საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდებს „პროვოკაციას“ და „პაროდიას“.
„ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას და არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური, მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ამას დიდხანს და დიდი ანალიზი არ სჭირდება“, - განაცხადა მან 13 დეკემბერს ბრიფინგზე.
„ყველაფერი არის პაროდია, რაც დღეს ხდება, - მათ შორის ის, რომ „ოცნებიდან“ თითქოს გადის „ხალხის ძალა““, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ხალხის ძალა“ 13 დეკემბერს კვლავ გამოეყო საპარლამენტო უმრავლესობას და განაცხადა, რომ „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მათ „ოცნების“ სიით იყარეს კენჭი. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.
„არსად არ მივდივარ. არავის არ დავტოვებ. სულ ამას მეკითხებიან - აქა ვარ და აქ ვიქნები. და აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და ასახავს ამ ქვეყნის და საზოგადოების ხმას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა განმარტა თავისი არგუმენტაცია:
„მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. ასევე, ვარ თქვენი წარმომადგენელი შიგნით. როგორც კი დადგება დრო, - როცა ისინი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, - მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის არჩევნების გარდა, მე აქ ვიქნები, რათა დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი“.
ყაველაშვილის არჩევაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ამას არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან და სამწუხაროა, რომ სახელმწიფო პაროდიად აქციეს“.
„მთავარი ხდება სხვაგან: დღეს ჩვენს ქუჩებში, ქალაქებში, ყოველდღე გამოდის კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვინც პროტესტს გამოხატავს გამოსვლებით, პეტიციებით, სიტყვით თუ მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.