დააკავეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც წუხელ, 24 ნოემბერს, საპროტესტო დემონსტრაციაზე დაპირისპირებისას პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 44 წლის პირი „პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით“ არის დაკავებული.
შსს ამ ინციდენტს აფასებს, როგორც „თავდასხმას“ და „ფიზიკურად ძალადობას“:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა“, - წერს სამინისტრო.
მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება 24 ნოემბრის ღამეს მოხდა თბილისში, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოეწყოთ.
პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც, და უთხრა, რომ შეეძლოთ ფეხით გაეგრძელებინათ გზა.
პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოჰყვა.
შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ.
მათ საქართველოს პარლამენტთან ღამე გაათიეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.