დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ მომეწონება, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ორმა ძალამ, რომლებიც ერთმანეთის შეცდომებისა და დარღვევების ხარჯზე გადიან ფონს, მორალურად დიდი ხანია, რაც ამოწურეს თავი. თუმცა იმის გამო, რომ მესამე, შედარებით ჯანსაღი ძალა ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ ჩანს (ან ჩანს, მაგრამ სათუოა, ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი), სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის საკითხიც, თუ რა მოხდება, ამ ორი პარტიიდან რომელიმე მათგანმა რომ გაიმარჯვოს არჩევნებში.
ცხადია, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“: მის ხელშია ადმინისტრაციული რესურსიც და საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის კაპიტალიც. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების სცენარი უნდა გამოვრიცხოთ. ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეორე ყველაზე პოპულარული პარტია საქართველოში, „ქართული ოცნების“ შემდეგ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ქვემოთ ჩამოვწერ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს ზოგჯერ არასათანადოდ ვაფასებთ და მის გამარჯვებას ნაკლებად ვვარაუდობთ:
- ბოლო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახევარ მილიონზე მეტი ხმა აიღო (780 680 ხმა), „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა - 1. 2 მილიონზე ნაკლები (1 147 701 ხმა). ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მმართველი პარტიის ყველა რესურსის სრული მობილიზაციის პირობებში, მხოლოდ, დაახლოებით, 1.5-ჯერ მეტი რაოდენობის ამომრჩეველი მიიმხრო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეს მოულოდნელი შედეგი იმით ახსნეს, რომ სალომე ზურაბიშვილი შედარებით სუსტი კანდიდატი იყო, ვიდრე, ვთქვათ, თავად ბიძინა ივანიშვილი, რამაც ოპოზიციას გარკვეული უპირატესობა მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილი რომ სუსტი კანდიდატი იყო, არ არის საკამათო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას მხარი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო დაუჭირა. ასეთი ორი მიზეზის გამოყოფა შეგვიძლია: 1. ბიძინა ივანიშვილმა თავად არ მოისურვა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ის დარჩენილ პოლიტიკურ კაპიტალს უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ინახავს (თუ ივანიშვილი ამ არჩევნებში მოსალოდნელზე ნაკლებ ხმას მიიღებდა, ეს მის მთავრობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა); 2. „ქართული ოცნება“ პოპულარული დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების ნაკლებობას განიცდის (კახა კალაძის გარდა, რომელიც უკვე აირჩიეს თბილისის მერად). ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ივანიშვილი გასაქანს არ აძლევს არც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს და არც ურჩ ბიზნესმენებს (როგორც ზაზა ოქუაშვილისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევები გვაჩვენებს). ასეთ პირობებში, ცხადია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები ვერ წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება წინა არჩევნებში არ შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ იმას, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სუსტი კანდიდატით იყო წარმოდგენილი. ამის ნაცვლად, მიზეზები უფრო ჩვენი „ქართული ოცნების“ მმართველობის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ;
- „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის თვალში თავისი მმართველობის გამართლებას საკუთარი მიღწევების დემონსტრირებით კი არ ცდილობს, არამედ იმით, რომ თავს მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებს. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმისათვის, რომ მისი ჯერ კიდევ ტოქსიკურობის ფონზეუკეთეს პოლიტიკურ ძალად გამოჩნდეს. „ქართული ოცნების“ ასეთ სტრატეგიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მთავარი პლუსი ის არის, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული მმართველობის სტილთან შედარებით, „ოცნების“ მმართველობა, ჯერჯერობით, მართლაც შედარებით ლიბერალურად გამოიყურება: მთავარი ოპოზიციური ტელეარხი ჯერ კიდევ მაუწყებლობს, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხმა შედარებით მეტად ისმის, საჯარო სივრცეზე ყოვლისმომცველი კონტროლი ჯერჯერობით არ დაუწესებიათ და ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის შედარებით ნაკლებად ეშინიათ. ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დემოკრატიულია: მაგალითად, Freedom House-ის რეიტინგში საქართველო ისევ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად არის მიჩნეული (), Economist Intelligence Unit-ი კი კვლავ „ჰიბრიდულ რეჟიმად“ განგვიხილავს. () კარნეგის ცენტრის ექსპერტი ტომას დე ვაალი თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერს, რომ საქართველო ამჟამად ჰგავს „დე ფაქტო ერთპარტიულ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ‘ქართული ოცნება’ მართავს“. () დე ვაალი ერთ-ერთი იმ ექსპერტთაგანია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად იყო განწყობილი. მისთვის ამ თემაზე მიკერძოების დაბრალება შეუძლებელია. ფაქტია, რომ რაც დრო გადის, „ქართული ოცნების“ მმართველობის დემოკრატიულობის ხარისხი ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, ის არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობია, ძალას დაკარგავს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობას უფრო მეტად გაზრდის;
- ბოლო დროს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვას „ქართულ ოცნებაში“ შიდა განხეთქილება მოჰყვა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ეს სია დაკომპლექტებული იყო ადამიანებით, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. სიის და სხვა, მიმდინარე საკითხებზე „ქართული ოცნების“ შიგნით განხეთქილება იქამდე მივიდა, რომ საპარლამენტი უმრავლესობა ხუთმა დეპუტატმა დატოვა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. მოსამართლეების სკანდალს დაემატა TBC ბანკთან დაკავშირებული სკანდალიც, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამ მოვლენების ფონზე, „ქართული ოცნება“ საჯაროდ გააკრიტიკა მისი ყოფილი მხარდამჭერების ერთმა ნაწილმაც. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ, მაგრამ უმრავლესობის დასუსტებამ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას შეიძლება მოქმედების მეტი თავისუფლება მისცეს;
- ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საგრძნობლად არის დასუსტებული: მისი ერთპიროვნული ლიდერი ემიგრაციაშია და მას მოქალაქეობა აქვს დაკარგული; პარტიას გამოაკლდა ინტელექტუალური ფრთა „ევროპული საქართველოს“ სახით, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში ძველებური მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობენ. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ვითარება გამოუსწორებელი არ არის: „ევროპული საქართველო“ ღიაა მოლაპარაკებებისთვის და „ოცნების“ წინააღმდეგ შესარიგებლად, სააკაშვილს თავისი მხარდამჭერების გარკვეულ ნაწილში ისევ ერთპიროვნული ბელადისა და პოლიტიკური მესიის სტატუსი აქვს, ევროპის „სახალხო პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უპირობოდ უჭერს მხარს. კრიტიკულ სიტუაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შესწევს ქვეყნით შიგნით და გარეთ მხარდამჭერების მობილიზების უნარი.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რევანშისტული დღის წესრიგით, ხელისუფლებაში დაბრუნების ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანს ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. თუ 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, ისევ ამ ორი პოლიტიკური პოლუსის გარშემო ვიტრიალებთ. ასე ავტორიტარიზმის საფრთხეს ვერასდროს ავირიდებთ თავიდან და დემოკრატიასაც კიდევ დიდხანს ვერ ვეღირსებით.