ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავზე ვაკის პარკი სამ ნაწილად დაიყო. მოქალაქეების ერთი ჯგუფი, გზავნილით „არა პუტინის მარშს“, ვაკის პარკისკენ ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა და ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმდებარედ განლაგდა. აქციის მონაწილეები შეძახილებით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოებითა და საყვირებით აპროტესტებდნენ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. თავად პრორუსული ძალებისგან მართული „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მონაწილეები ვაკის პარკში წითელი დროშებით, წითელი ბუშტებითა და სტალინის ფოტოებით გამოჩნდნენ. მათ მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ კომუნისტური პარტიის წევრები, ომის ვეტერანების შთამომავლები. „უკვდავ პოლკს“ კონტრაქციის მონაწილეებმა „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ომის ვეტერანები ვაკის პარკში ორი ყვითელი ავტობუსით მიიყვანეს. ვაკის პარკში გამართულ აქციას ისინი თეთრ პლასტმასის სკამებზე ჩამომსხდრები ადევნებდნენ თვალს.
„არა პუტინის მარშს“ - აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან გაემართნენ ვაკის პარკისკენ. „ფაშიზმი ვერ დაამარცხებს ოკუპაციას“, „საქართველოს ადგილი არ არის კრემლში“, „რუსეთი ოკუპანტია“, „არ დავუშვებთ რუსული პროპაგანდისტული მარშის ჩატარებას“, „ნატო საქართველოს არჩევანია“, - ეს იმ გზავნილების ნაწილია, რომელიც ვაკის პარკისკენ მსვლელობისას ისმოდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში რუსულ პროპაგანდისტულ მსვლელობას, სახელწოდებით „უკვდავი პოლკი“.
„უკვდავი პოლკის“ კონტრაქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ისინი „უკვდავი პოლკის“ გამოჩენას შეხვდნენ შეძახილებით - „არა რუსეთს“, „რუსეთი ოკუპანტია“, „პუტინ ხუილო“.
ვაკის პარკში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა გააპროტესტეს კიდევ ერთი აქციის მონაწილეებმა. აქცია სახელწოდებით „არ ვიზეიმებთ გენოციდს“ შეუერთდა აქციას „არა პუტინის მარშს“. მათ ერთად შექმნეს ე.წ. „სირცხვილის დერეფანი“.
„უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მონაწილეები ვაკის პარკში წითელი დროშებით, წითელი ბუშტებით, სტალინის ფოტოებითა და ომის ვეტერანების ფოტოებით გამოჩნდნენ.
„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებმა პატივი მიაგეს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და გორში სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს. ისინი ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.
აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, თუმცა, მოგვიანებით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციას „არა პუტინის მარშს“ და „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას ომის ვეტერანები შორიდან ადევნებდნენ თვალს.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავზე ომის ვეტერანები ვაკის პარკში 9 მაისს, დილიდანვე შეიკრიბნენ.
ვაკის პარკში მისული მოქალაქეების ნაწილი ომის ვეტერანებს ყვავილებს ჩუქნიდნენ და მადლობას უხდიდნენ.
კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ისინი პატივს სცემენ ომის ვეტერანებს, აფასებენ მათ თავგანწირვასა და მსხვერპლს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი.
საქართველოს რესპუბლიკიდან ფრონტის ხაზზე გაწვეული იქნა 700 ათასამდე მებრძოლი. ომიდან ვეღარ დაბრუნდა 300 ათასი გაწვეული.
ომის ვეტერანები ვაკის პარკიდან ორი ყვითელი ავტობუსით წავიდნენ.