აქციაზე ყოფნა უკვე დანაშაულია - როგორ განიხილავს სასამართლო მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებს 

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე 133 დაკავებულიდან ზოგიერთის სასამართლო პროცესი ჯერაც არ გამართულა, მათ უმეტესობას კი, ვინც უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის 2000-ლარიანი და მეტი ოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ. აქციების მონაწილეები და უფლებადამცველები რადიო თავისუფლებას სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე უყვებიან.

“პოლიციელები წუწუნებენ, თუ გინდათ პატივი გვცეთ, არ გამოხვიდეთ აქციებზე, ოთხი დღე-ღამე სახლში არ ვყოფილვართ, ცოლშვილი არ გვინახავს თქვენ გამოო. მეთქი, თქვენ გამოც ვიდექით რუსთაველზე, უკეთესი მომავალი რომ გქონდეთ და არავის მონა იყოთ, ხელფასებიც ადამიანური გქონდეთ-თქო;

არა, არ გვინდა ხელფასების მომატება, ვიმყოფინებთ, ოღონდ თქვენ არ გამოხვიდეთ აქციაზეო და აი, ეს ხალხი, გაბოროტებულები იმის გამო, რომ სახლში ვერ მიდიან და აქციაზე დგომა უწევთ ჩვენს სამწყემსად, ვინც მოხვდებათ ხელში, ყველას აკავებდნენ”, - უყვება რადიო თავისუფლებას თეკო მეგენეიშვილი. ის თავადაც მონაწილეობდა “აგენტების კანონის” მიღების საწინააღმდეგო აქციებში და შემდეგ უკვე სასამართლოში იცავდა დაკავებულებს. თეკოს დაცვის ქვეშ მყოფებიდან 2 სტუდენტს სასამართლომ უკვე შეუფარდა 2000-ლარიანი ჯარიმა. აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები პოლიციამ 8 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დააკავა ინგოროყვას ქუჩაზე, როცა ისინი აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ. სასამართლოზე ჩვენების მიცემისას სამართალდამცველებმა თქვეს, რომ სტუდენტები მათ “მონებს” ეძახდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“[პოლიციელებმა] პირდაპირ უთხრეს, აღიარეთ, დაგვეთანხმეთ, ბოდიში მოიხადეთ და გაფრთხილებით გამოგიშვებთ მოსამართლე. ამათ ოქმი რომ წაიკითხეს, ისეთი თვალებით ამომხედეს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც გვიგინებია და როგორ ვაღიაროთ, რაც არ ჩაგვიდენიაო”, - ამბობს თეკო და ჰყვება, რომ პოლიციელები ახალგაზრდებს სასამართლოშიც ცინიკურად ექცეოდნენ.

“ეუბნებოდნენ, რად გინდათ ადვოკატები, ტყუილად ხარჯავთ მაგაში ფულს, ჯარიმების გადასახდელად დაგჭირდებათ, რასაც ამას უხდითო”, - იხსენებს თეკო, რომელიც აქციის მონაწილეთა უფლებებს მოხალისეობრივად, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე იცავდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობად მიიჩნევდა იმას, რომ დემონსტრანტები აქციაზე დარჩნენ მას შემდეგ, რაც საყოველთაო გაფრთხილება გაისმა, იმ ქალის ცნობილი ხმა - “აქციის მონაწილეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”. მოსამართლემაც გაიზიარა ეს მოსაზრება, რომ ვინც აქციაზე დარჩა ამ გაფრთხილების შემდეგ, ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. ეს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი პრაქტიკაა და ძალიან დაბალ დონეზე წევს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს. მხოლოდ კონკრეტულ ადგილას ყოფნა მაშინ, როცა ადამიანი არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებს, მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს ან სულაც შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას, იმიტომ რომ ამ ტერიტორიის სიახლოვეს ცხოვრობს, არ შეიძლება სამართალდარღვევად ჩაითვალოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და უკანონოდ დაკავების მაგალითად დავით მჭედლიშვილის შემთხვევას იხსენებს.

დავით მჭედლიშვილი 8 მარტს, ღამის 2 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან იმ დროს დააკავეს, როცა მისი შვილობილი საბა ნიკიტინი პოლიციელებს უხსნიდა, არასრულწლოვანი ვარ, თანაც გმირის შვილი და ჩემი დაკავება არ შეიძლებაო.

15 წლის ბიჭმა, რომელიც მამობილის დაკავებისას სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ჟურნალისტს უთხრა, რომ მამა არასოდეს უნახავს, მის დაბადებამდე დაიღუპა 2008 წლის 7 აგვისტოს, ომში, კაცი კი, რომელიც მის დახსნას ცდილობდა პოლიციელებისგან, მას ზრდის და არ უნდა, მასაც რამე დაემართოს.

დავითის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეს აჩვენეს მისი დაკავების კადრები - საბას დაკავების მცდელობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა “ფორმულა”, პირდაპირ ეთერშივე დააკავეს დავით მჭედლიშვილი.

დაკავების კადრებს თან დაურთეს ტაქსის აპლიკაციის ამონაწერიც, რომელიც ადასტურებდა, რომ კაცი აქციაზე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა ბავშვის წამოსაყვანად და ამ დროის განმავლობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

პოლიციამ მას უთხრა, რომ როცა რუსთაველზე მივიდა, აქცია უკვე ძალადობრივ ხასიათს ატარებდა და პარლამენტის წინ ყოფნა კანონდარღვევას წარმოადგენდა. საბოლოოდ დავითი ამ პროცესზე სამართალდამრღვევად ცნეს, მაგრამ ჯარიმის ნაცვლად სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო და, წესით, აქ უნდა დამთავრებულიყო აქციასთან დაკავშირებული მისი ამბავი, რომ არა სახლის მეპატრონე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მის ოჯახს უთხრა, ეს ბინა, რომელიც თქვენ გაქვთ ნაქირავები, უნდა დაცალოთო. დავითი ფიქრობს, რომ სახლის მეპატრონეს მისი გაშვება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მოსთხოვეს.

“ცალსახად აქციებთან ვაკავშირებ ამ ამბავს. ვეძებ ბინებს, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვიპოვე”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ “არ შეიძლება, ეს დამთხვევა ყოფილიყო“ - სტუდენტების ცხოვრება აქციების შემდეგ

პატიმრობა თხილამურის სათვალის, პირბადის და ფერადი კვამლის გამო

“ორ სტუდენტს ვიცავ, რომელიც 8 მარტს, დაახლოებით დღის 5 საათზე დააკავეს თავისუფლების მეტროსთან მაშინ, როცა “მთავარი აქცია” “რუსული კანონის” წინააღმდეგ არც კი იყო დაწყებული. ჯერ კიდევ ქალების მარშის მონაწილეები გამოდიოდნენ სიტყვით და სრულიად მშვიდობიანი ვითარება იყო პარლამენტთან”, - გვიყვება მარიამ პატარიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი.

მარიამ პატარიძე ჰყვება, რომ პირველკურსელები პოლიციამ მეტროსთან გააჩერა, ჩანთები გაუჩხრიკა, ერთს ზურგჩანთაში პირბადე, ფერადი ბოლის გამშვები და სათხილამურო სათვალე უპოვა და ორივე იქვე დააკავა.

ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილუსტრირებული განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დააკავეს აქციებში მონაწილე 10 ადამიანი, რომლებიც “კანონსაწინააღმდეგო ნივთებს” ფლობდნენ. განცხადებას თან ერთვოდა აუზის სათვალის, საწვიმრის, პიროტექნიკის, საღებავი სპრეების ფოტოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტოები

მარიამი ჰყვება, რომ დაკავების ოქმში ჩაწერეს, თითქოს ახალგაზრდები პოლიციელებს არ დაემორჩილნენ. სტუდენტები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამთენიისას, დილის 5 საათზე გამოუშვეს, როცა მიხვდნენ, რომ მათ ჩანთაში ნაპოვნი ნივთები საფრთხის შემცველი არ იყო. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზეც თქვეს, სტუდენტების ჩანთაში ნაპოვნი საგნების ქონა არ ყოფილა კანონის დარღვევაო, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ახალგაზრდები უნდა დაეჯარიმებინა. თავად ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებისას სტუდენტებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

“გარდა იმისა, როგორ და რის გამო აკავებენ პოლიციელები აქციებზე ადამიანებს, პრობლემაა ისიც, როგორ განიხილავს სასამართლო შემდეგ მათ საქმეებს. ერთი მორიგე მოსამართლე განიხილავდა ათობით საქმეს”, - ამბობს მარიამი და გვიყვება დილის 11 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა შეჩერებულიყო საქმის მასალების გასაცნობად, მაგრამ ღამის 1-ის ნახევარზე განახლდა და ამ სხდომაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ სხდომა ვერ ჩატარდებოდა არასამუშაო საათებში.

“ეს ქაოსური პროცესი არ არის მხოლოდ დისკომფორტი, დაცვის უფლების შეზღუდვას ნიშნავს. ჩვენ ამ დღეს მიყვანილი გვყავდა მოწმეები, რომლებიც ჩვენების მისაცემად სამსახურებიდან გაეთავისუფლენ. შეძლებენ ისინი კიდევ და კიდევ გაეთავისუფლონ სასამართლოში მოსასვლელად?” - წუხს ის.

ადვოკატები დაცვის უფლების შეზღუდვად მიიჩნევენ იმას, რომ თბილისში, პარლამენტის წინ დაკავებულების ნაწილი სხვა ქალაქებში წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორებში.

დაცვის უფლების შეზღუდვად განიხილება სასამართლოში საქმეების იმგვარი განხილვაც, როცა სამართალდამრღვევს ერთი ან ორი საათით ადრე ატყობინებენ პროცესის დაწყების თარიღს. ამ დროში ადვოკატის გამოძახებაც ჭირს და სასამართლოში დროულად გამოცხადებაც.

დაცვის თავსატეხია ისიც, რომ თითქმის არასდროს აქვთ შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნონ საქმის მასალებს და როცა ამას ითხოვენ, მოსამართლემ შეიძლება ადვოკატებს 15-20 წუთი გამოუყოს.

თუმცა, ესეც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჰყვებიან დაკავებულების ადვოკატები დაკავებისას დაწერილ ხელწერილებზე.

“მუქარა იყო, რომ პატიმრობას გამოიყენებდნენ, თუ არ აღიარებდნენ. თუ აღიარებდნენ, უფრო მსუბუქად გამოვიდოდნენ. პოლიციელები პირდებოდნენ, თუ ადვოკატის გარეშე იქნებოდნენ, ჯარიმას არ დააკისრებდნენ. დავესწარი რამდენიმე ასეთ პროცესს და ეს ადამიანები ვერ გადარჩნენ ჯარიმას, მეტიც, უფრო მაღალი ჯარიმები დააკისრეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

ნესტან ლონდარიძე და მისი კოლეგები დღეების განმავლობაში სასამართლოს დერეფნებში სთავაზობდნენ დაკავებულებს პროცესის დაწყებამდე სამართლებრივ დახმარებას. სწორედ ასე იპოვა ნესტანმა ერთ-ერთ საქმეში იზოლატორში დაწერილი ხელწერილი, სადაც დაკავებული დანაშაულის ჩადენას აღიარებდა.

ნესტანი 7-8 მარტის აქციაზე დაკავებულ 10-მდე ადამიანს იცავს. მათგან ორი პოლიციას დაკავებისას არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს, ერთი კი წინასაწარი დაკავების იზოლატორში პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობისთვის ჩივის.

“არასათანადო მოპყრობას, დატყმას, ასფალტზე თრევას, ქაჩვას თითქმის ყველასთან ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაზიანებები არ იყო იმ მასშტაბის, რომ ექსპერტიზების დანიშვნა მოგვეთხოვა სასამართლოში გადაყვანის შემდეგ. აკავებდნენ, უკან ხელებს უკრავდნენ და მერე უტყამდნენ. დაკავებისას ხელბორკილების ნაცვლად „ხამუტებს“ იყენებდნენ, რაც ძლიერ ტკივილს და ტანჯვას იწვევს”, - ამბობს ნესტან ლონდარიძე. ე.წ. ხამუტები (ცალუღები) პოლიციამ 2019 წელსაც გამოიყენა, როდესაც 20-21 ივნისის აქციების მონაწილეებს აკავებდა. ეს პრაქტიკა მაშინ სახალხო დამცველმა გააკრიტიკა.

აქციის მონაწილეს პოლიციელი აკავებს, 8 მარტი, 2023 წელი

დამნაშავედ ცნობას მტკიცებულებები დიდად არ სჭირდება

“საქმეების განხილვა და სახდელის დადება ხდებოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების და დაკავების ოქმის მიხედვით, კადრებიც კი, რაც მტკიცებულებებად ჰქონდათ წარმოდგენილი პროცესებზე, ხშირად ასახავდა არა ამ კონკრეტული ადამიანის ყოფნას აქციაზე, არამედ ზოგად კადრებს, სადაც ჩანდა დამწვარი მანქანები და დამტვრეული ნაგვის ურნები.

როცა ამ კადრებზე აპელირებდნენ პოლიციელებიც და მოსამართლეც იმის დასამტკიცებლად, რომ აქცია ძალადობრივი იყო, ვუთხარი კიდეც, რომ ეს კადრები, როგორც ჩანს, პოლიციას სჭირდებოდა მერე საჩვენებლად და ამიტომაც არ გააკეთა არაფერი ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად ადგილზე. იმდენი სამართალდამცველი იყო იქ მობილიზებული, ძალიან მარტივად შეეძლოთ ამგვარი ფაქტების აღკვეთა. Როცა პოლიცია ძალადობრივ ქმედებებზე დროულად და სათანადოდ არ რეაგირებს და მთელ აქციას ძალადობრივად ნათლავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აძლევს მისი პოზიციის დაფიქსირების და პროტესტის გამოხატვის საშუალებას”, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე წვავენ პოლიციის მანქანას. 8 მარტი, 2023 წელი

ის გვიყვება, რომ არცერთ პოლიციელს არ წარმოუდგენია სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერები და პარლამენტთან და მის სიახლოვეს არსებული გარე კამერების ჩანაწერები ყოფილა გამოთხოვილი იმის სანახავად, რას აკეთებდა ესა თუ ის ადამიანი დაკავების მომენტში.

“პოლიციელები ამბობდნენ, რომ სამხრე კამერები ჯიბეში ჰქონდათ შენახული, რომ არ დაზიანებულიყო”, - იხსენებს ის. მარტის აქციაზე დაკავებულების პროცესებზე პირველად არ იჩინა თავი სამხრე კამერების ჩანაწერების არარსებობამ. ამ სისტემურ პრობლემებაზე უფლებადამცველები წლებია საუბრობენ.

“გვაქვს შემთხვევა, როცა ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ტელეფონით იღებდა, როგორ სცემდა ათზე მეტი პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულ დემონტრანტს. ასევე შემთხვევა, როცა ადამიანი დააკავეს იმ დროს ზურგიდან მისულმა პოლიციელებმა, როცა უსმენდა, რა კომენტარს აკეთებდა ნიკა მელია ჟურნალისტებთან”, - გვიყვება ნესტან ლონდარიძე. ამგვარ შემთხვევებში კადრების არარსებობისას მოსამართლე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას და დაკავების ოქმს ეყრდნობა.

“ზოგჯერ პოლიციელი, რომელსაც მოწმედ წარადგენენ, დამკავებელი პოლიციელიც კი არ არის და მათი ჩვენება განსხვავდება ოქმში მოცემული ინფორმაციისგან”, - ამბობს ნესტან ლონდარიძე. ეკა ქობესაშვილი კი იხსენებს შემთხვევას, როცა პოლიციელი დაკავებულს სასამართლოში ეკითხებოდა სად დაგაკავეო. ამ ადამიანებმა ერთმანეთი პირველად დარბაზში ნახეს და სამართალდამცველს სურდა, მისი ჩვენება მეტ-ნაკლებად თანხვედრაში ყოფილიყო ოქმში გაკეთებულ ჩანაწერებთან.

ასევე ნახეთ "ფინანსური სანქციები" აქტივისტებს - ათასობით ლარის ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები

“მე ვიქნები შენი დამკავებელი”

2 მარტს, მასშტაბური აქციების დაწყებამდე, ჯანო მუმლაძე პარლამენტის შენობასთან ორ მეგობართან ერთად დააკავეს პოლიციელებმა ტროტუარზე მდგარი და უთხრეს, რომ სამანქანო გზას კეტავდა, რომელზეც შეუფერხებლად დადიოდნენ მათ შორის პოლიციის ავტომობილები.

“წყნარად, მშვიდად ვიდექით, ჩვენ წინ პოლიცია იყო, უკვე ვიშლებოდით, როცა დაკავებები დაიწყეს. შემოვარდა ერთი პოლიციელი და დაიწყეს დაკავებები, ზოგი ეცემოდა ამ შეხლა-შემოხლაში, მეც ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი ადგომაში, როცა დამაკავეს. 3 კაცის ადგილზე 5 კაცი შეგვტენეს მანქანაში და წაგვიყვანეს ვარკეთილში. არაფერი არ უთქვამთ, ან “გაიწიე”, ან “გადადი გზიდან”... ვარკეთილში რომ მიგვიყვანეს, პოლიციის სამმართველოში, კაი ხანს ვერ დაგვთვალეს 30 კაცი, ბოლოს ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, დამკავებელი თუ არ გყავს, მე ვიქნები შენი დამკავებელი და შენ იყავი ჩემი დაკავებულიო. ეს ტიპი მანამდე არ მინახავს. როგორც მივხვდი, იქ ვინც იყო, ყველას უნდა ყოლოდა ერთი დაკავებული მაინც.

ოქმს ვერ წერდნენ, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ, მერე მთავარი [ხელმძღვანელი პირი - რ.თ.] შემოვიდა და მიუთითა ყველას სათითაოდ, როგორ შეედგინათ ოქმები. ერთ ოქმს გადაუღეს სურათი და მერე ყველა ისე ავსებდა. ხელის მოსაწერად რომ მომცეს, იქ ეწერა, რომ პოლიციელს ვაგინებდი, არ ვემორჩილებოდი - ვუთხარი, რომ ამ ტყუილებს არ მოვაწერდი ხელს”, - გვიყვება ჯანო.

მას და მასთან ერთად დაკავებულებს პოლიციამ დაკავების ოქმთან ერთად ხელწერილზეც მოაწერინა ხელი, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ სასამართლოში და პოლიციაში გამოცხადდებოდნენ პირველივე გამოძახებისთანავე. ეს ხელწერილი უნდა ყოფილიყო მათი წინასწარი დაკავების იზოლატორში განთავსების ნაცვლად გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯანოც და სხვებიც ერთი ღამით მაინც დააკავეს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ის კიდევ გავიდა აქციებზე 7 მარტსაც, 8-შიც და 9-შიც.

“გუშინ ხომ არ მიმიღია აქციაზე გასვლის გადაწყვეტილება. 2003 წლიდან აქციებზე ვარ და ჩემ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ გავჩერდე. რომ გავჩერდე, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს თვალი ავარიდო და თვალი რომ ავარიდო, ნიშნავს, რომ ის არ ვიყო, ვინც ვარ, როგორი ადამიანიც მინდა რომ ვიყო”, - ამბობს ჯანო. მას სასამართლო პროცესი წინ აქვს.

აქციების პარალელურად სარეკლამო ბილბორდზე დატოვებული წარწერა