ოპოზიცია და პოლიცია - გამოძიების ორი სამიზნე

353-ე და 126-ე მუხლები - სისხლის სამართლის კოდექსის ამ ორი მუხლით აღიძრა საქმე მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს, ველისციხეში, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა თელავისკენ მიმავალ გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის. გამოძიება ერთი მხრივ პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობისა და ძალადობის საქმეს იძიებს, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის ცემის ფაქტს, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება პოლიციელებს, შსს-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათგან ერთი ტვინის შერყევით გურჯაანის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ყველას, ვინც 16 დეკემბერს რაიმე ფორმით კანონი დაარღვია, აუცილებლად დაიბარებენ პოლიციაში. მისი თქმით, შსს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, სწავლობდა ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ინცინდენტს უკავშირდება: „დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მოხდა გარკვეული პირების იდენტიფიცირება. ამ ადამიანებს დავიბარებთ საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები დღის განმავლობაში ეტაპობრივად წარიმართება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში, ყველა პირი იქნება დაბარებული პოლიციაში, ვინც რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ სხვა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სულაც არ თვლის თავს დამნაშავედ გაერთიანებული ოპოზიცია და შს სამინისტროს განცხადებას სისხლის სამართლის საქმის აღძრასთან დაკავშირებით პასუხობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხოლოდ უკანონოდ ჩახერგილი გზის გათავისუფლებას ცდილობდა: „არ ვძალადობდით, ჩვენ ვათავისუფლებდით. თვალები გაახილეთ ყველამ და კარგად დაინახეთ. ჩვენ უკანონოდ ჩახერგილ გზას ვათავისუფლებდით. ამის კონსტიტუციური უფლება გვქონდა“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შს სამინისტროს განცხადებას დამნაშავეების დასჯის შესახებ. მეტიც, 18 დეკემბრიდან ისინი უწყვეტი აქციების გამართვას გეგმავენ და ამ აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მათი სიტყვებით, იმ ე.წ. პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა, რომლებსაც 16 დეკემბერს, კახეთში სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება ჰქონდათ ჩაბარებული.

რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ეს მოთხოვნებია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, სიკვდილამდე მიიყვანეს ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.

როგორც ჩანს, გაერთიანებული ოპოზიციის „უწყვეტი აქციების“ დაპირების არ ეშინიათ მმართველი გუნდის წევრებს. ქალაქის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძისთვის ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ კახა კალაძემ გაერთიანებული ოპოზიციისა და გრიგოლ ვაშაძის გეგმებზე 17 დეკემბერს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ყურებადი და კითხვადი კომენტარი გააკეთა: „იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“.

არ მგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დიდ კრიზისში გადაზრდიან სიტუაციას

შესწევს თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას პერმანენტული აქციების გამართვისა და ამ აქციებზე, როგორც თავად უწოდებენ „ძალიან გაბრაზებული ამომრჩევლის“ მობილიზების უნარი? იმ რაოდენობის ხალხის მობილიზების უნარი, რომლებიც აიძულებენ ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში? პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, გაერთიანებული ოპოზიციის ამოცანა არ არის სერიოზული კრიზისის შექმნა. მათი ამოცანაა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ის ელექტორატი, რომელიც მისი სიტყვებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სიბრიყვით დაუბრუნა „ნაციონალურ მოძრაობას“:

„ეს რვაასი ათასი ამომრჩეველი არის „ქართული ოცნების“ მიერ ნაჩუქარი ელექტორატი. მათ შენარჩუნებას კი სჭირდება მუდმივი პოლიტიკური დინამიკის ჩვენება, პოლიტიკურ კოცონში შეშის მუდმივი შეკეთება. დღეს ისინი სწორედ ამ დღის წესრიგით მოქმედებენ. არ მგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დიდ კრიზისში გადაზრდიან სიტუაციას, მაგრამ მათ იციან, რომ მუდმივ მოქმედებაში უნდა იყვნენ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს. მე არც ის მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გუშინ პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავდა. მათ გუშინ შეასრულეს თავისი ამოცანა. მათ მოახერხეს საინფორმაციო გადაფარვა და შექმნეს ინაუგურაციის ალტერნატიული ახალი ამბავი, რომელსაც აშუქებდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედია“.