გთხოვთ შეაჩერო შიმშილობა - მიმართავენ კოლეგები ამაღლობელს. მხარდამჭერი აქციები გრძელდება

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ყოველდღე ტარდება აქციები. დღეს კოლეგებმა ამაღლობელს მოუწოდეს, შეწყვიტოს შიმშილობა.

ოთხშაბათს, 22 იანვარს, საქართველოს პარლამენტის სასახლესთან მორიგი აქცია გაიმართა „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, - სკანდირებენ დემონსტრანტები. მათ ასევე მოუწოდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ პოლიტიკოსებს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს, შეწყვიტონ ამაღლობელის „გაშავება“.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს.

ჟურნალისტმა, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, - ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივრის არმიღება - არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, სანამ მზია არ გათავისუფლდება“, - თქვა მან.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, - სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.

პარლამენტთან აქციაზე 22 იანვარს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ის ცდილობდა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ამაღლობელის საკითხზე სასაუბროდ, თუმცა უშედეგოდ.

ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

„მინდოდა, მისთვის [პაპუაშვილისთვის] მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა. დეტალებში არ შევალ“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

„მინდოდა [პაპუაშვილისთვის] მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს კონსტიტუცია და შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც არცერთი გაგებით, რასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი ამ ვერტიკალისგან“, - თქვა ეთერ თურაძემ.

ასევე ნახეთ ქუთაისის სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი

შალვა პაპუაშვილმა 13 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე“.

მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.

ეთერ თურაძის შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებმა.

„რა თქმა უნდა, ამის გარეშეც დიდად თავისუფლებით ვერ დაიკვეხნის სასამართლო, მაგრამ ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ მზია უნდა დარჩეს პატიმრობაში. მაგრამ ის არ დარჩება პატიმრობაში. თავისუფლება მზიას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ - განაცხადა მან პარლამენტთან აქციაზე.

ეთერ თურაძე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე. 21 იანვარი, 2025.

კოლეგების წერილი ამაღლობელს

„პუბლიკის“ დამფუძნებელმა ზურაბ ვარდიაშვილმა აქციაზე წაიკითხა განცხადება, რომელსაც ამაღლობელს კოლეგები უგზავნიან და სთხოვენ, შიმშილობა შეწყვიტოს:

„მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ფასდაუდებელია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. გვჯერა, რომ ბევრი ერთად გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

ასევე ნახეთ არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია"

17 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ; ასევე გამოკვლეული იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება.

21 იანვარს ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა რევაზ (რეზო) კიკნაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებზე 6 დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით.

22 იანვარს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა დაკავებულმა დემონსტრანტმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ასევე ნახეთ პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად

21 იანვარსვე, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში - სალომე ზურაბიშვილი