სპეცრაზმი მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზეც - დემონსტრანტებს იქაც აკავებენ

სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეებს აკავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდინარედ, რუსთაველის გამზირისა, მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზე, - დემონსტრაციის ძირითადი კერისაგან დაახლოებით 600 მეტრის დაშორებით.

იქვეა წყლის ჭავლის მანქანაც.

რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმელებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი 01:30 საათისათვის.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“.

დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო.

თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.

ამჟამად კვლავ ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეისკენ“ გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.