ერთი წლის წინ მომხდარს ის ასე ჰყვება: პარლამენტთან აქციაზე ყოფნის დროს, მარჯვენა თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, სახეზე მიშვერილმა წყლის ძლიერმა ჭავლმა კი წააქცია. გონება არ დაუკარგავს და მომხდარი სრულად ახსოვს.
ზაზას ცოლი, მაია გორგოშიძე წუხს, რომ უკვე თვეებია ოჯახი უყურადღებოდ არის დარჩენილი: „ერთ თვალში საერთოდ დაკარგული აქვს სინათლე. მეორეში ხედავს, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც ხედავდა. არავინ არ შეგვხმიანებია საერთოდ, არც მთავრობა, არც ოპოზიცია, არც არავინ, არავის არ აინტერესებს მისი მდგომარეობა. არც [დაზარალებულის] სტატუსი გვაქვს და არც დახმარება".
მაია გორგოშიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად ოჯახმა დახმარება კი მიიღო, მაგრამ კარგა ხანია, რაც მკურნალობას მხოლოდ საკუთარი ძალებით გადის: „როდესაც ზაზამ ოპერაცია გაიკეთა, მაშინ, სახელმწიფო პროგრამაში, რა თანხაც მიაკლდა, მერე სამსახურმა დაფარა, მეორე ოპერაციის თანხაც სამსახურმა [თბილსერვის ჯგუფი - რ.თ.] გადაიხადა.
თავიდან დაეხმარა GCRT (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი), ოპერაციის შემდეგ მათი დაფინანსებით, საჭირო წამლები გადასცეს. მერე გარკვეულმა ადამიანებმა რაღაც თანხები ჩაურიცხეს, რითაც ექიმთან მიმყავდა, წამლებს ვყიდულობდი, გამოკვლევებს ვუტარებდით და ამით რაღაც იოლად გავედით გარკვეული პერიოდი, მაგრამ ის თანხა იმდენი არ იყო, რომ აქამდე გვყოფნოდა. ამის მერე ჩვენით, გაჭირვებით რაღაცას ვმკურნალობთ“.
ერთ თვალში მხედველობის დაკარგვის გამო ზაზა ბიღიაშვილი იძულებული იყო, სამსახური შეეცვალა. როგორც მისმა ცოლმა გვითხრა, ის „თბილსერვის ჯგუფში“ დარჩა, თუმცა მძღოლობას ვეღარ ახერხებს და ახლა ელექტრიკოსებს ეხმარება.
„ხელოსანი კაცია და ადრე სამსახურის გარდა, მეგობარს მიჰყვებოდა, ეხმარებოდა და იქიდანაც რაღაც დამატებითი შემოსავალი მოჰქონდა ოჯახში. ახლა ვეღარც იქ მიდის. ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს. ვართ მხოლოდ ხელფასის შემყურე“, - ამბობს ორი შვილის დედა. მაიასა და ზაზას უმცროსი შვილი 8 წლისაა, უფროსი სტუდენტია.
ზაზა ბიღიაშვილის ინტერესებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) იცავს. „სამწუხაროდ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესი იწელება, როგორც სჩვევია ხოლმე სახელმწიფოს“, - გვითხრა ლელა ხათრიძემ, ISFED-ის იურისტმა.
„გვიპასუხეს, რომ მიმდინარეობს გამოკვლევა, ოთხი ათასი საათი ვიდეოჩანაწერი აქვთ გამოსაკვლევი, უამრავი პირია დასაკითხი და გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი, საიდან მოხდა ეს გასროლა. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ პასუხი“, - ამბობს ადვოკატი თეონა კილაძე „სამართლიანი არჩევნებიდან“.
დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხზე რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესცენტრიდან არ უპასუხეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი დაზარალებულის სტატუსი?
იმისთვის, რომ ზაზა ბიღიაშვილმა სამოქალაქო სარჩელით მოითხოვოს კომპენსაცია და სწორად განსაზღვროს, ვინ არის მოპასუხე მხარე, მას დაზარალებულის სტატუსი სჭირდება.
„საქმე ეხება არა მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაციის მიღებას, არამედ მუდმივი (იყო ოჯახის მარჩენალი, თავისი პროფესიით ვეღარ მუშაობს) სარჩოს დანიშვნას“, - განმარტავს ადვოკატი თეონა კილაძე.
ასევე ნახეთ „მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე" - 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილიექსპერტიზის დასკვნა
2023 წლის 7-8 მარტის აქციების დროს დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის შესახებ დღემდე არ მოუმზადებია დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
„როდესაც დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტიზა, გვითხრეს, რომ 365 დღე დასჭირდებოდა ექსპერტიზის პასუხს. იმისთვის, რომ სრულყოფილი გამოკვლევა ჩაეტარებინათ, ექსპერტიზამ დაგვავალა მთელი ისტორიის გამოთხოვა საავადმყოფოდან, რაც წარვადგინეთ. საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ არის მომზადებული“, - გვითხრა თეონა კილაძემ.
ადვოკატის განცხადებით, მანამდე მათ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნეს, რომლის შედეგებიც ერთ თვეში მიიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზაზა ბიღიაშვილს ერთ თვალში მხედველობა ვეღარ აღუდგებოდა და ამის გამო მას მესამედზე მეტით შეუმცირდა შრომისუნარიანობა.
ალტერნატიული ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო კითხვები:
- სხეულის რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა დაზარალებულს?
- როგორია სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი?
ალტერნატიული ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე:
- ზაზა ბიღიაშვილს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის ქვედა ქუთუთოზე და ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები მარჯვენა წარბის და ცხვირის მიდამოებში.
- ზაზა ბიღიაშვილს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, აღენიშნება მარჯვენა მხედველობის სრული დაკარგვა, რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას, როგორც საერთო შრომისუნარიანობის მყარი ერთ მესამედზე მეტად დაკარგვა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საზოგადოების პროტესტის გამო ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის საბოლოო მიღება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია „რუსულ კანონს" უწოდებდნენ.
- პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ზაზა ბიღიაშვილმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
- „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.