პოლიციელმა უთხრა, შეეშვიო.

მანქანაში რომ ჩამსვეს, ზედ დამაწვნენ, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ, ძალიან აგრესიულები იყვნენ. ჩემთან ერთად იყო კიდევ სამი ადამიანი. გადაგვიყვანეს შსს-ში, კახეთის გზატკეცილზე და შემდეგ უკვე დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში“.

რას იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური

უჩა ქემაშვილი ერთ-ერთია საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შორის, რომლის საქმეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს. ის უკვე გამოკითხეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჰუდიც“:

„ჩამიტარდა ექსპერტიზაც. დაზიანებები მეტყობა კისერზეც, სადაც თოკს მიჭერდნენ. შეამოწმეს ყველა დაზიანება. ძალიან მინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოიძიონ, რადგან ჩემს შემდეგ აუცილებლად იქნება სხვაც და პოლიციას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ასეთი საქციელი დანაშაულია“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ აპრილის აქციებზე „სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.

უწყების პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით:

„ყველა პირის საჩივარზე ვახდენთ რეაგირებას და საგამოძიებო პროცესი მიდის აქტიურად. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აპრილის აქციებზე დაკავებულთა ინტერესებს იცავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს“.

ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 აპრილს გამოაქვეყნეს:

„საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა“.

მათივე განცხადებით, საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო სამ დღეში გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, 15-17 აპრილს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, ანუ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 34 ადამიანი დააკავეს.

4 დაკავებული პოლიციამ 15 აპრილს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ შორისაა ის 3 ადამიანი, რომლებიც დაკავებისას მიღებული დაზიანებების გამო კლინიკაში აღმოჩნდნენ.

რამდენმა ადამიანმა დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირველადი დაკავების ვადა 24 საათითა. თუმცა, სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ დასაბუთებული პოზიციიდან გამომდინარე, ეს ვადა დამატებით კიდევ 24 საათით გაახანგრძლივოს, ანუ ჯამში, 48 საათით.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო დაზუსტებული ინფორმაცია, 18 აპრილისთვის, რამდენმა ადამიანმა დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მოგვაწოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 15 აპრილს დაკავებულთა 48- საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადა 17 აპრილს ამოიწურა, ამ დროისათვის, იზოლატორი, სავარაუდოდ, უკვე დატოვა ათმა პირმა. 18 აპრილს, გვიან ღამით ამოიწურება იმ 18 პირის ადმინისტრაციული დაკავების ვადაც, რომლებიც სამართალდამცავებმა 16 აპრილს დააკავეს.

18 აპრილს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილს დაინიშნა.

დარბაზიდან გამოსულმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს უთხრა:

ირაკლი კუპრაძე

"მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე".

18 აპრილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 აპრილს დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია. მისი პროცესი 24 აპრილს გადაიდო.

როგორც გელა ხასაიას მეგობარი, მარიტა რატიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის "ნაცემია, კბილები აქვს ჩამტვრეული, სავარაუდოდ, ხელკეტით მიყენებული დაჟეჟილობები აღენიშნება კისრის არეში".

თავად გელა ხასაია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ. გნახავთ რუსთაველზე".

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 15-17 აპრილის აქციებზე დაკავებულთა ინტერესებს იცავს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

„ამ ეტაპზე, შვიდი ორგანიზაცია, რომლებიც დაკავებულთა ინტერესებს ვიცავთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევძლოთ ყველა პირის მონახულება, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან ნაცემები, აქვთ დაზიანებები. ის 24 ადამიანი, რომელთა დაკავების შესახებაც ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, ყველა მოვინახულეთ.

რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მაქსიმალური უმრავლესობა, ერთეული პირების გარდა, ნაცემია. როგორც ყვებიან, ისინი სცემეს უშუალოდ დაკავებისას და არა იზოლატორში. ყვებიან, რომ პოლიცია და სპეცრაზმის თანამშრომლები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ე.წ. დერეფნებში გატარებისას. ზოგი ურტყამდა წიხლებს, ზოგი მუშტებს და ძირითადად ამ დროს მიიღეს დაზიანებები.

ზოგს უფრო მეტი დაზიანება აქვს, ზოგს ნაკლები. სამი ადამიანია, ვისაც დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკაში უწევს მკურნალობის გაგრძელება“, - ამბობს საია-ს იურისტი შორენა ლოლაძე.

ასევე ნახეთ ნაცემი და დაშავებული ადამიანები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან - 16 აპრილი

15-17 აპრილის საპროტესტო აქციები მოყვა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს", ე.წ. აგენტების კანონს, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა. სხვა მხრივ კი კანონპროექტი უცვლელად დატოვა.

ასევე ნახეთ „მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია