აფხაზეთში დევნილების მიერ მიტოვებული სახლების ბედი

აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტთან არსებულ „საზოგადოებრივ პალატაში“ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილეს „საცხოვრებლის საკითხი“. საქმე შეეხება იმ სახლებისა და ბინების გაყოფას, რომლებიც ომის შემდეგ მათმა კანონიერმა მფლობელებმა დატოვეს, ახლა კი აფხაზეთში მცხოვრებნი ხშირად ვერ არკვევენ, თუ ვის უნდა დარჩეს დევნილების მიერ მიტოვებული ქონება.

ე. წ. “საზოგადოებრივი პალატის” წევრმა დანიელ უბირიამ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, პრობლემა ასე ჩამოაყალიბა: „ჩვენ რომ სწორად აღგვეწერა საცხოვრებელი ფართები, რომლებიც ომის შემდეგ გათავისუფლდა, - მრავალსართულიანი და მრავალბინიანი სახლები, კერძო საცხოვრებლები, - მაშინ ნაციონალიზაციის შემდეგ შეგვეძლებოდა ყველა მსურველის უზრუნველყოფა, მათ შორის მათიც კი, ვინც ჯერ არ დაბადებულა“. უბირიას ცნობით, რადგან ამ ქონების ნაციონალიზაცია არ მომხდარა, მიტოვებული საცხოვრებლები ქაოსურად დაიკავეს და შემდეგ „მოუწიათ უკვე მომხდარის დაკანონება“, ახლა კი იქ მცხოვრებლებს პრეტენზიები დაუგროვდათ.

მთავარი პრობლემა, უბირიას თქმით, ასეთია: დევნილები (უბირია მათ „აფხაზეთის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხად“ მოიხსენიებს), ზოგ შემთხვევებში, თბილისში აფორმებენ მინდობილობებს და ანდერძებს, შემდეგ კი „ზოგიერთი, ვინც მიმალვაში იმყოფებოდა, ამ ანდერძით ბრუნდება და ცდილობს მიტოვებული საცხოვრებლის დაკანონებას“.

„აი, რა არის აღმაშფოთებელი. ამ ყველაფერს მივყავართ აზრამდე, რომ საქმე ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას შეეხება“, - შეაჯამა დანიელ უბირიამ.

ამ საკითხის გადასაჭრელად ე. წ. „საზოგადოებრივმა პალატამ“ სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამ ჯგუფის წევრმა, ისტორიკოსმა ზურაბ ზუხბამ დამსწრეებს გააცნო ისტორია, რომელიც, მისი თქმით, მთელი სიმწვავით ასახავდა პრობლემას.

ზუხბას ნაამბობის თანახმად, ომის შემდეგ ქალაქის ცენტრში, სადაც ქართული ჯარების შტაბი მდებარეობდა, შესახლდა მედდა და უძრავი ქონების გაფორმება დაიწყო, შემდეგ კი ამ ბინის კანონიერი მფლობელი თბილისში გარდაიცვალა და ბინა ნათესავს დაუტოვა. ნათესავი სოხუმში დაბრუნდა და ბინის დაბრუნება მოითხოვა. „მე, როგორც ომის ვეტერანი, ვკითხულობ: როგორ შეგეძლოთ დაგეშვათ, რომ საქართველოში გაცემული რაღაც ქაღალდები აფხაზეთის სასამართლოს მიეღო?“ - თქვა ზურაბ ზუხბამ.

შეხვედრაზე არაერთი მსგავსი შემთხვევა განიხილეს. დამსწრეთა ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდა. სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი მატოსიანმა და პალატის წევრმა ედუარდ ქვირიამ მწვავე რეპლიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დარბაზი დატოვა.

შეხვედრას ე. წ. „საზოგადოებრივი პალატის“ 35 წევრიდან მხოლოდ 11 ესწრებოდა. საბოლოოდ დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ძალოვნები ჩართონ და ისე გააგრძელონ მუშაობა.