ბერები კიევ-პეჩორიდან და აფხაზეთის საიდუმლო მონასტრები

საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში მონასტრები მასობრივად იხურებოდა, ბევრმა სასულიერო პირმა თავშესაფარი აფხაზეთის მიუდგომელ მთებში იპოვა. დროთა განმავლობაში აფხაზეთში დაარსდა ე.წ. უდაბნოები, ადგილები, სადაც ღვთისმსახურები რეჟიმისგან ფარულად მოღვაწეობდნენ.

აფხაზეთს სასულიერო პირთა მიგრაციის სულ მცირე ორი ტალღა ახსოვს. პირველი დევნა რევოლუციის შემდეგ დაიწყო. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ერთ პერიოდში - 1944 წლიდან სტალინის გარდაცვალებამდე (1953 წელი) - სახელმწიფო რელიგიის მიმართ შედარებით შემწყნარებელი გახდა, ხრუშჩოვის პერიოდში კი სასულიერო პირების დაწიოკება ხელახლა დაიწყეს.

„თუკი ეკლესიის შიგნით იყვნენ ადამიანები, რომლებიც კონტროლს ვერ ეგუებოდნენ, ისინი თვალთვალისა და დევნის ობიექტები ხდებოდნენ. ასეთ იატაკქვეშა ჯგუფებს ან განმარტოებულ პირებს რეჟიმი ყოველთვის წარმოაჩენდა როგორც ანტისოციალურ მოვლენას, ახალგაზრდობას გონებას ურევენო. მათ აპატიმრებდნენ, უწყობდნენ სასამართლოებს, ასახლებდნენ“... - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ეკლესიები კომუნისტი ფუნქციონერების ხელში

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1982 წელს ოჩამჩირის რაიონში ილორის ტაძრის მრევლის საჩივარი სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან. ადგილობრივები ჩივიან, ტაძრის მეთვალყურეებად დანიშნული ფუნქციონერები შემოწირულებებს ითვისებენ და ტაძრის ძარცვით დიდძალი ქონება დააგროვესო. დიაკვანი გაგი მოსიშვილი მიმთვისებლებს დაუპირისპირდა, რის გამოც „დოჩია წვერში ეცა მოსიშვილს და ჯვარი ჩამოგლიჯა“, - წერია საჩივარში.

მდუმარება აფხაზეთის მთებში

აფხაზეთის მთებში მონაზვნები ათასობით კილომეტრით დაშორებული ადგილებიდან ჩამოდიოდნენ.

მღვდელმონაზონი მარდარი იგონებს: „ჩვენს მონასტერში [კიევ-პეჩორის] ცხოვრობდა ძალზე ხანდაზმული სქემოსანი ბერდიაკონი ისააკი. ის ჯერ კიდევ იმ ძმებს იცნობდა, რომლებიც ლავრაში პირველ, რევოლუციის შემდგომ, დევნილებამდე მოსაგრეობდნენ და მონასტრის დახურვის შემდეგ კავკასიაში გაემგზავრნენ. იქ წასვლა მასაც ძლიერ სურდა - სიჩუმე და მდუმარება უყვარდა, ჩვენი ლავრა კი ხმაურიანი და ხალხმრავალი იყო... „მდუმარება მჭირდება. სული მექანცება, კავკასიაში სიკვდილი მინდა, [- ამბობდა ის]’“ (წიგნიდან „სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო“).

სქემმონაზონი ისააკი მართლაც ჩამოვიდა აფხაზეთში. მოგვიანებით, 1961 წელს, როდესაც ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის ფარგლებში კიევ-პეჩორის ლავრა დახურეს, მას მღვდელმონაზონი მარდარიც მოჰყვა. კიევ-პეჩორის ლავრა, რომელიც ოცამდე ტაძარს აერთიანებს, კიევის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქრისტიანული კომპლექსია. ის ხელმეორედ მხოლოდ 80-იან წლებში გაიხსნა.

„კვლავ დევნა დაიწყო, ჩვენი ლავრა დახურეს, გლინის უდაბნოც, სხვა მონასტრებიც. მაშინ კავკასიაში ბევრი გაემგზავრა... სოხუმში ჩავედი და ვიკითხე:

- სად არიან აქ მეუდაბნოენი?

- მშრალ მდინარეზე, - მითხრეს ტაძარში.

მოვძებნე ომისოფრე, პახომი... მჭვრეტელი ბერი პახომიც დამხვდა, ბერდიაკონი ონისოფრე კი ჩვენი ლავრიდან იყო“, - წერს მღვდელმონაზონი მარდარი.

გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას (გვაზავა), რომელიც სოხუმიდანაა, ახსოვს, რომ მეუდაბნოები პერიოდულად სოხუმის ტაძარშიც ჩამოდიოდნენ. მონაზვნებს, რომლებსაც დევნიდნენ, არ უნდოდათ ერში დაბრუნება. ამიტომ კიდევ უფრო მეტი განმარტოებისთვის მიუწვდომელ ადგილებში დასახლდნენ. უდაბნოები რამდენიმე ადგილას იყო: გუდაუთის ზევით, სადაც მონაზვნები 20-იანი წლების გასაბჭოების შემდეგ მოხვდნენ, კოდორის ხეობაში, ამტყელის - იმავე აზანთას - ტბასთან, მდინარე კელასურის ხეობაში.

„სოხუმის ტაძარში რამდენიმე ადამიანი ჩამოდიოდა ხოლმე უდაბნოდან. იყვნენ ხანშიშესულებიც და უფრო ახალგაზრდებიც. მათი რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა. ბოლშევიკური დევნის დაწყებიდან აფხაზეთის ომამდე და შემდეგაც ეს ხალხი იქ მუდმივად ცხოვრობდა, მიუხედვად დევნისა და იმისა, რომ მათზე ზოგჯერ ნადირობდნენ. ძალიან ღრმა სულიერების მქონე ადამიანები იყვნენ“, - ამბობს მეუფე ანდრია.

სოხუმის უდაბნოები

აფხაზეთის მთებში მოღვაწეობდნენ მე-20 საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) და მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა). ისინი მოგვიანებით თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში, გადმოვიდნენ. მეუფე ზინობი ტაძრის წინამძღვარი გახდა.

წიგნში „სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)“ , რომელშიც მამა ვიტალისთან დაახლოებული პირების მოგონებებია შეკრებილი, აღწერილია, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ მთებში ბერები.

სოხუმში წესივით იყო: პერიოდულად გროვდებოდა საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები და უდაბნოებში აგზავნიდნენ.
მეუფე ანდრია (გვაზავა)


დასასახლებლად სწორი ადგილი პრობლემა იყო - მდინარეზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა წყალი მეჩხერდებოდა. ამიტომ ტბის ნაპირთან დედათა სკიტისმაგვარი დასახლება ჩამოყალიბდა. აფხაზეთის მთებს არა მხოლოდ ბერები, არამედ დედათა მონასტრების წევრებიც აფარებდნენ თავს.

„ტბისპირა დედები შეარქვეს. ისინი სხვადასხვა მონასტრიდან იყვნენ, უმეტესად მოხუცები. 5-6 იქნებოდნენ... „სკიტი“ ძმებისთვის თავშესაფარი იყო, მგზავრობისას გასაჩერებელი პუნქტი. აქ ღამის გათევა შეიძლებოდა. შემდეგ ზოგი ქალაქში მიდიოდა, ზოგი კი პროდუქტებს იღებდა და უკან, მთებში, სენაკებში ბრუნდებოდა“.

დედებთან პროდუქტები მრევლს მოჰქონდა. საკვებს ზოგჯერ მალულად დათქმულ ადგილებზე ლოდებს შორის ჩამალულ სენაკში ტოვებდნენ. თვითონ ბერები ქალაქში თითქმის აღარ გადიოდნენ. საბჭოთა კანონი სასულიერო პირებს, რომლებიც სისტემას ემალებოდნენ, “მაწანწალებად” თვლიდა, რის გამოც ბერებს ციხეში სვამდნენ. გარდა შემოწირული საკვებისა, მონაზვნებს ჰქონდათ პატარა ბოსტნებიც, ველური ხილი და თაფლი.

მეუფე ანდრია: „სოხუმში წესივით იყო: პერიოდულად გროვდებოდა საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები და უდაბნოებში აგზავნიდნენ. მრევლი ამას დიდი სიხარულით აკეთებდა“.

12 სიტყვა დღეში

პერიოდულად მონაზვნებთან მნახველები, მორწმუნე ხალხი ამოდიოდა - სადამდეც გზა იყო, ავტობუსით, მერე - ფეხით. ერთ-ერთი მათგანი წიგნში მამა ვიტალისთან შეხვედრას იხსენებს და წერს, რომ სენაკს გარშემო სულ ნახვრეტები ჰქონდა, თაგვებმა კი მთელი მარაგი შეჭამეს.

„მხოლოდ 12 სიტყვის თქმა იყო ნებადართული... იქ არ ვსაუბრობთ, ვლოცულობთ, - გვიამბობდა მამა ვიტალი, - 12 სიტყვა უნდა მეთქვა. ვკითხავდი „რა მოვხარშო საჭმელად“? - და სამი სიტყვა ნათქვამი იყო. შემდეგ უკვე ნიშნებით ვსაუბრობდით“.

ამტყელის - იმავე აზანთას - ტბა

ტრაგედია ამტყელის ტბაზე

მამა მაკარი (პოპოვი) წიგნში „კავკასიის მთებში“ წერს: „კელია სიგრძეში 3 და სიგანეში 2 მეტრი იყო. სახურავი წაბლის ყავრით გადახურეს, ფანჯრებზე ცელოფანი გადაჭიმეს; კარი ანჯამების მაგივრად ჭოკზე დაამაგრეს; ღუმელი ბრტყელი ქვებისგან ააწყვეს“.

ამ ქოხში მამა იოანე და მამა ვლადიმერი ცხოვრობდნენ. ერთხელ გზის შესამოკლებლად ბერებმა გადაწყვიტეს მთით კი არ წასულიყვნენ, ამტყელის ტბა გადაეჭრათ. ქალაქში ორი საბურავი შეიძინეს, მასზე ფიცრები დააკრეს და ხელნაკეთი ტივით დაცურავდნენ, სანამ ერთხელ ქარმა ტივი არ გადააბრუნა. მამა იოანეს ცხედარი წყალმა გამორიყა, მაგრამ მამა ვლადიმერის ნეშტი ნაპირისგან მოშორებით იყო და მხოლოდ ორი თვის მერე გამოიტანეს.

„მონაზვნები ყოველდღე დიდი მწუხარებით უყურებდნენ მოტივტივე ცხედარს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ“, - წერს მამა მაკარი.

ეროვნულ არქივში შემორჩენილია უშიშროების ორგანოების მიერ გადაღებული ფოტო - საიდუმლო მონასტერი. მართალია, ეს არა აფხაზეთი, არამედ მცხეთის რაიონია, მაგრამ მაინც გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ სასულიერო პირები.

„მთელი რიგი საზღვარგარეთის საეკლესიო და სექტანტური ცენტრები, რომლებიც უცხოეთის დაზვერვათა კმაყოფაზე არიან, ცდილობენ საბჭოთა კავშირში მოაწყონ არალეგალური რელიგიური იატაკქვეშეთი.

1956 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებმა მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვთან, ტყის მასივში, აღმოაჩინეს მიწისქვეშა „კატაკომბური“ მონასტერი, რომელიც 14 სენაკისგან შედგებოდა. საეკლესიო მონარქისტული იატაკქვეშეთის მიმდევრები ღრმად, მიწისქვეშა მონასტერში ასრულებდნენ ჩვენს ქვეყანაში აკრძალულ წესჩვეულებებს“, - წერია ფოტოს დანართზე.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მიუხედავად აქა-იქ შემორჩენილი ცნობებისა, მთლიანობაში, საბჭოთა პერიოდში ღვთისმსახურების იატაკქვეშა საქმიანობა, განსხვავებით რუსეთისა და უკრაინისგან, საქართველოში პრაქტიკულად შეუსწავლელია.