პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების სახლის ეზოში 20 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის ნაწილმა მოითხოვა, აღიარებულ იქნეს თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა, გარდაცვლილის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯონ ის პირები, ვინც 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
Your browser doesn’t support HTML5
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გვეუბნება, რომ „ხელისუფლებას დაშვებული შეცდომის აღიარება უჭირს და ხეობის მოსახლეობის მიერ ჩატარებული აქციის მიზანია, პასუხისმგებელ პირებს დანაშაული აღიარებინონ“:
„ოჯახს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინა. გამოძიებასთნ დაკავშირებით გეტყვით, რომ ყველაფერი ნათელია. გამოსაძიებელი არაფერია. თემირლანის შესახებ ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება და ხეობის მცხოვრებლები ცდილობენ, რომ ეს დანაშაული ხელისუფლებამ აღიაროს“.
პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრასაც ითხოვს. ადგილობრივ მურად ალდამოვის განცხადებით, ისინი პრემიერს ხეობაში ჩასვლასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერსებისკენ მოუწოდებენ:
„პრემიერის ხეობაში ჩასვლის მოთხოვნა იმან გამოიწვია, რომ უკვე ოთხი თვე სრულდება სპეცოპერაციიდან და მთელი ხეობის მოსახლეობა და თავად ოჯახი სასოწარკვეთილია. გაღიზიანებულია ხალხიც. ვერც გამოძიების მხრიდან და ვერავისგან ვერ ვიღებთ ინფორმაციას და ეს იწვევს ჩვენში დიდ გაღიზიანებას, უნდობლობას. საერთოდ იქნება კი ეს საქმე გამოძიებული, ან ხო არ მიიჩქმალება?!“
მართალია, დუისში გამართული აქციის მონაწილეთა ძირითად მოთხოვნად თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიება რჩება, მაგრამ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი გვეუბნება, რომ პანკისის მოსახლეობის ტერორიზმთან მუდმივი დაკავშირება და სტიგმატიზაცია მათთვის მიუღებელი და გამანადგურებელია:
„რა თქმა უნდა, ძირითადი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს თემირლანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. ასევე მოვითხოვთ, რომ არ ხდებოდეს პანკისის მოსახლეობის ტერორიზმში დადანაშაულება. ჩვენთვის ეს არის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი“.
მართალია, წინასწარ იყო დაანონსებული, რომ დღევანდელ აქციაზე ადგილობრივები გამოძიებას და ხელისუფლებას ვადას მისცემდნენ, რა დროშიც მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ თქვა, რომ ამ ეტაპზე ასეთი ვადის დაწესება არ მიაჩნია მიზანშეწონილად. დუისში გამართულ აქციასა და ამ აქციაზე გახმიანებულ მოთხოვნებს ოფიციალური სტრუქტურები ჯერ არ გამოხმაურებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. მათგან ერთი, თემირლან მაჩალიკაშვილი, სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით დაიჭრა და რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ეტაპზეა ამჟამად საგამოძიებო პროცესი. ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“.